კრეატიულმა ამერიკელმა პატარა ავტოფარეხი იდეალურ საცხოვრებლად გადააქცია

უძრავ ქონებაზე ფასების სწრაფად ზრდის გათვალისწინებით გასაკვირი არაა, რომ ენთუზიასტები საცხოვრებლის მოსაპოვებლად ალტერნატიულ მეთოდებს ეძებენ. მაგალითად, ამერიკელი ახალგაზრდა ქალი ავიღოთ. ის მხატვარი, დიზაინერი, მშენებელი და შემდუღებელია, რომელმაც პატარა ავტოფარეხი კეთილმოწყობილ, მყუდრო და თანამედროვე საცხოვრებლად გადააქცია.

რას წარმოიდგენთ, როცა ავტოფარეხზე საუბრობთ? დიდი ალბათობით, გახსენდებათ მოკრძალებული ოთახი ავტომობილის გასაჩერებლად. იშვიათად, ხარახურით სავსე საწყობი წარმოგვიდგება. საზრიან ხალხს, რომელთაც ცხოვრება საკუთარი საცხოვრებლის მოსაპოვებლად ვარიანტების მოძებნას აიძულებს, ამ ოთახის გამოყენება არაპირდაპირი დანიშნულებით შეუძლია. ასე მოიქცა მინესოტში (აშშ–ს შტატი) მცხოვრები კრეატიული ქალი, რომელიც ადრე იპოთეკის ტყვეობაში იყო, ხოლო შემოსავლის მიღება უჭირდა.

იმისთვის, რომ უფულოდ ქუჩაში არ დარჩენილიყო, მიშელ დე ლა ვეგამ (Michelle de la Vega) გადაწყვიტა ცალკე მდგომი ავტოფარეხი გადაეკეთებინა, რომელიც წლები ცარიელი იყო. საქმიანმა და შემოქმედებითმა ადამიანმა, განათლებით მხატვარ–დიზაინერმა კიდევ რამდენიმე პროფესია შეისწავლა, რომ გეგმა განეხორციელებინა.

ცნობისთვის: მიშელ დე ლა ვეგა პროფესიით მხატვარია. მეუღლესთან ერთად ლითონის სახელოსნო გახსნა, სადაც ნაჭედ ნივთებს და დეკორებს ამზადებს. ჯერ კიდევ კარიერის დასაწყისში იწვევდნენ სხვადასხვა ხელოვნების ინსტალაციის შესაქმნელად, რომლებიც სიეტლის ქუჩებს ამშვენებს. სწორედ იქ მისი ნიჭი შეამჩნიეს. სწრაფმავალი ტრავმაის Sound Transit სადგურისთვის New Kent/Des Moines შექმნილი ქუჩის ქანდაკებები 2017 წელს საუკეთესო არქიტექტურულ ობიექტად დასახელდა, ამის შემდეგ ჟურნალმა City Arts Magazine მიშელი წლის მხატვრად დაასახელა.

როცა ცხოვრებამ მინესოტის სამხრეთ–აღმოსავლეთით მდებარე პატარა ქალაქში გადაიყვანა და ავტოფარეხის გადარქმნის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება მოუწია, არ დაიბნა და მაშინვე დაგეგმვა დაიწყო. ავტოფარეხის მოკრძალებული ზომების გათვალისწინებით, რომელიც მხოლოდ 1 ავტომობილის გასაჩერებლად იყო აშენებული, მიშელმა პატარა მინაშენის აშენება და 1 მეტრით სიმაღლის აწევა გადაწყვიტა. მან შედუღების აპარატზე მუშაობა ისწავლა, რომ ხელოსნებზე ფული დაეზოგა.

საბედნიეროდ, ავტოფარეხს 1 ფანჯარა უკვე ჰქონდა, ხოლო დანარჩენი მიშენებულ ნაწილში მანსარდის დონეზე გააკეთა, ასევე გასაშლელი მინის კარი დაამონტაჟა. ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ სახლი მზის სინათლით გავსებულიყო და თავი საკუჭნაოში არ ეგრძნო.

Novate–ს ინფორმაციით, მიშელმა ავტოფარეხის გადასაკეთებლად მეორეხარისხოვანი და გადამუშავებული ხის მასალა, ძველი ავეჯი გამოიყენა. ავტოფარეხის ძველი ლითონის კარადა განსაკუთრებით გამოადგა. მეზობლებიც ხარახურას არ აკლებდნენ.

სივრცე რომ არ შეეზღუდა, კედლების ან ტიხრების აშენებას არ გეგმავდა. არსებული ფართობი ზონებად ოსტატურად დაყო. აი, მიშენებულმა ნაწილმა საცხოვრებელი ფართო გახადა.

ამაღლებული ჭერის წყალობით საძინებლისთვის ადგილი შეიქმნა, რომელსაც დაბალი ჭერი აქვს, მაგრამ კომფორტულად დაძინება შეიძლება. სასიამოვნო გარემოს ხელს უწყობს სამი ფანჯარა, თეთრი კედლები და ჭერი, ხის აქცენტები სვეტების სახით, ფანჯრის ჩარჩოები, თითქმის ანტიკური ზარდახშა, რომელიც საწოლის ტუმბოდ და მასიურ ტიხრად შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ფართობის გაზრდის ხარჯზე მოაწყო სრულფასოვანი სააბაზანო ოთახი, სადაც დაამონტაჟა უნიტაზი, კერამიკის ნიჟარა, კარადა სარეცხი და კოსმეტიკური საშუალებების შესანახად. რაც მთავარია, ცალკე მდგომ აბაზანაში წყლის პროცედურების მიღება და მოდუნება შესაძლებელია.

ავტოფარეხი ღია საცხოვრებელ ზონად გადაიქცა, სადაც ცენტრალურ ადგილს იკავებს მისაღები ოთახი პატარა დივანით და ნამდვილი ბუხრით. გამძლე დახლი, რომელიც ჟურნალის მაგიდის და სასადილო მაგიდის როლს ასრულებს; რამდენიმე ღია თარო წიგნებისა და წვრილმანების შესანახად; ბარის ტყავის სავარძელი; რამდენიმე ლითონის ყუთი, სადაც ადრე ხელსაწყოები ინახებოდა; მრავალმხრივი ფოლადის ფიგურები (თავად შეადუღა); თუჯის ყუთები შეშის შესანახად; ლითონის კარადა და სტელაჟი; აგურის ჩანართი ბუხართან – ეს ყველაფერი ქმნის განსაკუთრებულ ინტერიერს, რომელშიც გადახლართულია რამდენიმე მიმართულება, დაწყებული ინდუსტრიული ჰაი–ტექით და დამთავრებული სოფლური სტილით.

სამზარეულოსთვის მთელი კედელი გამოყო, რომ შინაურული კერძების მოსამზადებლად ყველაფერი ჰქონოდა. უჟანგავი ფოლადის მაგიდა ღია თაროებით სამზარეულოს ავეჯს ცვლის. მსგავს სტილშია კედელზე დაკიდული თაროები, ცალკე მდგომი ნიჟარა და პატარა ფოლადისფერი მაცივარი, რომ ჰაი–ტექის სტილის სამზარეულოს ჰარმონიულად შერწყმოდა.

ამ საოცარ გოგონას საკუთარი პატარა (23 მ², საძინებლის გარეშე) სახლის მისაღებად დიდი დრო არ დასჭირვებია. მიშელი ცოტა ხნით გადაკეთებულ ავტოფარეხში ცხოვრობდა, მაგრამ გათხოვების შემდეგ ქმრის სახლში გადავიდა და „შვილი“ მიატოვა. ცოლ–ქმარმა ოჯახური ბუდის მოსაწყობად ავტოფარეხი გააქირავა, რომ მცირე დახმარება მიეღოთ. ამჯერად, მიშელმა ციცქნა სახლი სტუდიოდ გადააკეთა, სადაც ახალ პროექტებსა და არტ–ობიექტებზე დიდი ენთუზიაზმით მუშაობს.