ღვინო, პომიდვრის პასტა: პროდუქტები, რომლებიც სჯობს გაყინოთ შენახვის ვადის გასაზრდელად

რას ინახავთ მაცივრის საყინულეში? ხორცს, თევზს, ნახევრად მზა პროდუქტებს? საყინულე უფრო ფუნქციურად შეგიძლიათ გამოიყენოთ. Novate გიამბობთ, რომელი პროდუქტები შეგიძლიათ თამამად გაყინოთ, რომ მათი შენახვის ვადა გაზარდოთ და სანაგვეში არ გადაყაროთ, თუ შემთხვევით მათი არსებობა დაგავიწყდათ.

1. ყველი

შესანიშნავი პროდუქტი გასაყინად. თუ ყველის დიდ ნაჭერს ყიდულობთ, თამამად მაცივარში შეინახეთ და არ შეგეშინდეთ, რომ გალღობის შემდეგ დაიფშვნება. უნდა დაჭრათ დაუყონებლივ? მაშინ ყველის ნაჭრები კონტეინერში ჩააწყვეთ და ჩაის კოვზი სიმინდის სახამებელი ან ფქვილი დაუმატეთ – ამ პატარა ხრიკით ნაჭრები ერთმანეთს არ მიეკვრება.

ყველიანი კერძების მოყვარულებს მოეწონებათ შემდეგი ხრიკი: დიდი ნაჭერი პარმეზანი ან ნებისმიერი სხვა ხმელი ყველი შეიძინეთ, ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ, სპეციალურ პაკეტებში გადაანაწილეთ და გაყინეთ. პროდუქტი რამდენიმე თვე შეინახება. კერძის მომზადებისას პაკეტი გახსენით, რამდენიმე ჩაის კოვზი ყველი ამოიღეთ და დანარჩენი კვლავ მაცივარში შეინახეთ.

2. ხილი და კენკრა

გალღობისას ყველა ხილი და კენკრა „გონზე ვერ მოდის“ (კერძოდ ის, რომელიც ბევრ წყალს შეიცავს), მაგრამ ზოგიერთი მათგანი დაბალ ტემპერატურას მშვიდად იტანს. ყველაფერი კარგად რომ წავიდეს, ხილი პერგამენტის ქაღალდზე გაყინეთ, შემდეგ შესაკრავ პაკეტში გადაიტანეთ. ხილი მაშინვე დაჭერით. ასე თანაბრად გაიყინება და თან დესერტის ან სმუზის მოსამზადებლად საჭირო რაოდენობის პროდუქტს მოხერხებულად აიღებთ.

3. პური

თუ მზად არ ხართ, რომ თუნდაც ლამაზი ფორმებისთვის ახალ გამომცხვარ პურზე უარი თქვათ, გამოდის, რომ პური ყოველთვის უნდა გქონდეთ და საცხობში ხშირად სიარული არ მოგიწიოთ. ხრიკი მხოლოდ სწორი რეცეპტით მომზადებულ კარგ პურთან მუშაობს. რა თქმა უნდა, გემრიელი უნდა იყოს.

პური დაჭერით, თუ დაჭრილი არაა. ღრმა კონტეინერში ჯვარედინად ჩააწყვეთ, რომ გალღობისას მთელ გუნდად არ იქცეს, თავსახური დაახურეთ და საყინულეში შეინახეთ. როგორც კი, საუზმეზე, სადილზე ან ვახშამზე პური მოგინდებათ, საყინულიდან საჭირო რაოდენობის პურის ნაჭერი ამოიღეთ, ღუმელში, მიკროტალღურ ღუმელში ან გრილზე შეათბეთ.

4. ხაჭო და ხაჭოკვერა

ნახევრად მზა პროდუქტები განსაკუთრებით კარგად იყინება. ასე დროს დაზოგავთ და საუზმის ან ვახშმის მომზადებას დააჩქარებთ. ცომი მოზილეთ, ხაჭოკვერა გააკეთეთ, ფქვილში ამოავლეთ და გაყინეთ. ამ ხრიკით ზარმაცული გირცით შეგიძლიათ გააკეთოთ – სასარგებლოა, რომ მოხარშვის წინ გაყინოთ, რადგან ასე უფრო მკვრივი ხდება და არ იშლება.

ახალი ხაჭოც შეგიძლიათ საყინულეში შეინახოთ. რამდენიმე კილოგრამი ხაჭო თამამად იყიდეთ, პაკეტებში (300, 400 ან 500 გრამიანი) გადაანაწილეთ და გაყინეთ. გახსოვდეთ, რომ ხაჭო ნელა უნდა გაალღოთ. საღამოს საყინულიდან მაცივრის ქვედა განყოფილებაში გადაიტანეთ – ღამით საჭირო მასას მიიღებს და დილით შეგიძლიათ ხაჭოკვერა შეწვათ ან ბლინები ხაჭოსთან ერთად მიირთვათ. სხვათა შორის, ხაჭოს მობრაწულიც კარგად იყინება. ესეც გაითვალისწინეთ.

5. სასმელები

პირველ რიგში, რძის გაყინვის წესებზე გიამბობთ, რადგან ერთ–ერთი მალფუჭებადი პროდუქტია. თუ რძეს მხოლოდ ყავას უმატებთ, გასაკვირი არაა, რომ დარჩენილი პროდუქტი მჟავდება და იღვრება. გაყინვა იდეალური ვარიანტია. დიდი ბოთლი შეარჩიეთ, რომელშიც თავისუფალი ადგილი დარჩება, რადგან გაყინულ სითხეს გაფართოება ახასიათებს. რძე სჯობს ბუნებრივად გაალღოთ, მიკროტალღური ღუმელის გამოყენების გარეშე. გამოყენების წინ კარგად აურიეთ.

წვენებიც კარგად იყინება. თუ რამდენიმე შეფუთვა წვენი ფასდაკლებით შეიძინეთ, დიდ ბოთლში გადაასხით, რომ გაყინულ სასმელს გასაფართოებელი ადგილი ჰქონდეს, და საყინულეში შეინახეთ.

კიდევ ერთი სასმელი, რომლის ნარჩენსაც ხშირად ღვრიან, ღვინოა. მთელი ბოთლის დაცარიელებას ყოველთვის ვერ ვახერხებთ. არადა მაცივარში რამდენიმე დღე შენახვა საკმარისია, რომ მისი გემო გაუარესდეს. გირჩევთ, რომ ფული ქარს არ გაატანოთ და მთელი ალკოჰოლი ბოლო წვეთამდე გამოიყენოთ. ღვინო ბოთლიდან ყინულის ფორმებში ჩაასხით და გაყინეთ. მოგვიანებით, სოუსების ან სხვა კერძების მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ.

6. გარნირები

გსურთ ვახშმის მომზადებამ ნაკლები დრო წაგართვათ? გარნირები გაყინეთ. დავიწყოთ ყველაზე პოპულარულით – კარტოფილის პიურე. ნაყინის კოვზი აიღეთ და პიურეს ულუფები საცხობ ქაღალდზე გადაიტანეთ. ასე გააგრძელეთ, სანამ პიურე არ დამთავრდება. ახლა გაყინეთ და გამაგრებას დაელოდეთ. შემდეგ შესაკრავ პაკეტებში ჩაყარეთ და შეინახეთ იმდენი ხნით, რამდენიც საჭიროა. გაყინული პიურე 2 თვე შეგიძლიათ შეინახოთ.

როგორც წესი, ბრინჯს მომზადების პროცესის დასაჩქარებლად ყინავენ. მზარეულები ამ ხრიკს ყავისფერ ბრინჯზე ხშირად იყენებენ, რომელსაც ჩვეულებრივ 50-60 წუთით მოხარშვა სჭირდება. ჯერ ბრინჯი პერგამენტზე გაყინეთ, შემდეგ პაკეტში გადაიტანეთ და საყინულეში შეინახეთ. გალღობილი მარცვლები უკეთ იწვება, წვნიანის ან მობრაწულის ინგრედიენტად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ხრიკით მომზადების დროს ზუსტად 1 საათით შეამცირებთ.

მაკარონიც შეგიძლიათ გაყინოთ. ბევრი პასტა მოხარშეთ და პატარა ულუფებად გაყინეთ იმის მიხედვით, თუ რამდენს მიირთმევთ ერთ ჭამაზე თქვენ და თქვენი ოჯახი. მოგვიანებით გალღობილი მაკარონი წვნიანის, მობრაწულის და სხვა კერძების მოსამზადებლად გამოგადგებათ. ყურადღება მიაქციეთ, რომ პაკეტი მაქსიმალურად ბრტყელი უნდა იყოს, ამიტომ დარწმუნდით, რომ დახურვისას ჰაერი კარგად გამოუშვით.

7. პომიდვრის პასტა

დიდი ქილა პომიდვრის პასტის ყიდვა, რომ ბორში ერთხელ მოამზადოთ და შემდეგ მაცივარში მისი არსებობა დაგავიწყდეთ? გვიყვარს, შეგვიძლია, ვაკეთებთ. ასე პასტაზე ობი ჩნდება და გადაყრა გვიწევს. გირჩევთ, რომ პომიდვრის პასტა ყინულის ფორმებში გადაიტანოთ და გაყინოთ. ასევე შეგიძლიათ პომიდვრის პასტა თავად მოამზადოთ. პომიდორი სუსტ ცეცხლზე თუშეთ. ნიორი, ახალი ბალახები და ზეითუნის ზეთი დაუმატეთ. გაცივებული ნარევი შესაკრავ პაკეტებში გადაიტანეთ და საყინულეში შეინახეთ. ეს უკეთესია, ვიდრე მაღაზიაში ნაყიდი პომიდვრის პასტა.