თაბაშირ–ბურბუშელის ფილა: რა არის, სად გამოიყენება და რა მახასიათებლები აქვს

არც ერთი შენობა და რემონტი ტიხრების გაკეთებას, კედლების, ჭერის და იატაკის მოპირკეთებას გვერდს ვერ აუვლის. ამისთვის სხვადასხვა მასალა და ტექნოლოგია გამოიყენება. ასეთი მიდგომა მოსაპირკეთებელ სამუშაოებს ხშირად ართულებს და ღირებულებას ზრდის. „აი, ერთი, უნივერსალური მასალა რომ იყოს, რომელიც ტიხრებზეც გამოდგება, ნებისმიერ სამაგრს დაიჭერს, იატაკის დასაგებად, ასევე კედლების და ჭერის დასაფარად გამოდგება“ – ოცნებობენ მშენებლები. ასეთი მასალა უკვე არა ერთი ათეული წელია ბაზარზე იყიდება. ესაა თაბაშირ–ბურბუშელის ფილა. Novate ამ მასალის შესახებ დეტალურად გიამბობთ.

რისგან მზადდება თაბაშირ–ბურბუშელის ფილა?

თაბაშირ–ბურბუშელის ფილა მზადდება 3 კომპონენტისგან: თაბაშირი (83%), ხის ბურბუშელა (15%) და წყალი (2%). ხის ბურბუშელა შემავსებელი და გამაძლიერებელი ელემენტია, რომელიც ფილას მეტ სიმტკიცეს აძლევს. თაბაშირი გამძლე შემკვრელია. წარმოების პროცესში ხის ბურბუშელა და თაბაშირი ქუცმაცდება და სპეციალურ მოწყობილობაში ირევა, მათ ტექნიკური პირობების მიხედვით საჭირო ტენიანობას ანიჭებენ, შემდეგ თაბაშირ–ბურბუშელის ნარევისა და მისი დაპრესვისგან ნაყარი ხალიჩა იქმნება. დაპრესილ ფილებს აშრობენ, საჭირო ზომაზე ჭრიან და შემდეგ ტრანსპორტირებისთვის ასაწყობებენ.

თაბაშირ–ბურბუშელის ფილის მახასიათებლები და მსგავსი მასალებისგან განსხვავება

პირველი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ: თაბაშირ–ბურბუშელის ფილის გაზრდილი სიმტკიცე: გაღუნვაზე დიდ დატვირთვას უძლებს (12 მპა–მდე) – აქ ნარევში მოქნილი და ელასტიური ხის ბურბუშელა დიდ როლს თამაშობს. ის ფილას დიდ სიძლიერეს ანიჭებს. მასალა მექანიკურ დაზიანებებს შესანიშნავად უძლებს. 1-2 აქცენტირებული ჩაქუჩის დარტყმით ფილის გახვრეტა გაგიჭირდებათ.

თაბაშირ–ბურბუშელის სიმკვრივე – 1250 კგ/მ³. მასალა მძიმეა და ბევრი ამას უარყოფით მხარედ მიიჩნევს. გახსოვდეთ, რომ ასეთი სიმკვრივის და სტრუქტურის წყალობით ფილა ნებისმიერ სამაგრს იჭერს. მაგალითად, 12 მმ სისქის ფილაში ჩახრახნულ ერთ თვითხრახნს 100 კგ დატვირთვის გაძლება თავისუფლად შეუძლია (12 მმ სისქის თაბაშირ–ბურბუშელის ფილიდან ხრახნის ამოღების მიმართ წინააღმდეგობა მინიმუმ 97 ნ/მმ). ეს სიმტკიცის სერიოზული მაჩვენებელია, ეს მსგავი ფურცლოვანი მასალებისთვის (თაბაშირ–ბოჭკოვანი, თაბაშირ–მუყაოს) მიუწვდომელია.

მნიშვნელოვანი პუნქტი: უსაფრთხოება, როგორც სახანძრო, ასევე ეკოლოგიური. თაბაშირ–ბურბუშელის ფილა ტოქსიკურ და შხამიან კომპონენტებს არ შეიცავს. მასალა როგორც საცხოვრებელ, ასევე საბავშვო დაწესებულებებში გამოსაყენებლად რეკომენდებულია. მასალა G1 კლასს მიეკუთვნება, დაბალ აალებადი მასალაა. თაბაშირი ხის ბურბუშელას ცეცხლისგან იცავს, წვის და კვამლის წარმოქმნის პროცესს ხელს არ უწყობს.

ხმის იზოლაცია. თაბაშირი შესანიშნავი ხმის შთამნთქმელია, თაბაშირ–ბურბუშელის ფილას ხმის იზოლაციის მაღალ თვისებას ანიჭებს. ასეთი ფილების ტიხარი 47 დბ–მდე ხმას არ ატარებს.

ტენიანობის ცვლილებისადმი მედეგობა. თაბაშირ–ბურბუშელის ფილას დაბალი ხაზოვანი გაფართოება და დაბალი შესიების მაჩვენებელი აქვს (ტენიანობის მკვეთრი შეცვლის შემთხვევაში). არატენმედეგი თაბაშირ–ბურბუშელის ფილის ხაზოვანი გაფართოება – 0,07% ტენიანობის 30-დან 80%–მდე ცვლილების დროს, მაქსიმალური წყლის შთანთქმა წყალში 2 საათში – სტანდარტული ფილის შემთხვევაში 30%, ხოლო ტენმედეგი ფილისთვის – 10%, რაც სისქის ზომის ცვლილებაში აისახება – 2% ჩვეულებრივი ფილა და 0,2% ტენმედეგი ფილა.

თაბაშირ–ბურბუშელის ფილის ერთ–ერთი თვისებაა ოთახში ტენიანობის რეგულირება. ჭარბტენიანობის დროს ტენს იწოვს, ასე ოთახს აშრობს, ხოლო მისი ნაკლებობის დროს, პირიქით, ტენს იძლევა.

მასალა გამოდის სტანდარტული და ტენმედეგი სახით. სტანდარტული თაბაშირ–ბურბუშელის ფილის ზომები:  (3000,2500,500)х1250х10 მმ; (3000,500)х1250х12 მმ. ტენმედეგი ფილის ზომები: (3000,2500,500)х1250х10 მმ; (3000,500)х1250х12 მმ.

ნაკლოვანებები და კრიტიკა

სხვადასხვა სამშენებლო ფორუმსა და სტატიაში აღინიშნება თაბაშირ–ბურბუშელის ფილის 4 ძირითადი ნაკლოვანება.

  • დიდი წონა.
  • გარე ფასადში გამოყენების შეუძლებლობა.
  • დამუშავების სირთულე და ბევრი მტვერი ამ დამუშავების შედეგად;
  • მაღალი ფასი;

თავად დაასკვენით, ეს ნაკლოვანებაა თუ უმიზეზო კრიტიკა. ამ „ნაკლოვანებებს“ მოკლედ განვიხილავთ.

დიდი წონა. გადაზიდვის და ჭერის მოპირკეთებისას პრობლემაა. წონა მასალის სიმკვრივის მეორე მხარეა, რომელიც დარტყმის, მექანიკური დატვირთვის მიმართ მაღალ გამძლეობას და სიმტკიცეს იძლევა. ასეთი მასალის ტიხარზე შეგიძლიათ ავეჯი, სანტექნიკა, საინჟინრო აღჭურვილობა, სპორტული ინვენტარი ჩამოკიდოთ. მაღალი მექანიკური გამძლეობის გამო შავი იატაკის და მშრალი მოჭიმვის დროს გამოიყენება.

მეორე პუნქტი სასაცილოა, რადგან თაბაშირ–ბურბუშელის ფილა ფასადის მოსაპირკეთებელი მასალა არაა. ამ მიზნით ათობით სხვა მასალა არსებობს. ამის მიუხედავად, ტენმედეგი თაბაშირ–ბურბუშელის ფილა მრავალშრიანი კედლის პანელის (შიგნიდან და გარედან ფილებით დაფარული) კონსტრუქციაში არამზიდი კედლის გარე შემოსაზღვრული კონსტრუქციის მოსაწყობად შეგიძლიათ გამოიყენოთ ვენტილირებადი ფასადის სისტემასთან ან დამცავ დეკორატიულ მოპირკეთებასთან ერთად.

დამუშავების საკითხი სადავოა. თაბაშირ–ბურბუშელის ფილას დანით ვერ გაჭრით ისე, როგორც თაბაშირ–მუყაოს ან თაბაშირ–ბოჭკოვან ფილებს, თუ ამ მხრივ შევადარებთ. ამ მასალების შედარება განსხვავებული მახასიათებლების გამო საერთოდ არ შეიძლება. ერთადერთი, რაც აკავშირებთ, ფილის ფორმა და ნარევში თაბაშირია. თაბაშირ–ბურბუშელის ფილა ხის დასამუშავებელი ხელსაწყოთი ადვილად მუშავდება. შეგიძლიათ გახეხოთ, გაბურღოთ, დაღაროთ. რაც შეეხება მტვერს, არსებობს საცმები, რომლებიც რემონტის დროს მტვრის მოსაშორებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ. პროფესიონალ ხელოსანთან ამ პრობლემას არ გადააწყდებით.

მოსაპირკეთებელი მასალების საფასო პოლიტიკა დიდხანს შეგვიძლია განვიხილოთ. აქ, საბოლოო შედეგი უნდა გაითვალისწინოთ. მასალა შეიძლება იყოს ძვირი, მაგრამ ტიხარში ორი ფენა შეგიძლიათ არ გამოიყენოთ. მასზე ავეჯი და სხვა მძიმე საგანი შეგიძლიათ ჩამოკიდოთ. დამატებითი გამაძლიერებელი კარკასი და სხვა მოწყობილობა საჭირო არაა. არსებობს ბევრი სხვა ვარიანტი, სადაც შედეგი უფრო ძვირი დაგიჯდებათ.

თაბაშირ–ბურბუშელის ფილების გამოყენების სფერო

ნამდვილად უნვიერსალური მასალაა შიდა მოპირკეთებაში. როგორც სტანდარტული, ასევე ტენმედეგი თაბაშირ–ბურბუშელის ფილა შეგიძლიათ გამოიყენოთ:

  • ასაწყობი ბაზის დასამონტაჟებლად, იატაკის მოსაჭიმად. თაბაშირ–ბურბუშელის ფილას იყენებენ, თუ შენობის იატაკს მაღალი ხანძარსაწინააღმდეგო თვისებები მოეთხოვება.
  • ნებისმიერი სახის საცხოვრებელ შენობაში, ავტოფარეხსა და სამრეწველო შენობაში ჭერის, კედლის დასაფარად, ტიხრების გასაკეთებლად, ფანჯრის რაფის დასამონტაჟებლად, ზედაპირების გასასწორებლად.
  • კარკასული სახლის შიდა მოპირკეთებაში, საბოლოო მოპირკეთების საფუძვლად.
  • ფილის ზედაპირი ნებისმიერი მეთოდით შეგიძლიათ დაასრულოთ: კერამიკული ფილა, შპალერი, დეკორატიული ბათქაში, ლაქსაღებავი, ლამინატი, ლინოლეუმი.
  • მრავალშრლიანი კედლის პანელის (შიგნიდან და გარედან ფილებით დაფარული) არამზიდი გარე შემოსაზღვრული კონსტრუქციის მოსაწყობად ვენტილირებადი ფასადის სისტემასთან ან დამცავ დეკორატიულ მოპირკეთებასთან ერთად.

თაბაშირ–ბურბუშელის ფილა, როგორც ჩვეულებრივი მოსაპირკეთებელი მასალა, ხის ან ლითონის პროფილის ჩარჩოში ორმხრივი ხრახნებით (15 მმ) ისმება. დამაგრების ნაბიჯი – მინიმუმ 250 მმ. ფილის კიდიდან დაშორება – 10 მმ, თვითხრახნების შერევა ვერტიკალურად ორ მიმდებარე ფურცელზე – მინიმუმ 10 მმ, თვითხრახნი კარკასში მინიმუმ 10 მმ–ით უნდა შევიდეს. თვითხრახნის თავი თაბაშირ–ბურბუშელის ფილაში დაახლოებით 1 მმ–ით ჩაღრმავებული უნდა იყოს. ფილები კარკასში ისმება ერთმანეთს მიდებით 2-3 მმ ღრიჭოთი – ირიბი კიდისთვის, და 5-7 მმ – სწორი კიდისთვის. ასევე ფილასა და ჭერს შორის 5 მმ, ხოლო ფილასა და იატაკს შორის 10 მმ ღრიჭო უნდა დატოვოთ. თაბაშირ–ბურბუშელის ფილების პირაპირები თაბაშირის ფითხით ივსება.