ჭენჭოუში ააშენეს გემი–თეატრი, რომლის ფორმებში ჩინური კულტურის ტრადიციები ასახულია

21-ე საუკუნეში ჩინეთის ქალაქები ხშირად იყენებენ კულტურულ მეგასტრუქტურებს, რომ ახალ რაიონებს ინდივიდუალურობა მიანიჭონ და ულტრართული ტექნოლოგიური ამოცანების განხორციელებისკენ სწრაფვა ასახონ. ჭენჭოუ გამონაკლისი არაა. მისი კულტურული კვარტალი გამოირჩევა ახალი დიდი თეატრით, რომელიც უზარმაზარ გემს წააგავს. ამბიციური და შემოქმედებითი ობიექტი თეატრალური ცენტრია, რომელიც რამდენიმე დარბაზს და მოედანს აერთიანებს. იქ თითოეული ვიზიტორი თავის მოსაწონს იპოვის.

ჩინეთში, ხენანის პროვინციაში, ქალაქ ჭენჭოუში დასრულდა დიდი თეატრის მშენებლობა, რომელიც სწრაფად მზარდი ქალაქის კულტურული კვარტლის ღირსეული ღირსშესანიშნაობა სწრაფად გახდა. ამბიციური მეგაპროექტი, რომლითაც თანამედროვე ჩინეთი ცნობილია, HIT–ის არქიტექტურული დიზაინის და კვლევითი ინსტიტუტის (The Architectural Design and Research Institute of HIT) სპეციალისტებმა შეიმუშავეს. მათ სურდათ, რომ ახალი არქიტექტურული ობიექტის ფორმებში „დიდი ჩინეთის მდიდარი კულტურული ტრადიციები“ აესახათ.

ხელისუფლებასთან და დეველოპერულ კომპანიასთან მჭიდრო თანამშრომლობით გადაწყდა გიგანტური გემის ფორმის დიდი თეატრის (Zhengzhou Grand Theatre) აშენება, რომელიც „ცივილიზაციას ავრცელებს“.  ის ყვითელი მდინარის (ხუანხე) გასწვრივ მოგზაურობს, დიდებული მხატვრული ეპოსი და შემსრულებლობითი ხელოვნების უმაღლესი დონე მოაქვს. ავტორების ჩანაფიქრით, „ხუანხეს წყალზე მოცურავე ხელოვნების ნავების“ თითოეულმა დეტალმა უნდა შეგახსენოთ ერის დიდი მიღწევები ავთენტური ელემენტებით, რომლებშიც ამა თუ იმ ეპოქის მოვლენები და პრიორიტეტები ასახულია.

თუ დააკვირდებით ცენტრალური შესასვლელის მინისგან დამზადებულ მრუდე პანელებს, ნახევრად სფერული ქუდების მქონე სპეციალურ ლურსმნებს შეამჩნევთ. ძველად მმართველების სასახლეების კარიბჭეებს სწორედ ასეთით აფორმებდნენ. სიას და შანის დინასტიების ეპოქებზე მიუთითებს ალუმინის კონსტრუქციები მასშტაბური შემინვისთვის, შიდა სივრცის მოპირკეთება და დეკორის ზოგიერთი ელემენტი თეატრალურ დარბაზში, რომელთაც ასეთი მასალებისთვის უჩვეულო ბრინჯაოს ელფერი აქვს, რომელიც მდინარე ხუანხეს წყლის ფერს განასახიერებს. ცენტრალურ სივრცეში განსაკუთრებული ატმოსფეროს შესაქმნელად გამოიყენეს სახურავი, რომლის ტილოშიც წვეთოვანი სინათლის ლუქები სპეციალური ამრეკლავებით დაამონტაჟეს. დარბაზში, გალერეასა და ვესტიბიულში შემოსული მზის სხივები რეფრაქციის შემდეგ ინტერიერს ეფექტური სინათლის „შხეფებით“ ავსებს.

ჭენჭოუს დიდი თეატრის სტრუქტურა: თეატრის ახალი შენობა საკმაოდ დიდია, 127 ათასზე მ²–ზე მეტი. ერთი სახურავის ქვეშ მდებარეობს 4 დამოუკიდებელი სტრუქტურა: დიდი თეატრის დარბაზი (1687 დასაჯდომი ადგილი), საკონცერტო დარბაზი (884 მსმენელი), მრავალფუნქციური დარბაზი (421 მაყურებელზეა გათვლილი), სარეპეტიციო დარბაზი, რომელიც 461 ადამიანს იტევს. თეატრალური მოედნები საერთო ზონას უკავშირდება გადასასვლელებით, გალერეებით, საგამოფენო მოედნებით და ვესტიბიულებით. აქვეა სტუდიები, სარეპეტიციო ოთახები, საცეკვაო დარბაზები, მუსიკალური სტუდიები, სხვადასხვა სახელოსნო, საგრიმიორო, კვების ზონები და ბევრი დამხმარე ოთახი.

თუ ობიექტის კონსტრუქციაზე ვსაუბრობთ, კედლები მხოლოდ გარსია, რომელიც 4 დარბაზს და ცენტრალურ სივრცეს აკრავს, რამაც ერთიანი ორგანიზმის შექმნა შესაძლებელი გახადა. ხვეული ფორმების და კედლების სხვადასხვა სიმრუდის მიუხედავად, პარამეტრული კონსტრუქციის სიმარტივემ მშენებლობის პროცესი დააჩქარა, რადგან ქარხანაში დამზადებული 2×3 მ ზომის ალუმინის მოდულებისგან ააწყვეს. ამის შემდეგ ლითონის კონსტრუქციაზე სწორი თანმიმდევრობით (ფოლადის მოდულების და მინის ბლოკების მონაცვლეობით) დააფიქსირეს. ამასთან, თითოეულ ცალკეულ ელემენტზე ან პანელზე მრუდის შექმნა არა ხელით, არამედ კომპიუტერული მოდელირების დახმარებით მოხდა.

ალუმინის ფასადი მასშტაბური შემინვით (ზოგიერთ ადგილას შენობის მთელ სიმაღლეზე) ქალაქზე ლამაზ ხედებს და კარგ განათებას უზრუნველყოფს. თუ დღისით შენობაში მხოლოდ მზის სინათლეს ატარებს, საღამოს მიმდებარე ტერიტორიების განათების სინათლე იჭრება. აღსანიშნავია, რომ ილუმინაცია დიაგონალური ზოლის სახით ლითონის მოპირკეთებაშიც ინტეგრირებულია, რომელიც ღამით დიდებული გემის შექმნას ხელს უწყობს.

კულტურული ობიექტის სახურავიც განსაკუთრებულია. აღსანიშნავია, რომ გისოსიანი სახურავის კონსტრუქციას, რომელიც მსუბუქი კომპოზიტური პანელებით დაფარულია, რომელთა შორის ულტრათანამედროვე ჰიდრო–თბოიზოლაციის მასალაა დაგებული, ტრადიციულ სახურავთან შედარებით გაუმჯობესებული ქარმედეგობა აქვს და უფრო ენერგოეფექტურია. ახალი სისტემის ჰიბრიდული სახურავის კონსტრუქციის მონტაჟს ნაკლები დრო დასჭირდა, თან ინოვაციური მეთოდების გამოყენებით ბიუჯეტი მნიშვნელოვნად დაზოგეს.

მასშტაბური კომპლექსის, რომელიც ერთი სახურავის ქვეშ ბევრ სხვადასხვა სტრუქტურას აერთიანებს, შიდა სივრცის მოწყობა ურთულესი ამოცანა იყო. დარბაზების ახლო მეზობლობამ და მათმა განსხვავებულმა ფუნქციებმა მაღალი სტანდარტის ხმის იზოლაციის და აკუსტიკის მონტაჟი აუცილებელი გახდა, რომ ხარისხიანი ხმის ეფექტები მიეღოთ, თან ურთიერთჩარევა თავიდან აეცილებინათ.

204 მეტრის შენობის კონსტრუქცია, ასევე ბევრ დარბაზსა და შენობას შორის ლოგისტიკური მარშრუტების ორგანიზება სერიოზულ ტექნოლოგიურ პრობლემას წარმოადგენდა. განსაკუთრებით იზრუნეს ხანძარსაწინააღმდეგო დაცვაზე, რომელიც მოითხოვდა სახანძრო განყოფილებების ორგანიზებას, ევაკუაციის ფართო გზებს, ბევრ საავარიო გასასვლელს, რომელიც ხალხის დიდ ნაკადს რამდენიმე წუთში ობიექტის დატოვების საშუალებას აძლევს.

მშენებლობის დასრულების შემდეგ დიდ თეატრში გაიმართა ჭენჭოუ 2021 წლის გაზაფხულის ფესტივალის გალა კონცერტი, ხუანხეს კულტურის თვის გახსნის ცერემონია, რამდენიმე მასშტაბური კონკურსი მოყვარულთა და პროფესიონალთა ცეკვის ჯგუფების მონაწილეობით. რამდენიმე თეატრალური წარმოდგენა და „ოქროს მამლის“ 29-ე დაჯილდოების ცერემონიალი წარმატებით ჩატარდა. მოსალოდნელია, რომ „Zhengzhou Grand Theatre მოქალაქეების გართობის და მხატვრული გემოვნების სფეროში ლიდერ პოზიციას დაიკავებს, ასევე მთელი ქალაქის კულტურული იმიჯის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს და „ცივილიზებული ჭენჭოუს“ პროგრამების განხორციელების მნიშვნელობას ნათლად წარმოაჩენს“.