ავზში ვასხამ და ყველას ვურჩევ. რა სასწაულებს ახდენს ძმარი ტუალეტში

უნიტაზს ყველაზე ხშირად ქლორის შემცველი საშუალებებით ან აბრაზიული ფხვნილით ვწმენდთ, თუმცა უნიტაზს ნადებს ბოლომდე ვერ ვაშორებთ, იდეალურ სისუფთავეს, სითეთრეს და სუფთა ჰაერს ვერ ვიღებთ. Novate გირჩევთ, რომ ძვირადღირებული და ტოქსიკური ქიმიის ნაცვლად უბრალო ძმარი გამოიყენოთ. სცადეთ და არ ინანებთ. გიამბობთ, როგორი მარტივია!

რატომ არის ძმარი უნიტაზისთვის საუკეთესო სადეზინფექციო საშუალება

ძმარი ეკოლოგიური და ჩვენი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა, რაც მისი მთავარი უპირატესობაა. ძმრით მარტივად გაწმენდთ სააბაზანო ოთახს ბინასა თუ სახლში, სადაც პატარა ბავშვები ან შინაური ცხოველები ცხოვრობენ.

სარეცხი ქიმია, განსაკუთრებით ძლიერმოქმედი, ხშირად ძალიან ტოქსიკურია. გამოყენების შემდეგ ზედაპირიდან მისი მოშორება რთულია, თან ჰაერში მავნე ორთქლს გამოყოფს.

ძმარი მჟავაა, ესეც საკმაოდ ძლიერია, მაგრამ ტოქსიკური არაა. მისი დახმარებით ზედაპირს ნაქაფს, კირქვას და ნადებს მარტივად მოაშორებთ. ამავდროულად, უნიტაზისა და სხვა ზედაპირისთვის კარგი სადეზინფექციო საშუალებაა.

როგორ გავწმინდოთ უნიტაზი ძმრით

უნიტაზში ნადების, ჟანგის და ქვების მოსაშორებლად ერთ–ერთი ყველაზე მარტივი მეთოდი მასში ძმრის ჩასხმაა. დეტალური ინსტრუქცია:

  • წყალი გადაკეტეთ, რომ ავზი წყლით არ აივსოს.
  • ახლა ავზი წყლისგან დაცალეთ, რომ მასში და თავად უნიტაზში წყალი არ იყოს.
  • 0,5 ლ (ან ცოტა მეტი) 9%–იანი ძმარი გააცხელეთ. გაზავება საჭირო არაა.
  • ძმარი ადუღებამდე არ უნდა მიიყვანოთ, მაგრამ 50-60 გრადუსამდე უნდა გათბეს, რომ ორთქლის ამოსვლა დაიწყოს.
  • ცხელი ძმარი პირდაპირ უნიტაზში ჩაასხით. მთელი ღამით ან 5-7 საათით გააჩერეთ.
  • დილით უნიტაზი ჯაგრისით გახეხეთ. ქვას და ნადებს ადვილად მოაშორებთ.
  • წყალი ჩართეთ, ავზი წყლით აავსეთ და უნიტაზი ჩარეცხეთ.

მეთოდი ძლიერი დაბინძურების შემთხვევაში

თუ ლაქებიანი ან ძლიერ დაბინძურებული ადგილი დარჩა, რომელსაც ძმარი ვერ უმკლავდება, სოდის ნარევის გამოყენება სცადეთ. თავიდან სოდის გამოყენება მოგიწევთ. მოგვიანებით, რეგულარული გამოყენების შემდეგ საკმარისია, რომ ცხელი ძმარი უნიტაზში ჩაასხათ და მთელი ღამით გააჩეროთ.

მშრალი სოდა პირდაპირ უნიტაზში სქლად ჩაყარეთ. წინასწარ წყალი გადაკეტეთ და ავზი დაცალეთ. წყალში დასველებული ღრუბლით სოდა გახეხეთ ისე, რომ პასტის მსგავსი მიიღოთ. ნახევარი საათით გააჩერეთ.

სოდას შეგიძლიათ გაუზავებელი ძმარი მოასხათ. გირჩევთ, ძმარი პულვერიზატორში ჩაასხათ და შეასხუროთ. ნარევი მაშინვე აქაფდება. ჯაგრისი აიღეთ და ზედაპირი კარგად გაწმინდეთ. ახლა წყალი ჩაუშვით და სოდის ნარჩენები მოაშორეთ.

დეზინფექცია: ძმარი ავზში ჩაასხით

კიდევ ერთი კარგი ვარიანტი სანტექნიკის გასაწმენდად და სადეზინფექციოდ. აქ ძმარს არა უნიტაზში, არამედ ავზში ვასხამთ. რატომ? უნიტაზის ავზში ჩაიხედეთ და გაოცდებით. მასში სუფთა წყალი ხვდება, მაგრამ ქვა, ნადები, სოკო და ობი მარტივად შეიძლება გაჩნდეს. პერიოდულად ავზსაც გაწმენდა სჭირდება.

  • ავზი წყლისგან არ დაცალოთ. ძმარი წყალს დაუმატეთ. სავსე ავზზე 0,5 ლ 9%–იანი ძმარი საკმარისია.
  • ღამით გააჩერეთ, უნიტაზი ღამით არ გამოიყენოთ ან აირჩიეთ დღე, როცა სახლში არავინაა.
  • წყალი გადაკეტეთ და ავზი სრულად დაცალეთ. ჯაგრისით და ღრუბლით შიგნიდან კარგად გაწმინდეთ.
  • შემდეგ წყალი ჩართეთ და რამდენჯერმე ჩარეცხეთ, სანამ ბოლომდე არ გაიწმინდება.

ძმარი ნაკლებად ტოქსიკურია, ვიდრე აგრესიული ქიმია. სწორედ ამიტომ, არა მხოლოდ უნიტაზის, არამედ სხვა ზედაპირების საწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ.