საფრანგეთში შუასაუკუნოვან ციხეს ძველი ტექნოლოგიის გამოყენებით 20 წელზე მეტია აშენებენ

ფრანგმა მეწარმემ, ისტორიის და ავთენტური არქიტექტორის დიდმა თაყვანისმცემელმა, გადაწყვიტა საკუთარი შუასაუკუნოვანი ციხის აშენება მხოლოდ იმ მასალების და ხელსაწყოების გამოყენებით, რომელთაც ოსტატები ძველად იყენებდნენ. ენთუზიასტებმა სამუშაოს ხელი მოკიდეს და თანამედროვე რეალობაში ხუროთმოძღვრების ძველი ტექნოლოგიების აღდგენას დათანხმდნენ. მათ ამწეების, ელექტრო ხელსაწყოების, ცემენტის გამოყენებაზე, ჩვეულ ტანსაცმელსა და სიკეთეებზე უარი თქვეს, რომ შუა საუკუნეების ეპოქაში სრულად ჩაძირულიყვნენ.

ბურგუნდიაში საოცარი შუასაუკუნოვანი ციხის გუედელონის (Guedelon Castle) მშენებლობა 20 წელზე მეტია მიმდინარეობს. ციხის აღსადგენად საფრანგეთის არქივებში დაცული ძველი ნახაზები გამოიყენეს. ინიციატორი იყო ფრანგი მეწარმე მიშელ გიიო, რომელიც გასული ეპოქის ავთენტური არქიტექტურით გატაცებულია. მან ჯერ კიდევ 1977 წელს იონის დეპარტამენტში სენტ–ფარჟოს ძველი მამულის ნანგრევები შეიძინა. ენთუზიასტმა ძმასთან, ჟაკთან ერთად მამული აღადგინა იმ ეპოქის საუკეთესო ტრადიციებით, როდესაც ის პირველად ააშენეს. ახალი მფლობელები არა მხოლოდ თანამედროვე ადამიანისთვის უჩვეულო გარემოში ცხოვრებით ტკბებოდნენ, არამედ დიდებულ წვეულებებს, აქტივობებს და ძველ ეპოქაში გასეირნების მსურველთათვის ექსკურსიებს აწყობდნენ.

ძველ სასახლეში ცხოვრების სურვილის ახდენამ ახალი საქმისკენ უბიძგა. გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს ექსპერტებმა, რომლებიც მამულის ტერიტორიაზე კვლევებს ატარებდნენ, გაარკვიეს, რომ ამ შენობის ქვეშ მე-13 საუკუნით დათარიღებული ციხის ნაშთებია. მოუსვენარი გიიოსთვის ეს ციხის აღდგენის ოცნება გახდა. ციხის მიახლოებითი ნახაზი არქივში იპოვეს. ფრანგი მეწარმე 2 წელი მშენებლობის დაწყების ნებართვას ითხოვდა, მაგრამ ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის დეპარტამენტი სახელმწიფოს დაცვის ქვეშ მყოფი სასახლის დანგრევას გონივრულად არ მიიჩნევდა.საბედნიეროდ, ამ ფაქტმა ენთუზიასტის გული ვერ გააგრილა და მსგავსი ციხის სხვა ადგილას აშენების ნებართვა მაინც მიიღო.

მან შეკრიბა ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ისტორიული არქიტექტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე მუშაობს. მამულთან ახლოს, გუედელონის ხელუხლებელ ტყესთან ახლოს (ციხესაც ეს სახელი შეარქვეს) იპოვეს ადგილი, სადაც ობიექტის ადგილმდებარეობა შესაფერისი და კანონიერი იქნებოდა. ტყის მასივი, გრანდიოზული მშენებლობისთვის შესაფერისი ნიადაგი და ქვიშაქვა მთის წყლებთან ერთად ქმნის იდეალურ ადგილს, სადაც არა მხოლოდ ციხის ნულიდან აშენება შეიძლება, არამედ მშენებლობის თანამედროვე მეთოდებსა და ცივილიზავიის სიკეთეზე უარის თქმა.

საინტერესო ფაქტი: მშენებლობის დაწყებამდე ფრანგმა არქიტექტორმა ჟაკ მულენმა ციხის ესკიზის და მაკეტის შექმნა დაიწყო. მულენმა არქივში ნაპოვნ ისტორიულ დოკუმენტებსა და ნახაზებზე დაყრდნობით, ასევე ისტორიკოსებთან, რომლებიც საფრანგეთის ისტორიული არქიტექტურული ობიექტების (მათ შორისაა ვერსალის პარკები და სასახლეები, სენდენის ბაზილიკა და ბევრი ძველი შენობა) რეკონსტრუქციაზე სპეციალიზირებულნი არიან, კონსულტანციის შემდეგ 2 წელში მომავალი მშენებლობის კონცეფცია წარადგინა. მკვლევარების და არქიტექტორების ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ სტრუქტურის ბაზად ფილიპ II ოგიუსტის მეფობის პერიოდში (1180-1223 წწ.) აშენებული თავდაცვითი ობიექტების სტრუქტურა გამოეყენებინათ.

პროექტით გათვალისწინებულია პატარა ციხის აშენება, რომელიც მთავარი სახლია, ხოლო მის გარშემო უნდა აღიმართოს 6 კოშკი (ყველაზე დიდი სამლოცველოდ გამოიყენება). ყველა ობიექტი ერთმანეთს მიწისქვეშა დერეფნებით დაუკავშირდება, რაც მათ შორის კომუნიკაციას გააუმჯობესებს და აღდგენილი ეპოქის მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებს.

მშენებლობა პროექტის დამტკიცებისთანავე (1997 წ.) დაიწყეს, მაგრამ ამ საქმეში ყველაზე უჩვეულოა ინიციატორის სურვილი, რომ მხოლოდ ის მასალა და ხელსაწყო გამოეყენებინათ, რომელიც შუა საუკუნეების ეპოქაში ხელმისაწვდომი იყო. გარდა ამისა, სამშენებლო მოედანზე იმ პერიოდის კანონები მოქმედებს. აქ არაა დენი, წყალი, მძიმე სამშენებლო ტექნიკა, თანამედროვე მასალა თუ ხელსაწყო. ყველაფერი, რაც საჭიროა ხელით და ძველი ტექნოლოგიის გამოყენებით იქმნება. დაწყებული ხელის ხერხით, ცულით, მექანიკური ამწეთი, ურიკით, ცხენების აღკაზმულობით და დამთავრებული საცხოვრებელი ქოხებით, მარტივი საყოფაცხოვრებო ნივთებითა და ტანსაცმლით. ამ ყველაფერს ხელოსნები და მოხალისეები აკეთებენ.

ძირითადი სამშენებლო მასალაა ქვა, რომელსაც უახლეს კარიერში ხელით მოიპოვებენ, ცხენებზე შებმული ხელნაკეთი ოთხვალით მოაქვთ. სამშენებლო მოედანზე ხის ბორბლებიანი ურიკებით ეზიდებიან. შემდეგ საქმეში ერთვებიან ქვისმთლელები, რომლებიც საჭირო ზომის აგურებს შაბლონის მიხედვით აკეთებენ და ამ მიზნით წინაპრების ხელსაწყოებს იყენებენ.

კედლების დასაგებად შემკვრელ ხსნარად იყენებენ ნარევს, რომელშიც მხოლოდ კირი, ქვიშა და წყალი შედის. სხვა შემთხვევაში პრიორიტეტი მიანიჭეს ხეს, რომელსაც პრიმიტიული ხერხით, საჭრეთელით და ცულით ამუშავბენ. სიმაღლეზე სამშენებლო მასალების ატანასთან დაკავშირებული სამუშაოს გასამარტივებლად იყენებენ ხელნაკეთ მექანიკურ ბორბალს, რომელიც ამწეს როლს ასრულებს.

აღსანიშნავია, რომ შუასაუკუნოვანი ობიექტის მშენებლობაზე მხოლოდ თავისი საქმის ენთუზიასტები მუშაობენ. ისინი ეპოქის აღდგენაში სრულად ჩაძირულნი არიან. ნებისმიერ მსურველს შეუძლია გახდეს ქვისმთლელი, კალატოზი, დურგალი, მჭედელი, მედაზგე, მეთუნე ან მქსოველი – მთავარია, რომ იმ პირობებში ცხოვრება და მუშაობა სურდეს, როგორც მე-12-13 საუკუნეებში იყო. მშენებლობის პროცესს და სწავლას პროფესიონალი ისტორიკოსები, რესტავრატორები, მშენებლები და გამოცდილი ხელოსნები უძღვებიან. თანამშრომლების მუდმივი შტატი 55-60 ადამიანია, დანარჩენი 300-600 მოხალისე სეზონზე, რომლებიც ბურგუნდიაში ცივილიზაციისგან შორს სილამაზის და სამუშაო პროცესის სიმძიმის შესასწავლად ჩამოდიან.

მშენებლობის ყველა მონაწილე გამონაკლისის გარეშე ცხოვრობს ხის ქოხში, ტილოს ტანსაცმელი აცვია, კოცონზე ან ღუმელში ამზადებს იმ მარტივ კერძებს, რომლებიც ამ ადგილებში მე-12-13 საუკუნეებში პოპულარული იყო. კერძის მოსამზადებლად გამოიყენება მარცვლეული და ფქვილი, რომელსაც წყლის წისქვილში ქვით თავად ფქვავენ. ბოსტნეულს ზრდიან, ფრინველს და შინაურ ცხოველებს უვლიან. ამით უმასპინძლდებიან ცნობისმოყვარე ტურისტებს, რომელთაც მშენებლობის მიმდინარეობა აინტერესებთ.

სხვათა შორის, ტურისტებს შეუძლიათ მშენებლობაში საკუთარი წვლილი შეიტანონ ან მასტერკლასში მონაწილეობა მიიღონ, სადაც შუა საუკუნეების ხელობის მთელ სირთულეს აჩვენებენ. განსაკუთრებით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ავთენტური ინტერიერის ქოხებში იცხოვრონ და შუასაუკუნოვანი კერძები მიირთვან.

აქ ტურიზმზე კარგ ფულს შოულობენ. ორგანიზატორების თქმით, ყოველწლიურად ეს თანხა 4,5 მლნ ევროს აღწევს, თუმცა თავიდან ინვესტიციების მოზიდვა საჭირო იყო. თავიდან რეგიონის ხელისუფლებამ, ზოგიერთმა ინსტიტუტმა და კომპანიამ, მათ შორისაა Caisse des dépôts et consignations და Electricité de France, ასევე მეცენატებმა (ზოგჯერ ანონიმურად) 400 ათასი ევრო გამოყო. ახლა დამატებითი ფინანსური ინვესტიციები არ სჭირდებათ, რადგან „შუასაუკუნოვანი“ მშენებლობის ორგანიზატორებმა ტურისტებისთვის შექმნეს რამდენიმე აქტივობა, რაც მშენებლობის შეუფერხებლად გაგრძელების საშუალებას აძლევთ.

აღსანიშნავია: მშენებლობის პროცესი უფრო რეალისტური რომ ყოფილიყო და ნებაყოფლობითი მუშების ამოცანა გაერთულებინათ, სამშენებლო ლეგენდა მოიგონეს. თითქოს დამკვეთია ერთგვარი ჯიუტი მიწის მესაკუთრე, რომელსაც სრული უფლება აქვს გააკონტროლოს სამუშაოები, გასცეს ბრძანებები, რომლებიც „გლეხებმა“ დაუყონებლივ უნდა შეასრულონ, მოითხოვოს ამა თუ იმ დეტალის გადაკეთება, თუ არ მოეწონება. ლეგენდარული ქრონიკაც იწერება, რომლის მიხედვით ციხის მშენებლობა 1228 წელს დაიწყო, ხოლო პროექტის დასრულება იგეგმება 1253 წელს, ანუ 2023 წელს. ვადა შეიძლება შეიცვალოს პანდემიის და სამუშაოს შეჩერების გამო. აჩქარებას არც არავინ გეგმავს, რადგან მშენებლობის იდეაა მთელი პროცესი თავიდან ბოლომდე ზომიერ ტემპში გაიარონ და ყველა სამუშაო ხარისხიანად შეასრულონ.

ამ დროისთვის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. ახლა შიდა მოპირკეთების და სამლოცველოს მოხატვის ეტაპი იწყება. მასში მონაწილეობას იღებენ შემოქმედებითი ადამიანები, რომლებმაც ორგანიზატორების მიერ მოწყობილი შესარჩევი კონკურსები გაიარეს. „ჩვენი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ციხე ყველას ეკუთვნის. მოდით და შეძლებთ გახდეთ  ქვისმთლელი, რომ ეს სილამაზე დაინახოთ. ჩვენ, ყველა ერთნაირ მღელვარებას ვგრძნობთ, როცა რაღაც ლამაზს ვხედავთ. ეს სილამაზე მხოლოდ ელიტისთვის განკუთვნილი არაა. ამ სილამაზეს საკუთარი ხელით, თავითა და გულით ვაშენებთ“ – ნათქვამია სხვადასხვა ონლაინ პლატფორმაზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.