ზაფხული, მზე, სიცხე: 8 სასარგებლო ხრიკი დამწვრობის დროს

ზოგჯერ ლამაზი რუჯის მიღების მცდელობისას ძილი გვერევა და მცხუნვარე მზეზე ძალიან დიდ დროს ვატარებთ. შედეგი დამწვარი კანია, რომელიც გვეწვის და გაწითლებული იერით საერთოდ არ გვახარებს. Novate გიზიარებთ რამდენიმე ხრიკს, რომელიც გამოგადგებათ, თუ ულტრაიისფერი სხივები თქვენს SPF კრემზე ძლიერი აღმოჩნდა.

ხრიკი 1: გაგრილდით

სახლში მისვლისთანავე გრილი წყლით სავსე აბაზანაში ცოტა ხნით ჩაწექით. აბაზანასთან ერთად შხაპიც შეგიძლიათ მიიღოთ, რომ სხეულის ტემპერატურა დაწიოთ და მზის დამწვრობის სიმპტომები გააქროთ. ამ პროცედურას შესანიშნავი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს. თუ შხაპის მიღების შესაძლებლობა არ გაქვთ, კომპრესი გაიკეთეთ. ამისთვის პირსახოცი სასმელი წყლით დაასველეთ და დამწვრობის ადგილზე დაიფინეთ (კიტრის ან პომიდვრის წვენის, ცივი, ყინულიანი შავი ჩაის გამოყენება დაშვებულია). გახურების მიხედვით გამოცვალეთ. თუ ქლორჰექსიდინი ან სხვა ანტისეპტიკური ეფექტის მქონე პრეპარატი გაქვთ, მისი გამოყენებით გამაგრილებელი კომპრესი გაიკეთეთ, რომ უფრო ეფექტური შედეგი მიიღოთ.

ხრიკი 2: ბევრი წყალი დალიეთ

მზის დამწვრობის შემდეგ, რომელიც, ჩვეულებრივ, კანის დიდ ფართობს მოიცავს, წყლის ბალანსის აღდგენა მნიშვნელოვანია. ბევრი წყალი (გაზიანი არა!) დალიეთ. ასე გაუწყლოების სიმპტომებს, ასევე ცხელების პირველ ნიშნებს მოიშორებთ. ალკოჰოლური სასმელები დროებით ამოიღეთ. ალკოჰოლი ორგანიზმს აუწყლოებს, ამიტომ ექიმები დამწვრობის დროს ნებისმიერი ალკოჰოლის ამოღებას გირჩევთ. ამავე მიზეზით ჩაი და ყავაც არ უნდა დალიოთ. ბალახების ნაყენით, მაგალითად, გვირილით ან პიტნით ჩაანაცვლეთ.

ხრიკი 3: კანი პანთენოლით დაიმუშავეთ

ყველა არ ენდობა სამედიცინო პრეპარატებს და მათ ხალხური საშუალებებით ცვლის. ეფექტურ პრეპარატებზე უარის თქმას არ გირჩევთ. მაგალითად, პანთენოლზე დაფუძნებულ საშუალებები. ასეთი მედიკამენტი ყოველთვის უნდა გქონდეთ სახლის აფთიაქში ნებისმიერი, არა მხოლოდ მზის დამწვრობის შემთხვევაში. გიამბობთ, რატომ არის მნიშვნელოვანი.

წყლის ბალანსის აღდგენის და გაგრილების შემდეგ აუცილებელია, რომ კანი დაიტენიანოთ, რომ არ გამოშრეს და უფრო ძლიერი ანთება არ გამოიწვიოს. პანთენოლი ამ ამოცანას შესანიშნავად უმკლავდება. გარდა ამისა, ანთებას ამცირებს და აღმდგენი ეფექტი აქვს, რის წყალობით დაზიანებული კანის აქტიურად შეხორცება ხდება.

ყურადღება მიაქციეთ, რომ პრეპარატის სპრეის ფორმით გამოყენება უმჯობესია. პირველ რიგში, მისი ტარება ადვილია, მეორეც, დამწვრობას ზედმეტად არ შეეხებით, რომ პრეპარატი შეიზილოთ. მესამეც, სპრეის კონსისტენცია მალამოსა და კრემზე უფრო მსუბუქია, ამიტომ ფორებს არ ავსებს.

ხრიკი 4: ვაშლის ძმარი წაისვით

ვაშლის ძმრის შემადგენლობა შეიცავს ბევრ ვიტამინს, მიკროელემენტს, ასევე ორგანულ მჟავას. არა მხოლოდ კანს აგრილებს და წმენდს, არამედ დაზიანებული კანის შეხორცებას აჩქარებს. ყურადღება მიაქციეთ, რომ ძმარი მხოლოდ 1–ელი და მე–2 სტადიის დამწვრობისას შეგიძლიათ გამოიყენოთ. თუ დამწვრობაზე ბუშტები გაჩნდა, მისი გამოყენება სახიფათოა.

ხრიკი 5: ალოე გამოიყენეთ

თუ სახლში პანთენოლი არ გაქვთ, მაგრამ ქოთანში ალოეს ზრდით, იღბლიანი ხართ. ამ მცენარის რბილობის წვენი ბუნებრივი ანტისეპტიკია, რომელიც კანს ატენიანებს და აღდგენას აჩქარებს. ეს ალოეში შემავალი ანტიოქსიდანტების და ამინომჟავების ხარჯზე ხდება. ალოე კარგი ტკივილგამაყუჩებელია, რომელიც სიწითლეს აქრობს, ნაწიბურის გაჩენას ხელს უშლის. წვენში შემავალი ფიტოჰორმონები (აუქსინი და გიბერელინი) ანთების საწინააღმდეგო თვისებებს ფლობენ, დამწვრობის სწრაფად შეხორცებას და დაზიანებული უჯრედების აღდგენას ხელს უწყობენ.

ალოეზე, როგორც პანთენოლზე, დაფუძნებული სააფთიაქო საშუალებები სახლის აფთიაქში აუცილებლად უნდა გქონდეთ, განსაკუთრებით ზაფხულში, როცა მზის დამწვრობის ალბათობა იზრდება.

ხრიკი 6: ტკივილგამაყუჩებელი და ვიტამინები მიიღეთ

დამწვრობის ხარისხის მიხედვით სხვადასხვა ინტენსივობის ტკივილს იგრძნობთ. მათ გასაქრობად არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები გამოიყენეთ. ამ კატეგორიაში შედის იბუპროფენი, პარაცეტამოლი და რიგი სხვა პრეპარატი.

შემდეგი მნიშვნელოვანი კატეგორია: ვიტამინები. აფთიაქში А, Е და С ვიტამინების შემცველი მედიკამენტები შეიძინეთ და 14 დღის განმავლობაში მითითებული დოზით დალიეთ. ეს საჭიროა, რომ ორგანიზმს ანტიოქსიდანტური მხარდაჭერა მიაწოდოთ და კანის რეგენერაცია დააჩქაროთ.

ხრიკი 7: ალერგიული შეშუპება მოიშორეთ

დამწვრობა მხოლოდ კანის სიწითლეს არ იწვევს, არამედ ალერგიულ შეშუპებას, რომელიც ჭარბი მზის გამო ჩნდება. მის გასაქრობად ანტიჰისტამინური პრეპარატები უნდა მიიღოთ. ლორატადინი და სუპრასტინი რეკომენდებულია. თუ აბების დალევა არ გსურთ, შეშუპების ადგილი ანტიჰისტამინური გელით დაიმუშავეთ. ეფექტს მაშინვე დაინახავთ.

ხრიკი 8: სწორი კრემი წაისვით

დაფიქრებულხართ, რატომ დაიწვით? ერთი საქმეა, როცა მზისგან დამცავი კრემის წასმა დაგავიწყდათ, მაგრამ მეორე, თუ ნახევარი ფლაკონი ჩაცალეთ, მაგრამ სასურველი შედეგი ვერ მიიღეთ. SPF–ის შერჩევისას მის შემადგენლობას ყურადღება აუცილებლად მიაქციეთ. მასში ორი კომპონენტი, თუთიის ოქსიდი და ტიტანის დიოქსიდი, უნდა შედიოდეს. მხოლოდ მათ შეუძლიათ კანის ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვა. თუ ეს ნივთიერებები შემადგენლობაში არაა, გამოდის, კრემი მხოლოდ კომერციული უსარგებლო ბრენდია.

როგორ ავიცილოთ თავიდან მზის დამწვრობა?

მზის დამწვრობის სამკურნალო მეთოდები განვიხილეთ, მაგრამ კარგი იქნებოდა, თუ უსიამოვნებას თავიდან აიცილებთ. პირველ რიგში, ულტრაიისფერი ინდექსი (UV) გაითვალისწინეთ. რაც უფრო მაღალია, მით უფრო სერიოზული დაცვა გჭირდებათ. ინტერნეტ სივრცეში იპოვით ცხრილს, სადაც მითითებულია, თუ რომელ ქვეყანასა და ქალაქშია მზე განსაკუთრებით სახიფათო. თუ UV ინდექსი 3–ზე დაბალია, მზისგან დამცავი საჭირო არაა, თუ 4-დან 7-მდეა, ზომიერი დაცვა გჭირდებათ, თუ 7-ზე მაღალია, მზეს უნდა დაემალოთ.

რამდენიმე რჩევა:

  • მზისგან დამცავი კრემი გამოიყენეთ. მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა გეგმა გაქვთ, პარკში სეირნობა, მაღაზიებში გავლა თუ სანაპიროზე გარუჯვა, მზისგან დამცავი საშუალების წასმა აუცილებელია. რაც უფრო მაღალია UV ინდექსი, მით უფრო მაღალი უნდა იყოს SPF დონე. კრემი არ დაგენანოთ. რამდენიმე წვეთი დამწვრობისგან ვერ დაგიცავთ. ზრდასრულ ადამიანს 6-7 კოვზი ლოსიონი სჭირდება, რომ საიმედოდ დაცული იყოს. ყელი და ყურები არ გამოგრჩეთ, რადგან სწრაფად იწვება.
  • კანის გახურებას არ დაელოდოთ. მზის დამწვრობა თავიდან შეუმჩნეველია, რადგან ქარი ან წყალი სანაპიროზე კანს აგრილებს. როცა პირველი სიმპტომი შესამჩნევი ხდება, უკვე გვიანია. ამინდს მოტყუების უფლება არ მისცეთ. როგორი ქარიანი ამინდიც არ უნდა იყოს, მზეს კანის დამწვრობაში ხელს ვერ შეუშლის.
  • მზეზე რამდენიმე წუთით გადით. თუნდაც გარუჯვას არ გეგმავდეთ, სანაპიროზე რამდენიმე საათით წოლა არ ღირს. მაქსიმუმ 15-20 წუთით და ისიც ჩრდილში. აპლიკაციებიც არის შექმნილი იმის გასაგებად, თუ რა პირობებში და რამდენი ხნით შეგიძლიათ მზეზე გაჩერდეთ. ამ სასარგებლო ინფორმაციის გადახედვას გირჩევთ.