ანტიკური ხანის 9 ძეგლი, რომლის შექმნის საიდუმლო დღემდე ამოუხსნელია

კაცობრიობა ნებისმიერ დროში არა მხოლოდ ქმნიდა (ხშირად ანადგურებდა), არამედ წინაპრების საიდუმლოებების ამოხსნას ცდილობდა. ნაპოვნი არტეფაქტები ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა, ამიტომ მკვლევარები ჩვენს პლანეტაზე ამა თუ იმ ობიექტის გამოჩენის მიზეზის გარკვევას ცდილობენ. მეცნიერების (თან არა ერთი თაობის) უდიდესი ძალისხმევის მიუხედავად ზოგიერთი სტრუქტურის შექმნის საიდუმლო დღემდე ამოუხსნელია.

1. მეგალითური კომპლექსი ქარაჰუნჯი ან ზორაც-ქარერი (სომხეთი)

სომხეთში, სიუნიქის პროვინციაში უძველესი მეგალითური კომპლექსია, რომელიც უკვე 7,5 ათას წელზე მეტისაა. ყველამხრივ იდუმალებით მოცული და საოცარი ობიექტი 200 ვერტიკალურად დადგმული ქვისგან შედგება, მათი სიმაღლე 3 მეტრამდე აღწევს, წონა – 50 ტონამდე. იმის გათვალისწინებით, რომ ქვების უმეტესობას ორპირი ნახვრეტი (5-7 სმ) აქვს, გასაკვირი არაა მკვლევარების მოსაზრება, რომ ქარაჰუნჯი ან ზორაც-ქარერი მსოფლიოში უძველესი ობსერვატორიაა. ამ ვერსიას ნაწილობრივ ამყარებს ძველი ბერძნების კვლევები, სადაც აღნიშნულია, რომ თანავარსკვლავედების შესახებ ყველა მათი რუკა ეფუძნება წინა რუკებს, რომლებიც არარატის ქვეყნიდან მოიტანეს.

საპირისპირო შეხედულება: მსხვილი მეგალითური კომპლექსის შესახებ მეცნიერების აზრები იყოფა. მკვლევარების ნაწილი ირწმუნება, რომ ჩვ.წ.–მდე 3-2 ათასი წინ გამოჩენილი კომპლექსი იყო საკულტო ობიექტი, უფრო ზუსტად წარმართული ტაძარი, რომელიც გორასამარხზე იყო აღმართული. მოსაზრება ეფუძნება იმ ფაქტს, რომ შემორჩენილი ნანგრევების მდებარეობა გარნის წარმართული ტაძრის პროპორციებს სრულად შეესაბამება. მეცნიერები დღემდე ვერ შეთანხმდნენ, თუ რა მიზნით აშენდა ძველი ობიექტი.

2. მოაის ქვის ქანდაკებები აღდგომის კუნძულზე (ჩილე)

მთელი მსოფლიოს მეცნიერები აღდგომის კუნძულზე მდებარე გიგანტურ ქვის ქანდაკებებს სწავლობს, მაგრამ საიდუმლოს ამოხსნას ვერ მიუახლოვდნენ. უცნობია, თუ ვინ, როდის და რისთვის დაიწყო უზარმაზარი ქანდაკებების კვეთა. ამ დროისთვის 900–მდე ქვის ქანდაკებაა ნაპოვნი, რომლებიც დრომ გაცვითა, მაგრამ მაინც შთამბეჭდავად გამოიყურება, განსაკუთრეებით პირველი ექსპონატები. უცნაურია, მაგრამ უძველესი მოაებს უფრო შთამბეჭდავი და ხატოვანი გარეგნობა აქვთ, ვიდრე გვიანდელ ქანდაკებებს, რაც უძველესი ცივილიზაციის დეგრადაციაზე საუბრობს. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ გიგანტურ ქანდაკებებს ადგილს რამდენჯერმე შეუცვალეს, მაგრამ ვერ გაარკვიეს, თუ როგორ აკეთებდნენ ამას კუნძულის ძველი მაცხოვრებლები.

საინტერესო ფაქტი: მხოლოდ 21-ე საუკუნეში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მოაის არა მხოლოდ უზარმაზარი თავი, არამედ გიგანტური ტანი აქვს, რომელიც მიწაში დამალული იყო. გათხრებისას აღმოაჩინეს შეტყობინებები, რომლებიც მონოლითურ ტანზე ამოკვეთილი იყო. აქ ნათქვამია, თუ როგორ მოგზაურობდნენ პოლინეზიელების წინაპრები წყნარ ოკეანეში კანოებით. ეს ძველი რომაული ცივილიზაციის გაჩენამდე დიდი ხნით ადრე იყო.

3. “ტერაკოტის არმია“ იმპერატორ ცინ შიხუანდის მავზოლეუმში (ჩინეთი)

გასული საუკუნის ბოლოს ჩინელი გლეხის შემთხვევითი ნაპოვნი გრანდიოზული აღმოჩენა და წინაპრების უდიდესი საჩუქარი გახდა, რომელიც კაცობრიობის უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის სიას შეემატა. მიწაში 8 ათასზე მეტი სრული ზომის თიხის ქანდაკება იპოვეს, რომელიც „ტერაკოტის არმიას“ ქმნის და ჩინეთის პირველი იმპერატორის ცინ შიხუანდის (გამეფდა ჩვ.წ–მდე 245 წელს) იმქვეყნიურ ცხოვრებას იცავს. უცნობია, რა ტექნოლოგია და მასალა გამოიყენეს ძველმა ჩინელმა ხელოსნებმა თიხისგან ამ უნიკალური ხელოვნების ნიმუშის შესაქმნელად, რომ დღემდე იდეალურ მდგომარეობაში შემორჩენილიყო. ყველაზე მეტად შთამბეჭდავია ქანდაკებების რეალიზმი, რადგან თითოეულ ქანდაკებას უნიკალური ფორმა, გამოხატული სახე, ჯარში სტატუსის შესაფერისი ტანსაცმლის ფორმა და იარაღი აქვს. გაუგებარია, ვინ იყო მსგავსი ხელოვნების ინიციატორი, რადგან იმ პერიოდში ჩინეთში ადამიანების და ცხოველების სრული ზომის ქანდაკებების შექმნის ტრადიცია არ არსებობდა.

4. უძველესი ქალაქი პეტრა (იორდანია)

ქალაქი პეტრა, რომელიც თანამედროვე იორდანიის წითელ ქვიშაქვებს შორის მდებარეობს, უძველესი დროიდან ადამიანის მიერ შექმნილი უნიკალური ქმნილებაა. ეს რომის იმპერიის პირველი ქალაქია, რომელიც აშენდა უდაბნოში, სადაც წყალი არაა. ყველა ნაგებობა მთის ქედის ფერდობზეა ამოკვეთილი, რაც უნიკალური ტექნოლოგია იყო, რომლის შესახებაც მაშინ არავინ იცოდა. არა მხოლოდ ძველი რომაელები იყვნენ გაოცებულნი. დღემდე ამოუცნობია, თუ რა მეთოდით ააშენეს ძველმა ნაბათებმა გრანდიოზული სტრუქტურები. ტაძრების, მავზოლეუმების და უბრალო შენობების ფასადები ხელით მოჩუქურთმებულია. ხელოსნები არ იყენებდნენ ხარაჩოებს, რადგან მაშინ ეს მოწყობილობა გამოგონილი არ იყო.

5. უძველესი ქალაქი ტიკალი (გვატემალა)

მე-17 საუკუნეში გვატემალას ჯუნგლებს შორის მაიას ტომის ერთ–ერთი უდიდესი ქალაქის, ტიკალის (მუტულის სამეფოს დედაქალაქი) ნანგრევები აღმოაჩინეს. იმ დღიდან მკვლევარებს მოსვენება დაეკარგათ. ისინი ცდილობენ ამოხსნან მრავალსაფეხურიანი პირამიდების საიდუმლობები, რომელთა თავზეც დიდებული ტაძრებია და სადაც დღემდე ისმის ექო, რომლის წარმოქმნის მიზეზის დადგენას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითაც ვერ ახერხებენ. ეს ახლაც ფანტაზიას აღძრავს იმის მიუხედავად, რომ მხოლოდ 6 დიდებული პირამიდაა შემორჩენილი. წარმოიდგინეთ, რა გრძნობებს იწვევდა ხმა, როცა ქალაქს 200-ზე მეტი პირამიდა ჰქონდა.

6. კოსტა–რიკას ქვის ბურთები

გასული საუკუნის შუა წლებში კოსტა–რიკაში ერთდროულად რამდენიმე ადგილას სწორი ფორმის ქვის ბურთები აღმოაჩინეს. ისინი როგორც სათითაოდ, ასევე ჯგუფურად განსაკუთრებული მეთოდით განლაგებულია. ეს მეცნიერებს საფუძვლიანი კვლევისკენ უბიძგებს. ამ დროისთვის გაარკვიეს, რომ ამ ტერიტორიაზე სფერული აღმოჩენები ჯერ კიდევ კოლუმბიამდელ ხანაში გამოჩნდა, თუმცა პერიოდის გავრცელება საკმაოდ შთამბეჭდავია. ზოგი მკვლევარი თვლის, რომ ბურთები ჩვ.წ.–მდე 200 წელს გაჩნდა. სხვები ირწმუნებიან, რომ ბურთის ფორმის ქვის ქანდაკებები არაუმეტეს 500 წლისაა. მათ გაჩენის მიზეზთან დაკავშირებული ვერსიებიც არსებობს.

ზოგიერთი გეოლოგი ამტკიცებს, რომ გრანიტის ბურთების სწორი ფორმა ბუნებრივი მოვლენაა (ვულკანური აქტივობის შედეგი). ვინაიდან მათზე გახეხვის მკაფიო კვალია, ამ ვარაუდს საფუძვლად არავინ იღებს. უფრო პოპულარულია მოსაზრება, რომ მსხვილი ბურთები მამულების წინ ძალაუფლების და საიდუმლო ცოდნის ხაზგასასმელად დასვეს, ასე განსაკუთრებულ კულტურულ–რელიგიურ მნიშვნელობას აწერენ. ერთ–ერთი ვერსიის მიხედვით დაჯგუფებულ ბურთებს სანავიგაციო და ასტრონომიულ მოწყობილობებად იყენებდნენ.

7. აკლდამა ნიუგრეინჯი (ირლანდია)

გორასამარხი ნიუგრეინჯი დღემდე აღმოჩენილი უძველესი ნაგებობაა და ერთ–ერთი ყველაზე იდუმალი ობიექტი ჩვენს პლანეტაზე, რომელიც სამეცნიერო სამყაროში დიდ დავას იწვევს. დერეფნული აკლდამა თანამედროვე ირლანდიის ტერიტორიაზე 5 ათას წელზე მეტი ხნის წინ გამოჩნდა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მასში თანამედროვეებისთვის მიუწვდომელი საიდუმლოებები იმალება. იმის მიუხედავად, რომ მავზოლეუმი ძველმა ირალნდიელებმა ქრისტეს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე ააგეს, მის ფორმებში თანამედროვე ბუნკერი და კოსმოსური ბაზა ადვილად შეგიძლიათ ამოიცნოთ.

ხალხურ ეპოსში ნიუგრეინჯის აკლდამა მოხსენიებულია, როგორც ფერიების გორასამარხი. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მას არა მხოლოდ დიდგვაროვანი ხალხის სარკოფაგად იყენებდნენ, არამედ საკულტო ობიექტად, რადგან ცენტარული კამერა ისეა შექმნილი, რომ ზამთრის ბუნიობის დროს (გარკვეულ დროს) მზის სხივები მკვეთად ანათებს.

8. მეგალითური სამარხები–დოლმენები ჩრდილოეთ და დასავლეთ კავკასიაში

ნიუგრეინჯის გორასამარხის ტოლია მეგალითური სამარხები–დოლმენები, რომლებიც ჩრდილოეთ და დასავლეთ კავკასიის ტერიტორიაზე მიმოფანტულია. ირლანდიური ნაგებობის მსგავსი ზომა და მასშტაბი არ აქვს, მაგრამ შემორჩენილ სიძველეებს შორის საპატიო ადგილს იკავებს. ამ დროისთვის დაახლოებით 3 ათასი ქვის ობიექტია ნაპოვნი, რომელიც ძველმა ხალხმა, რომელთაც სპეციალური მოწყობილობა, ტექნიკა (თითოეული ქვა რამდენიმე ტონას იწონის) არ ჰქონდათ, გამოთალეს, სიმბოლოები ამოკვეთეს, სამარხზე მიიტანეს და ერთმანეთს დაადეს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ნაგებობის დანიშნულება გასაგებია, მაგრამ შემორჩენილი საძვალეების მხოლოდ 6%–ია გამოკვლეული, ამიტომ ზუსტად არავინ იცის, რა სიურპრიზები ელით წინ. მანამდე ზოგიერთი სექტა დოლმენებს ზებუნებრივ ძალებს ანიჭებს, წინაპრების საფლავზე რიტუალებს ასრულებს.

9. უძველესი ქალაქი ტომბუქტუ (მალი)

დასავლელი დამპყრობლები უძველეს ქალაქ ტომბუქტუს „აფრიკის ელდორადოს“ უწოდებდნენ და მის უთვალავ სიმდიდრეზე ლეგენდებს ავრცელებდნენ. ნამდვილად ასე იყო, სანამ აფრიკის ტერიტორიაზე არ გამოჩდნენ მაროკოს სულთნის ჯარები და ევროპელები, რომლებიც ტომბუქტუს უთვალავ სიმდიდრეს ასწლეულები ეძებდნენ. თუ ადრეული შუა საუკუნეების პერიოდის შემორჩენილ სასახლეებს და მეჩეთებს გადავხედავთ, ადვილი მისახვედრია, რომ იმ პერიოდში, როცა ქალაქი მნიშვნელოვან სავაჭრო გზაჯვარედინზე მდებარეობდა, ნამდვილად აყვავებული იყო ისე, როგორც კონტინენტის არც ერთი რეგიონი. მძიმე თანამედროვე ვითარებისა და ისლამისტების მიერ ზოგიერთი ისტორიული არქიტექტურული ძეგლის განადგურების მიუხედავად, მკვლევარებს საქმე მაინც აქვთ, რადგან უძველეს ბიბლიოთეკაში შემორჩენილია წერილები, რომლებიც ჯერ კიდევ გასაშიფრია.