მინიატურული იაპონური ავტოფურგონი სივრცის ოპტიმიზაციის საოცრებას წარმოაჩენს

საოცარია, როგორ ახერხებენ OKA Motor Company–ის იაპონელი დეველოპერები პლანეტის ყველაზე პატარა ფურგონებში კომფორტული მობილური სახლების მოწყობას. თუ გიჭირთ წარმოდგენა, როგორ შეიძლება გადაკეთდეს მხოლოდ 3,4 მ სიგრძის ფურგონი ასაწევი სახურავის გარეშე ფუნქციურ სახლად, სადაც სამი ავანტიურისტი არა მხოლოდ დასვენებას, არამედ კომფორტულ პირობებში დაძინებას და სადილის მომზადებას შეძლებენ, გთავაზობთ შეიხედოთ „საკრუიზო გემში“, სახელად Suzuki Every van.

მათ, ვისაც არა მთელი ქარავნით, არამედ პატარა კომპანიაში მოგზაურობა უყვართ, კომპანია OKA Motor Company–ის ახალ მიკრო კემპერს Oka Cozy–ს ღირსეულად დააფასებენ. ეს ცნობილი კომპანიისთვიის კემპერის პირველი მოდელი არაა, მაგრამ ამჯერად სპეციალისტები შორს გაიჭრნენ, რომ ავტოფურგონი 2-3 მოგზაურისთვის ნამდვილად მყუდრო მობილურ სახლად ექციათ. თან მისი კონსტრუქცია არ შეუცვლიათ და ასაწევი სახურავი არ დაუმატებიათ.

საინტერესო ფაქტი: გარდაქმნა დაიწყო იმით, რომ ორი უკანა სავარძლიდან ერთი მოხსნეს. ასე დამატებითი მოწყობილობებისთვის ადგილი გათავისუფლდა და კემპერის შესაძლებლობები გაფართოვდა. ახლა მობილური სახლით სამ ადამიანს გადაადგილება და ღამის გათევა შეუძლია. რა თქმა უნდა, სამი დიდი ადამიანი მასში ღამის გათევას ვერ შეძლებს, მაგრამ თუ საუბარია ახალგაზრდა ოჯახზე პატარა ბავშვით ან რამდენიმე მეგობარზე, ისინი არა მხოლოდ დასვენებას, არამედ გამოძინებას და გემრიელი ვახშმის ან ნოყიერი საუზმის მომზადებას შეძლებენ. რთული წარმოსადგენია, მაგრამ კემპერს ნამდვილი სამზარეულო აქვს, რომელიც ხანგრძლივი მოგზაურობისას კომფორტული ცხოვრებისთვის აუცილებელი ელემენტია. საოცარია, რომ ციცქნა მიკრო ფურგონში, რომლის სიგრძე 3,4 მ–ს არ აჭარბებს, ყველა აუცილებელი ზონა მოთავსდა.

სამზარეულოს ბლოკის დამონტაჟებას ერთი სავარძელი შეეწირა. სამზარეულო კემპერის მთელ სიგრძეზე, თითქმის მძღოლის სავარძლამდეა განთავსებული. გარდა იმისა, რომ სამზარეულო სრულფასოვანი დასვენებისთვის აუცილებელი ელემენტია, აქ მნიშვნელოვან მრავალფუნქციურ ელემენტად გადაიქცა, რომელსაც ავტოფურგონის საცხოვრებელი ნაწილის მთელი დიზაინი და ტრანსფორმაცია ეფუძნება.

სამზარეულოს ბლოკი საკმაოდ მინიმალისტურია, მაგრამ რამდენიმე გამოსაწევი უჯრის და ტრანსფორმაციული ელემენტების წყალობით დამატებითი ფუნქციები აქვს. მაგალითად, გვერდითა სამუშაო ზედაპირის ქვეშ მდებარეობს მიკროტალღური ღუმელი, რამდენიმე სათავსო პროდუქტების, დანა–ჩანგლის და სამზარეულოს აქსესუარების შესანახად. მანქანის გაჩერებისას, როცა მგზავრები კაბინას ტოვებენ, ბარის დახლი შეგიძლიათ გამოწიოთ და სასადილო მაგიდად გამოიყენოთ.

სამუშაო ზედაპირის ნაწილს აქვს ამწე მექანიზმი, რომლის ქვეშ მართკუთხა ნიჟარაა ჩაშენებული. აქ შეგიძლიათ დაიბანოთ ხელი, გარეცხოთ ხორცი, თევზი, ხილი/ბოსტნეული. აი, 18 ლიტრიან ზედა ჩატვირთვის მაცივარს შეგიძლიათ მიწვდეთ როგორც ფურგონის შიგნიდან სახურავის აწევით, ასევე გარედან, უკანა ღია კარში გამოცურებით. მის ქვეშ გათვალისწინებულია სასრიალო პანელი, რომელიც ქურის ზედაპირის დასადგამად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამ შემთხვევაში კერძის მომზადება ქუჩაში მოგიწევთ. ფურგონის გარეთ შეგიძლიათ მოაწყოთ საზაფხულო საშხაპე. საკმარისია, რომ გრძელი შლანგი ფურგონის უკანა ნაწილში მდებარე ნიჟარის ონკანს დაუკავშიროთ.

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ამით სამზარეულოს ბლოკის ფუნქციები არ მთავრდება. სამუშაო ზედაპირის საიმედო კონსტრუქცია ერთადგილიანი საწოლის საფუძველია. მის გასაშლელად სამუშაო ზედაპირში დამალული რამდენიმე პანელი უნდა გამოწიოთ, გასაბერი ლეიბი დადოთ და შემზღუდველი დააყენოთ, რომ მძინარე კაცი არ დაეცეს მათ, ვინც დივანზე ისვენებს. სამუშაო ზედაპირის გაზრდილის ზომის გათვალისწინებით (177×56სმ) ადვილი წარმოსადგენია, რომ ასეთ საწოლზე დაძინება დაბალ ადამიანს ან ბავშვს შეუძლია.

მთავარი საწოლი კეთდება მრავალფუნქციური და ტრანსფორმაციული დივანიდან, რომელიც სამზარეულოს კუთხის მოპირდაპირედ მდებარეობს. მოსახსნელი ბალიშები და მობილური საყრდენი უჯრები განლაგების რამდენიმე ვარიანტს ქმნის. თუ საჯდომებს წინ დახრით, ხოლო ბალიშებს სამზარეულოს ტუმბოდან გამოწეულ საყრდენ პანელებზე გადაიტანთ, საკმაოდ კომფორტული 85×182 სმ ზომის საწოლი გამოვა.

სადილობისთვის საკმარისია, რომ ბარის დახლი გამოწიოთ, ხოლო დივანის ბალიშები მის მოპირდაპირე მხარეებზე მოათავსოთ. ასე ორი ფართო რბილი პუფი გამოვა. ასე შეგიძლიათ დატოვოთ, თუ კომპიუტერთან მუშაობთ ან ნახაზებს აკეთებთ. დასასვენებლად და საკომუნიკაციოდ მაგიდა შეგიძლიათ დამალოთ. ასე გამოვა დიდი დივანი მაღალი ზურგით, სადაც სამი ადამიანი თავისუფლად დაეტევა.

Oka Comfort Cozy მოდელს უნიტაზი არ აქვს. ასეთი ოპტიმიზირებული სივრცეც რეზინის არაა და ყველაფერს ვერ იტევს, ამიტომ მოგზაურებს სპეციალურად მოწყობილ ავტოსადგომებზე ღამის გათევა მოუწევთ. და მაინც, სასმელი წყლის ჭურჭელი აქვს, რომელიც საჭმლის მოსამზადებლად, გასარეცხად და შხაპის მისაღებად შეგიძლიათ გამოიყენოთ.

სხვა დანარჩენში შეფერხები არ გელოდებათ. ელექტროენერგიის უზრუნველსაყოფად, კომპიუტერთან სამუშაოდ და ტელევიზორის საყურებლად დივანის ქვეშ მოთავსებულია 85 Ah სიმძლავრის ორმაგი ბატარეა და 1500 ვტ სიძლიერის ინვერტორი. თუ ფურგონის მფლობელი ისურვებს, შეუძლია 200 Ah მოცულობის ლითიუმის ბატარეაში გადაცვალოს.

Novate–ს ინფორმაციით, მინიატურული ავტოფურგონის Comfort Cozy გაუმჯობესებული ვარიანტის, რომლის ზომები შეადგენს 340 x 148 x 190 სმ (სიგრძე x სიგანე x სიმაღლე), სერიული წარმოება ამ წლის თებერვალში დაიწყო. კომპანიის ვებგვერდზე ძირითადი კომპლექტის ღირებულება დაახლოებით 28,3 ათასი დოლარია. 4WD მოფელის ფასი უკვე 29,4 ათასი დოლარიდან იწყება.