7 პროდუქტი და კერძი, რომელთა სარგებელი გაზვიადებულია

მთელი ცხოვრება გვესმოდა, თუ რომელი საკვებია სასარგებლო და რომელს უნდა ავუაროთ გვერდი. ეს ინფორმაცია ჩვენს გონებაში იმდენად მყარად ჩაჯდა, რომ ჩაიში შაქრის ნაცვლად სტევიას ავტომატურად ვამატებთ, ყოველდღე წვნიანს ვამზადებთ და უცხიმო რძეს ვყიდულობთ. სწორად ვიქცევით? Novate გიამბობთ რამდენიმე პროდუქტსა და კერძზე, რომლებიც ისეთი სასარგებლო არაა, როგორც ვთვლით.

1. წვნიანი

ბავშვობაში დედა და ბებია ხშირად გვეუბნებოდა: „ჯერ წვნიანი ჭამე, შემდეგ დესერტი დააყოლე“. პირველი კერძი სასარგებლოდ ითვლება, რადგან უცხიმოა, მასში ბევრი ბოსტნეული, ანუ ვიტამინი, მინერალი და სასარგებლო ნივთიერება შედის. არსებობს მოსაზრება, რომ წვნიანი კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადებებს აფერხებს და გასტრიტისგან გვიცავს.

გასაგებია, რატომ ფიქრობენ ასე ჩვენი მშობლები: საბჭოთა კავშირის პერიოდში, როცა საკვები პროდუქტები დეფიციტში იყო, წვნიანი კუჭის გასავსებად მარტივი და იაფი მეთოდი იყო. ოჯახის წევრებს რომ ეჭამათ, კუჭისთვის სარგებელს ახსენებდნენ.

ჩვენ სულ სხვა ეპოქაში ვცხოვრობთ და რაციონის გამრავალფეროვნებაში ხელს არაფერი გვიშლის. წვნიანზე თამამად შეგიძლიათ უარი თქვათ, თუ ეს კერძი არ გიყვართ. ეს ჯანმრთელობაზე არ აისახება. საქმე იმაშია, რომ მეცნიერებს არ დაუდასტურებიათ ფაქტი, რომ წვნიანი კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მუშაობას აუმჯობესებს. გასტრიტის წინააღმდეგაც უძლურია. ექიმები გირჩევენ, რომ მავნე საკვები არ მიირთვათ და უპირატესობა მიანიჭოთ მსუბუქ კერძებს, ხოლო წვნიანი ამ სიაში ერთადერთი არაა.

წვნიანის სარგებელიც საეჭვოა. ბოსტნეული თერმული დამუშავებით ვიტამინების და მიკროელემენტების ნაწილს, მაგალითად, C ვიტამინს კარგავს. არსებობს მოსაზრება, რომ ისინი წყალში გადადის, მაგრამ რეკომენდებულია, რომ პირველი ბულიონი გადავასხათ. ჩაკეტილი წრეა.

2. იოგურტი

იოგურტი გემრიელი და სასარგებლო რძემჟავა პროდუქტია. მასში შედის იოდი, ფოსფორი, მაგნიუმი, კალიუმი, A, B, C, D ვიტამინები. იოგურტი იმუნიტეტს აძლიერებს, საჭმლის მონელებას აწესრიგებს, ორგანიზმიდან ქოლესტერინს გამოდევნის, წიდებისა და ტოქსინებისგან წმენდს. ეს ყველაფერი ნატურალურ პროდუქტს ეხება, რომელშიც დანამატები არაა. იდეალურია ხარისხიანი ინგრედიენტებით შინ მომზადებული პროდუქტი. აი, მაღაზიაში თაროებზე ხშირად იყიდება იოგურტი, რომელშიც მშრალი რძე და შემავსებელი კენკრის და ხილის სახით შედის. ასეთს სასარგებლო პროდუქტს ვერ უწოდებთ, რადგან ორგანიზმს შაქრით, სტაბილიზატორით, საღებავით, არომატიზატორით და სხვა უსარგებლო ნივთიერებით ავსებს. კუჭი ასეთი წახემსების შემდეგ მადლობას ნამდვილად არ გეტყვით.

ექიმები გირჩევენ, რომ იოგურტის არჩევისას მის შემადგენლობას ყურადღება მიაქციოთ. მარტივი უნდა იყოს: რძე და კვეთი. თუ პროდუქტი ძალიან მჟავეა, ახალი კენკრა, ხილი ან ცოტა თაფლი თავად დაუმატეთ. გახსოვდეთ, რომ ცოცხალი იოგურტის შენახვის ვადა მაქსიმუმ 1 კვირაა. თუ შეფუთვაზე უფრო დიდი ვადაა, გამოდის ვადის გასაზრდელად მავნე კომპონენტებს შეიცავს.

3. კისელი

კიდევ ერთი პროდუქტი ჩვენი ბავშვობიდან. კისელს ბებია ხარშავდა, სკოლასა და ბაღში გვატანდა და გვარწმუნებდა, რომ ვიტამინებით მდიდარია. ნამდვილად ასეა, თუ გავითვალისწინებთ, რომ კისელს ხილს და კენკრას უმატებენ, ხოლო ხანმოკლე ხარშვით სასარგებლო ნივთიერებები თითქმის არ მცირდება. პროდუქტი მიკროფლორაზე დადებით გავლენას ახდენს, სასარგებლო ბაქტერიების ზრდას აჩქარებს. ასევე სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს.

აქ უსიამოვნო დეტალი არსებობს, მასში სახამებელია. ეს რთული ნახშირწყალია, ამიტომ შაქრიანი დიაბეტის და სიმსუქნის დროს მენიუდან უნდა გამორიცხოთ. გარდა ამისა, ზოგიერთი კვლევის შედეგების თანახმად, რაციონიდან რთული ნახშირწყლების შემცირება არტერიულ წნევას არეგულირებს და განწყობას აუმჯობესებს.

4. უცხიმო პროდუქტები

ასეთ პროდუქტებს ჯანსაღს და დიეტურს ვერ უწოდებთ. მწარმოებლები ცხიმს სხვა კომპონენტებით ცვლიან. ხშირად იყენებენ რაფინირებულ შაქარს, რომელიც კალორიულობას ზრდის, ან შაქრის შემცველს, რომელიც მარტივი ნახშირწყლების მიმართ ლტოლვას ზრდის.

კიდევ რამდენიმე მიზეზი არსებობს, რატომ უნდა შეწყვიტოთ უცხიმო რძის, კეფირის, ხაჭოს და სხვა პროდუქტების მიღება:

  • თუ ორგანიზმს ცხიმები აკლია, ყველა ლიპიდს ინახავს, რომელიც საკვებთან ერთად ხვდება. ეს ზედმეტ კილოგრამებს იწვევს.
  • ამერიკის დიეტოლოგთა ასოციაცის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, უცხიმო პროდუქტების რეგულარული მიღება ნივთიერებათა ცვლას არღვევს.
  • ცხიმები კალციუმის ასათვისებლად აუცილებელია. მაგალითად, 100 გრამი ხაჭო 95 მილიგრამ ამ მიკროელემენტს შეიცავს. კალციუმის ასათვისებლად 9,5 მილიგრამი ცხიმია საჭირო. მარტივი მათემატიკური გამოთვლებით ვადგენთ, რომ ხაჭოში ცხიმის იდეალური პროცენტია 9 და არა 0. თუ უცხიმო პროდუქტს მიირთმევთ, ორგანიზმი კალციუმს ვერ აითვისებს.

5. მუსლი და ფანტელი

ოჰ, ეს რეკლამა, რომელიც ამტკიცებს, რომ მუსლი და ფანტელი იდეალური საუზმეა მათთვის, ვინც კვებას ყურადღებას აქცევს ან დიეტას იცავს. სინამდვილეში, ბევრი დეტალია, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ. პროდუქტის იარლიყი და შემადგენლობა დეტალურად შეისწავლეთ: მასში შედის შაქარი, ბადაგი, სიროფი, კარამელი და სხვა ადვილად ათვისებადი ნახშირწყალი. თუ კომპონენტების სიაში პირველია, გამოდის, დიდი რაოდენობით დაამატეს. ასეთი ფანტელი თითქმის უსარგებლოა, ხოლო ორგანიზმს ზიანი რომ არ მიაყენოთ, დღეში მაქსიმუმ ერთხელ უნდა მიირთვათ და თან აქტიურად ივარჯიშოთ.

გირჩევთ, მუსლი თავად მოამზადოთ, მზა პროდუქტს დაუმატეთ ინგრედიენტები, რომლებიც გიყვართ: კაკალი, ჩირი, შავი შოკოლადი. ასე შაქრის რაოდენობას დაარეგულირებთ, რაც მაღაზიაში ნაყიდი ვარიანტების შემთხვევაში შეუძლებელია.

6. აგავას სიროფი

სწორი კვების პოპულარობის ფონზე ბევრმა ადამიანმა შაქრის ნაცვლად შაქრის შემცვლელების გამოყენება დაიწყო და გულწრფელად სჯერა, რომ ის ნაკლებად კალორიული და უფრო სასარგებლოა. აიღეთ, აგავას სიროფი. ის 90% ფრუქტოზისგან შედგება. თუ დიაბეტიკი პროდუქტს მენიუში რეგულარულად ჩართავს, ორგანიზმი ნაკლებ ინსულინს გამოიმუშავებს, რაც სისხლში შაქრის დონის მატებას გამოიწვევს. ფრუქტოზის მიღება ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების დროს უკუჩვენებულია.

კიდევ ერთი მინუსი – ფრუქტოზა ლეპტინის ჰორმონის დონეს ამცირებს. ამ ჰორმონის ამოცანაა ორგანიზმს გააგებინოს, რამდენად მშიერია. თუ ლეპტინი ძალიან ცოტაა, ბევრს ვჭამთ, რაც სხეულის ფორმებზე ნეგატიურად აისახება.

7. კვერცხის ცილა

ადამიანები, რომლებიც სპორტით დაკავებულნი არიან, მხოლოდ კვერცხის ცილას მიირთმევენ, რადგან პროტეინს შეიცავს და კუნთების ზრდის საშენი მასალაა. კვერცხის გულზე უარის თქმა დიდი შეცდომაა, რადგან ის სასარგებლო ნივთიერების, კერძოდ, ბიოტინის ნამდვილი საწყობია. ეს ვიტამინი თმის, კანის და ფრჩხილების მდგომარეობას აუმჯობესებს. თუ კვერცხის გულს არ მიირთმევთ და მხოლოდ კვერცხის ცილას შეჭამთ, ბიოტინის მარაგი სხვა პროდუქტებით უნდა შეავსოთ. სხვათა შორის, შვრიაში ბევრია, მაგრამ „სამეფო“ ფაფის მოყვარული თითქმის არავინაა.