გაქვთ იდეა, მაგრამ არა IKEA: სამზარეულოს ავეჯის 9 ვარიანტი შვედური ბრენდის სტილში

IKEA ბევრი სამზარეულოს მოდური გარეგნობის სპონსორია, თუმცა შვედური კომპანიის პროდუქცია ბევრ ქვეყანაში მიუწვდომელია. Novate გთავაზობთ შესანიშნავ იდეებს IKEA–ს სტილში, რომელიც ოთახის ინტერიერს დაამშვენებს.

1. ნახევრად ბარის სკამი

პატარა სამზარეულოში ბარის დახლი პოპულარულია, მაგრამ დიდ სამზარეულოში კუნძულს უპირატესობას ანიჭებენ. ითვლება, რომ კუნძული უფრო ფუნქციურია, არა მხოლოდ სამუშაო, არამედ სასადილო ზონის როლს ასრულებს და ბევრ ადამიანს იტევს. კუთხე მოდური, ჰაეროვანი და ჰარმონიული რომ გამოვიდეს, ნახევრად ბარის სკამები ლითონის ფეხებზე (საჯდომის სიმაღლე 65 სმ) შეურჩიეთ. თხელი ხაზები ავეჯს ძალიან მსუბუქს და დახვეწილს ხდის, ინტერიერს არ ტვირთავს. შეარჩიეთ ხავერდის გადასაკრავი ან რაიმე უფრო პრაქტიკულზე შეჩერდით და სკამი სატომრე ქსოვილის საჯდომით შეიძინეთ.

2. მყუდრო სავარძელი

მისაღები–სამზარეულოსთვის კომფორტული სავარძელი შეგიძლიათ შეარჩიოთ. ხის ფეხის მოდელებს უპირატესობა მიანიჭეთ. დაგვეთანხმეთ, ეს მასალა ნებისმიერ სივრცეს თბილს, მყუდროს და ატმოსფერულს ხდის. გადასაკრავის ფერი ნებისმიერი შეიძლება იყოს: ნათელი, ღრმა, ნეიტრალური – ყველაფერი საწყის ინტერიერსა და დეტალების ფერზეა დამოკიდებული. მაგალითად, თეთრ სამზარეულ–მისაღებ ოთახში ყვითელი სავარძელი შესანიშნავია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ინტერიერში ყვითელი ფერის აქცენტებია (ფარდა, ხელსახოცი, ჭურჭელი ღია თაროზე, ფერადი ქოთნები ფანჯრის რაფაზე და ა.შ.) თუ ოთახი ღია ფერებშია, ნეიტრალური სავარძელი სიჭრელის ხარისხს ოდნავ შეამცირებს.

3. მრგვალი მაგიდა

მრგვალ და კვადრატულ მაგიდებს შორის პირველი ვარიანტის არჩევას გირჩევთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ პატარა სამზარეულო გაქვთ, სადაც თითოეულ კვადრატულ მეტრს ოქროს ფასი აქვს. ასეთ გადაწყვეტილებას ბავშვებიანი ოჯახი დააფასებს. მშობლებს ნერვიულობა არ მოუწევთ, რომ ბავშვი შემთხვევით მაგიდის ბასრ კუთხეს გამოედება და დაშავდება. რაც შეეხება ფეხებს, ბევრი ვარიანტია: სტანდარტული ავეჯი ოთხ ფეხზე შეგიძლიათ აირჩიოთ, მაგრამ ავეჯი სამ ფეხზე ან საერთოდ ერთზე უფრო საინტერესოდ გამოიყურება. ასეთი მაგიდა ნებისმიერ დიზაინს იდეალურად მოერგება.

4. მობილური მაგიდა

საკმაოდ სპეციფიკური ავეჯი, რომელსაც, დიდი ალბათობით, მეგობრების ან ნათესავების ოჯახში ვერ ნახავთ, მაგრამ მის პრაქტიკულობასა და ფუნქციონალურობაში ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ. ინტერიერის ნივთი ყველაფერს იტევს. უჯრები, სტაციონალური და მოძრავი თაროები, პირსახოცის საშრობიც აქვს. ნებისმიერ კუთხეში შეგიძლიათ დადოთ და ბოსტნეული დაჭრათ ან სხვა კულინარიული საქმე მაქსიმალურად კომფორტულად შეასრულოთ. მასზე შეგიძლიათ დადოთ კერძები, რომლებიც სასადილო მაგიდაზე არ ეტევა. აქტუალურია დღესასწაულზე ან როცა სტუმრები მოდიან.

5. ეკოტყავის სკამი

ბევრს ასეთი მოდელი მოძველებულად მოეჩვენება, მაგრამ სინამდვილეში კლასიკაა, რომელიც ყოველთვის აქტუალურია. მსგავსი სკამები რესტორნებსა და კაფეებში ხშირად გვხვდება, მაგრამ სამზარეულოს ინტერიერშიც ცუდი არაა. ეკოტყავის მოვლა ძალიან მარტივია, ამიტომ გადასაკრავზე ნერვიულობა არ მოგიწევთ. რაც შეეხება საზურგეს, ლითონისაა და ნებისმიერი ფორმის და დიზაინის შეიძლება იყოს.

თუ უნივერსალური ვარიანტები მოგწონთ, რომელიც ნებისმიერ სტილში კარგად გამოიყურება, მაშინ სკამი შავი ლითონის ფეხებით, სატომრე ქსოვილის საჯდომით და საზურგით აუცილებლად მოგეწონებათ. როგორც სკანდინავიურ, ასევე მინიმალიზმის, ჰაიტექის ან თანამედროვე კლასიკის სტილსაც იდეალურად მოერგება. უნივერსალურია ნაცრისფერი, მაგრამ უფრო ღრმა ფერი შეგიძლიათ შეარჩიოთ (ღვინისფერი, ზურმუხტისფერი, ჟანგისფერი, ზეთისხილისფერი), თუ არსებულ გარემოში ჯდება.

შენიშვნა: სკამი ფოლადის ფეხებით და პოლიპროპილენის საზურგით ნებისმიერ ინტერიერს მოერგება. ერგონომიული საზურგე საშუალებას მოგცემთ, რომ კომფორტულად მოეწყოთ და არ ინერვიულოთ, რომ რამდენიმე წუთში ზურგი აგტკივდებათ. ასეთი სკამის მოვლა მარტივია. თუ შემთხვევით საჭმელი გადაგესხათ, სველი ჩვრით გადაწმინდეთ და ახალივით გახდება.

6. დივანი სასადილოში

ბოლო დროს სტუდიის ბინები სულ უფრო პოპულარულია. ეს გასაკვირი არაა, რადგან დიდი სივრცე, რომელიც სამზარეულოს და მისაღები ოთახის გაერთიანებით მიიღება, უფრო მყუდროდ და კომფორტულად გამოიყურება.

ამ ოთახში სასადილო ზონის მოსაწყობად დივანი აუცილებელია. ის ბანალური სკამების შესანიშნავი ალტერნატივაა, რომელიც ძვირფას კვადრატულ მეტრს იკავებს. ოჯახის ყველა წევრი რომ მოთავსდეს, კუთხის მოდელი შეარჩიეთ ან სწორი მოდელი, მაგრამ ამ შემთხვევაში ორი სკამის დამატება მოგიწევთ. თუ შინაური ცხოველები არ გყავთ და მთელ ბინაში ბეწვი არ დაფრინავს, ხავერდის გადასაკრავიანი შეარჩიეთ. წარმოუდგენლად რბილი და სასიამოვნო ხელშესახებია. ხავერდი ხეს იდეალურად ეთავსება, ამიტომ თუ დივანს მუხის ხის ფეხები ექნება, წაუგებელ ვარიანტს მიიღებთ, რომლის ყურებით ვერ გაძღებით.

სანამ რომელიმე ნიმუშს შეარჩევთ, მის დანიშნულებაზე დაფიქრდით. დივანი ოთახის აქცენტია თუ ნეიტრალური დიზაინის ლაკონური გაგრძელება? პასუხზე გადასაკრავის ფერია დამოკიდებული: ან ფერადი ან თავშეკავებული.

7. ბარის კონსოლი და სკამები

მასიური ბარის დახლი მილით, ხილის სადგამით, როგორც 2000–იან წლებში, თანდათან ქრება. ბინის მფლობელები სამზარეულოს გასაფორმებლად მარტივ, მოდურ და ჰაეროვან გადაწყვეტილებებს ირჩევენ. მაგალითად, ბარის კონსოლი. ესაა ვიწრო მართკუთხედის ფორმის მაგიდა გრძელ ფეხებზე, რომელიც ინტერიერს იდეალურად ეთავსება. თუ სასადილო ზონის ელემენტების ცალ–ცალკე შეძენა არ გსურთ, მზა ნაკრები შეიძინეთ, რომელიც კონსოლისა და ორი ნახევრად ბარის უზურგო სკამების შედგება. ჩვეულებრივ, ასეთი მაგიდა არ იკეცება. სკამებს ტყავის ან ხავერდის გადასაკრავი აქვს. მსგავსი ავეჯი თანამედროვედ და ცოტა მკაცრად გამოიყურება, ამიტომ ლოფტის სტილში იდეალურია.

8. კლასიკური სასადილო ნაკრები

კიდევ ერთი ვარიანტი ზარმაცებისთვის. დიზაინერები მოგვიწოდებენ, რომ ავეჯის ნაკრებზე უარი ვთქვათ, რადგან მოძველებულია. ამის მიუხედავად ზოგიერთი მოდელი იმდენად მიმზიდველია, რომ კამათს აზრი არ აქვს. საუბარია გამძლე ხისგან (მაგალითად, ჰევეა) დამზადებულ ავეჯზე. ასეთ მასალაში მწერები არ გაჩნდება, ამიტომ გარეგნულად ყოველთვის მაღალ დონეზე იქნება. ჰევეას სხვა ხისგან განსხვავებით ტენიანობა არ აშინებს. მაგიდა და სკამები დახვეწილი და კეთილშობილური გარეგნობით გამოირჩევა, ამიტომ კლასიკური და პროვანსის სტილის ინტერიერისთვის შესაფერისია.

9. სტელაჟი

ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული და გრძელვადიანი ტრენდი (როგორც დიზაინერები გვპირდებიან) სამზარეულოს ზედა კარადის მოხსნაა. თუ ოთახის ფართობი ამ ავეჯის ნაწილზე უარის თქმის საშუალებას გაძლევთ, მაგრამ ცარიელი კედლის დატოვება არ გსურთ, მაშინ ლითონის სტელაჟი დაკიდეთ. ლოფტის სტილში განსაკუთრებით ჰარმონიულია, მაგრამ თანამედროვე სტილისთვის შესაფერისია. სტელაჟი მცენარეებით ან ლამაზი ჭურჭლით გააფორმეთ. რაც შეეხება ტექნიკას და სამზარეულოს აღჭურვილობას, ჩაშენებულ კარადაში შეგიძლიათ შეინახოთ. ასე ზედა კარადის უქონლობა სამზარეულოს მოხერხებულად გამოყენებაზე არ აისახება.