7 შეცდომა აივნის გაფორმებაში, რომელიც კომფორტს, სილამაზესა და მყუდროებას ართმევს

აივნის, როგორც ნებისმიერი სხვა პატარა ოთახის გაფორმება მნიშვნელოვანი საკითხია. ოთახი არა მხოლოდ ლამაზად უნდა მოაწყოთ, რომ Pinterest–ის ფოტოების მსგავსი გამოვიდეს, არამედ ფუნქციურიც უნდა იყოს, რაც 2-3 მ² ფართობზე რთულია. Novate გიზიარებთ ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს, რის გამოც აივანზე თავისუფალი დროის გატარება არ გვსურს, არადა პირიქით უნდა იყოს.

შეცდომა 1: ოთახის დანიშნულება ვერ განსაზღვრეს

ზოგჯერ აივნისგან ბევრს ითხოვენ: ფინჯანი ყავის დასალევად დაჯდომა და მზის ჩასვლის ყურება, კონსერვებისთვის კარადის დადგმა, ველოსიპედისთვის კუთხის გამოყოფა. შედეგად, ნივთების საწყობი იქმნება და არა მყუდრო ოთახი. გახსოვდეთ, რომ აივნის ფართობი ძალიან შეზღუდულია, ამიტომ ჯერ გაარკვიეთ, რა როლს შეასრულებს (კაბინეტი, დასასვენებელი ზონა, სათამაშო, ბიბლიოთეკა, საკუჭნაო და სხვა). ამის შემდეგ მიხვდებით, რომელი ავეჯი სჭირდება ოთახს და რომელზე შეგიძლიათ თამამად უარი თქვათ.

მაგალითად, თუ აივანზე სასადილო ადგილს ხედავთ, ფანჯრის რაფა ბარის დახლად გადააკეთეთ, ხოლო გვერდით მაღალი სკამები დადგით. კაბინეტის შემთხვევაში საკმარისია კომპაქტური მაგიდა რამდენიმე უჯრით, წყვილი ჩამოკიდებული თარო და კომფორტული სავარძელი. დასასვენებელი ზონის მოსაწყობად ყავის მაგიდა და ორი რბილი სკამი ან დივანი ქვემოთ უჯრებით დაგჭირდებათ.

შეცდომა 2: მცენარეები დაავიწყდათ

მაშინაც კი, თუ მინიმალიზმის მოყვარული ხართ და ფიქრობთ, რომ დეკორი აივანზე საჭირო არაა, ოთახის მცენარეებისთვის გამონაკლისი გააკეთეთ. თუ ხმაურიან ქალაქში ცხოვრობთ, მნიშვნელოვანია, რომ ბინაში ბუნების კუთხე შექმნათ. თუ ოთახში დიდი ქოთნის ადგილი არ გაქვთ, ვერტიკალური გამწვანება გამოიყენეთ. ეს აივნის ინტერიერის დიზაინში მოდური ტრენდია, ამიტომ არა მხოლოდ ლამაზი, არამედ აქტუალური, თანამედროვე გამოვა. მცოცავი მცენარეები გამოიყენეთ ან ყვავილები კედელზე ან სტელაჟზე ვერტიკალურად განათავსეთ.

კიდევ ერთი ვარიანტი: სტაბილიზირებული ხავსი. მას ბევრი უპირატესობა აქვს. პირველ რიგში, იდეალურია, თუ არ გიყვართ ცოცხალი მცენარეების მოვლა: მორწყვა, გამოკვება, გადარგვა და ა.შ. მეორეც, სხვადასხვა მეთოდით შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, ნახატად, გამყოფ ელემენტად, მთელი კედლის დეკორად. ხავსი ადვილად მონტაჟდება. მძიმე კონსტრუქციები და მიწა არ სჭირდება. მესამეც, ხარისხიანი და გამძლე ხავსი არ ხუნდება და მუქდება, ბუნებრივ მწვანე შეფერილობას დიდხანს ინარჩუნებს, ინტერიერში კაშკაშა ფერები გარანტირებულია. მეოთხეც, ხავსი დამატებით ხმის იზოლაციას ქმნის, რაც მნიშვნელოვანია, თუ მრავალსართულიან კორპუსში თხელი კედლებია და ყველაფერი ისმის, რაზეც მეზობლები საუბრობენ.

შეცდომა 3: ცივი დიზაინი აირჩიეს

აივანი მყუდრო ადგილია, ამიტომ მკაცრად ან ლაკონურად არ უნდა მოაწყოთ. მინიმალისტურ და სკანდინავიურ სტილშიც შეგიძლიათ გადააჭარბოთ და ასე ოთახში ყოფნა არაკომფორტული გახდება. ინტერნეტში „აივნის ინტერიერის“ ფოტოებს გადახედეთ. ხავერდის დივანი დეკორატიული ბალიშებით, დაწნული ავეჯი, დასაკიდი სავარძელი, გირლანდები ჭერში, მყუდრო ნათურები რბილი სინათლით, ნაქსოვი პლედი და, რა თქმა უნდა, ოთახის ყვავილები – ეს დეტალები აივანს ცოცხალ ოთახად აქცევს, სადაც მთელი თავისუფალი დროის გატარება გვსურს.

დრო და ძალა არ დაზოგოთ, რომ მისი ინტერიერი კარგად მოიფიქროთ. ოთახი გაავსეთ საყვარელი ნივთებით, ორიგინალური აქსესუარებით (ლარნაკი, პოსტერი საინტერესო ჩარჩოში, ნაქსოვი აბაჟური), რატანის ავეჯით, ნაქსოვი ტექსტილით. იდეალურის შექმნა არ სცადოთ, რადგან ცივ ინტერიერში შალის მოფარების სურვილი გაგიჩნდებათ. დაე, ატმოსფერო თბილი, მყუდრო და შვების მომგვრელი იყოს.

შეცდომა 4: კაშკაშა ფერებს უპირატესობა მიანიჭეს

ამავე მიზეზით აივანზე მრავალმხრივი კაშკაშა ფერი არ აირჩიოთ. ისინი ტვინს აქტივობისკენ უბიძგებენ. თუ აივანს კაბინეტად იყენებთ, მაშინ ასეთი ფერები საშიში არაა. თუ მოდუნება და განმარტოება გსურთ, ნეიტრალური და ლაკონური ფერები შეარჩიეთ. წითელი, ყვითელი, იასამნისფერი და სხვა ფერები სხვა ოთახისთვის შემოინახეთ.

ინტერიერი ძალიან ბრტყელი და მოსაწყენი რომ არ გამოვიდეს, ნათელი დეტალები დაუმატეთ. ეს შეიძლება იყოს პოსტერი ჩარჩოში, ბალიში დივანზე, პუფი, სანათის აბაჟური და ა.შ. ასე აივანი მყუდრო და მოდური გამოჩნდება.

შეცდომა 5: ავეჯის არასწორად განალაგეს

პატარა აივნის შემთხვევაში მისი პროპორციები და გეომეტრია გაითვალისწინეთ. მაგალითად, თუ გრძელი და ვიწროა, გრძელი კედლის გასწვრივ ავეჯის განთავსება დიდი შეცდომაა. ასე სამოძრაო ადგილი არ დარჩება. ბოლო კედლის გამოყენება უფრო ეფექტურია. კარადა ან პატარა დივანი ჩასვით. თუ ყველა მხრიდან ფანჯარაა და ყრუ კედელი არ გაქვთ, მაშინ სათავსო და ავეჯი აივნის ქვედა ნაწილში მოათავსეთ. პოდიუმის გაკეთებაზე დაფიქრდით, რომელიც სათავსოს და დასასვენებელ ზონას გააერთიანებს.

შეცდომა 6: აივნის მდებარეობა არ გაითვალისწინეს

სანამ ოთახის გაფორმებაზე გადახვალთ, გაარკვიეთ, რომელ მხარეს გადის ფანჯარა, ჩრდილოეთით თუ სამხრეთით. თუ ამ მომენტს უგულებელყოფთ, კაბინეტი შეიძლება გააკეთოთ სამხრეთ მხარეს, სადაც ბევრი მზის სინათლის გამო ძალიან ცხელა. ასევე ოთახის მცენარეებმა შეიძლება ვერ გაიხაროს, თუ მზის სინათლე სჭირდება, მაგრამ ჩრდილოეთ მხარეს აღმოჩნდა.

აივანზე თავი მყუდროდ რომ იგრძნოთ, მისი დანიშნულება სინათლის რაოდენობის შესაბამისად შეარჩიეთ. სამხრეთ აივანზე საღამოსთვის დასასვენებელი ზონა მოაწყვეთ, სქელი ფარდა დაკიდეთ, რომ დღისით ოთახი ძლიერ არ გახურდეს და სინათლის მოყვარული მცენარეები დადგით. ჩრდილოეთ აივანზე შეინახეთ ბოსტნეული და კონსერვი ან კომფორტული სამუშაო სივრცე მოაწყვეთ.

შეცდომა 7: განათება არ გააკეთეს

ზოგჯერ ვფიქრობთ, რომ პატარა აივანს მიმდებარე ოთახის ჭაღის სინათლე ყოფნის. სინამდვილეში, საკმარისი არაა, განსაკუთრებით საღამოს ან ღრუბლიან ამინდში. სანათის გარეშე ინტერიერი პირქუში და არაკომფორტულია, ამიტომ ოთახში სადენი აუცილებლად გაიყვანეთ. წერტილოვანი განათება იდეალური ვარიანტია, მაგრამ თუ ჭერი მაღალია და აქცენტის გაკეთება გსურთ, ორიგინალური ჭაღი შეარჩიეთ, რომელიც ყურადღებას იქცევს. თუ რემონტს ჯერ არ გეგმავთ, ბატარეაზე ან დამტენზე მომუშავე ნათურები გამოიყენეთ. ასევე დამაგრძელებელი შეგიძლიათ გამოიყენოთ და ტორშერი ან მაგიდის ნათურა შეაერთოთ.