ხრიკები, როგორ განათავსოთ სტუმრები პატარა ბინაში, თუ ადგილი საერთოდ არ გაქვთ

პატარა ბინა, სადაც თავადაც ძლივს ეტევით, სტუმრების მისაღებად შესაფერისი არაა. რა უნდა გააკეთოთ, თუ მეგობრებს წვეულების შემდეგ ან ნათესავებს სხვა ქალაქიდან თქვენთან ღამის გათევა სურთ? Novate გიზიარებთ რამდენიმე ხრიკს, როგორ განათავსოთ სტუმრები პატარა ბინაში, რომ მათ თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნონ.

1. სად ვიპოვოთ საწოლი?

მთავარი პრობლემა, რომელსაც პატარა ბინის მფლობელი აწყდება, როცა სტუმრები მასთან 1–2 დღით ღამის გათევას სთხოვენ, დასაძინებელი ადგილია. საბედნიეროდ, ასეთი შემთხვევებისთვის პატარა ბინაშიც რამდენიმე სათადარიგო ადგილია.

  • ავეჯი ტრანსფორმერი

თუ მეგობარი ყავის დასალევად და ღამის გასათევად ხშირად მოდის, ეს ნიუანსი საკუთარი საწოლის არჩევისას გაითვალისწინეთ. შესანიშნავი ვარიანტი: მაღაზიაში 1,5 საწოლისთვის ორი კარკასი და მათი ზომის შესაფერისი ლეიბი შეიძინეთ. როცა სახლში მარტო ხართ, კარკასები ერთმანეთს მიადეთ, რომ დიდი საწოლი გააკეთოთ. სტუმრების მოსვლისას კონსტრუქცია დაშალეთ და მოპირდაპირე კედლებს მიადეთ. ასე ორ საწოლს მიიღებთ.

თუ ოთახის ფართობი ასეთი ექსპერიმენტის საშუალებას არ გაძლევთ, მოდულური ორსართულიანი საწოლი აირჩიეთ. მაგალითად, მეორე სართულზე იქნება თქვენი საწოლი, ხოლო პირველზე – სამუშაო სივრცე ან ტუალეტის მაგიდა. თუ სტუმარი გეწვევათ, მაგიდა დაკეცეთ და გადადეთ, მის ნაცვლად გასაშლელი საწოლი ან გასაბერი ლეიბი დადეთ.

  • გასაშლელი დივანი ან სავარძელი

უმარტივესი და პოპულარული ვარიანტი. ადამიანების უმეტესობა მისაღებ ოთახში სწორედ გასაშლელ დივანს ირჩევს, რადგან დილით მოსახერხებელი დასასვენებელი ზონაა, ხოლო საღამოს კომფორტული საწოლი. რა თქმა უნდა, მეგობრების ან ნათესავების სტუმრობისას დაგეხმარებათ.

თუ მისაღებ ოთახში დივნის გამოყენება საერთოდ არ გსურთ ან ფართობის სიმცირის გამო პატარა ვარიანტი შეარჩიეთ, მაშინ ტახტი შეიძინეთ. ყოველდღიურ ცხოვრებაში მასზე წოლა და ტელევიზორის ყურება ან წიგნის კითხვა სასიამოვნოა. აირჩიეთ მოდელი, რომელიც არსებულ ინტერიერს მოერგება. მყუდრო გარემოს შესაქმნელად გვერდით ტორშერი დაუდეთ. საწოლად გასაშლელი სავარძელიც პოპულარულია. ნეიტრალური ვარიანტი იდეალურია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბინა სკანდინავიურ ან მინიმალიზმის სტილში გაფორმებულია.

სივრცის სწორად განაწილება მთავარი პრობლემაა. მნიშვნელოვანია, რომ სტუმრებმა თავი კომფორტულად იგრძნონ და პირადი სივრცე ჰქონდეთ. ამ შემთხვევაში დიზაინერები გირჩევენ, რომ შირმა გამოიყენოთ. შირმა მობილურია, გაშლილი დიდ ადგილს არ იკავებს, ხოლო დაკეცილი საკუჭნაოში ან კარადაში შეგიძლიათ შეინახოთ. შირმით საწოლი ტელევიზორის ზონიდან მარტივად შეგიძლიათ გამოყოთ, მყუდრო და კომფორტული კუთხე შექმნათ.

ყურადღება მიაქციეთ: ტახტი და გასაშლელი სავარძელი შესანიშნავი ვარიანტია, თუ სტუმრები რამდენიმე დღით რჩებიან. უფრო დიდხანს ასეთ ზედაპირზე ძილი არასასურველია, რადგან ზურგისთვის რთულია.

  • დივანი სამზარეულოში

თუ საძინებელსა და მისაღებ ოთახებში დამატებითი საწოლისთვის ადგილი არ გაქვთ, მხოლოდ ერთი ვარიანტი რჩება. ეს სამზარეულოა. რა თქმა უნდა, აქ საწოლის მუდმივად გაშლა კარგი იდეა არაა. კომპაქტური გასაშლელი დივანი მისაღები ვარიანტია. ყოველდღიურად სასადილო ზონაში სკამებს ჩაგინაცვლებთ, ხოლო სტუმრების მოსვლისას საწოლად გადაკეთდება.

ამ ვარიანტს უარყოფითი მომენტებიც აქვს. ავეჯის ნაჭრის გადასაკრავი სუნს იწოვს, ხოლო სამზარეულოში სუნები ხშირად ტრიალებს, ამიტომ მალე დივანი საკვების სუნით გაიჟღინთება. ასეთი შედეგის თავიდან ასაცილებლად ძლიერი გამწოვი დააყენეთ და დროდადრო ოთახის განიავება არ დაგავიწყდეთ.

  • სავარძელი დათბუნულ ლოჯიაზე

პატარა ბინაში ლოჯიას საკუჭნაოდ გამოყენება დიდი დანაშაულია. ლოჯია დამატებით სრულფასოვან ოთახად შეგიძლიათ გადააკეთოთ. შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ და რემონტის ეტაპზე მისი მონტაჟი მოიფიქრეთ. დიზაინერები გირჩევენ, რომ ხის პოდიუმი დაამონტაჟოთ და მასზე ლეიბი ბალიშებით დადოთ. ყოველდღიურად დასასვენებელ ზონად გამოიყენეთ, ხოლო სტუმრებისთვის საწოლად გადააკეთეთ. ასე ყველა კმაყოფილია.

2. როგორ მოვაწყოთ დასასვენებელი ადგილი?

ალბათ, გახსოვთ, როგორ პატიჟებდნენ მშობლები სტუმრებს. ოთახის ცენტრში დიდ სასადილო მაგიდას შლიდნენ, აქეთ–იქით სკამებს დგამდნენ, ხოლო თუ ადგილი არ ყოფნიდათ, სამზარეულოდან ტაბურეტები გამოჰქონდათ ან ავეჯი დივანთან ახლოს მიჰქონდათ. კედელსა და სკამს შორის ვიწროდ ჩამჯდარი სტუმრები ზედმეტად არ მოძრაობდნენ, რომ „მეზობელი“ არ შეეწუხებინათ. აი, მფლობელი, რომელმაც ამის შესახებ იცოდა, ყოველთვის კიდეში, შემოსასვლელთან ახლოს ჯდებოდა, რომ მუდმივად სამზარეულოში ერბინა და კერძები შემოემატებინა.

თანამედროვე სუფრა ასეთი აღარაა, ალბათ, მეტი თავისუფლება და კომფორტი გსურთ. თუ მართლები ვართ, შემდეგ ვარიანტს გთავაზობთ. ესაა ფურშეტი. ოთახის ცენტრში ადგილი გაათავისუფლეთ, სტუმრები პერიმეტრზე განათავსეთ. მათ მისაღებ ოთახში არსებული სავარძლის, დივნის, პუფის ან სკამის დაკავება შესთავაზეთ. კერძები ჟურნალის მაგიდაზე დააწყვეთ, რომ სტუმრებმა გადაადგილება და კერძის აღება შეძლონ, ხოლო მფლობელმა სტუმრებთან ლაპარაკი.

ერთმანეთისგან მოშორებით რამდენიმე პატარა დასასვენებელი ზონაც მოაწყვეთ. გამოგადგებათ, თუ კომპანია პატარა ჯგუფებად დაიყო ან რომელიმე სტუმარს განმარტოება სურს. მაგალითად, თუ მისაღებ ოთახში თავისუფალი კუთხეა, იქ სავარძელი და ყავის მაგიდა მოათავსეთ, საკითხი კუთხე მოაწყვეთ. თუ ბინაში ფართო ფანჯრის რაფებია, დასასვენებელ ზონად გამოიყენეთ, შესაფერისი სიგანის ლეიბი და რამდენიმე ბალიში დადეთ. თუ სახლში მუსიკალური ინსტრუმენტი გაქვთ, ადგილი მისთვისაც გამოჩნდება. მაგალითად, ბარის დახლად გამოიყენეთ. გვერდით მაღალი სკამები დადგით და ადგილი კოქტეილების დასალევად და გულახდილი საუბრებისთვის მზადაა.

3. სად შეინახონ სტუმრებმა ნივთები?

სტუმრებმა თქვენს ბინაში თავი შეიძლება უხერხულად იგრძნონ. სიტუაციის გამოსასწორებლად დაბინავებაში დაეხმარეთ. მაგალითად, დაუთმეთ კარადაში რამდენიმე თარო, სააბაზანო ოთახში ცალკე კონტეინერი აქსესუარებისთვის, შემოსასვლელში რამდენიმე ადგილი ფეხსაცმლისთვის და კავი საკიდზე, სამზარეულოში – რამდენიმე თეფში და ჭიქა, რომელიც მხოლოდ სტუმრების იქნება. პირსახოცი, სახლის ჩუსტი და სხვა წვრილმანიც მნიშვნელოვანია. ეს დეტალები მოიფიქრეთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ნათესავები ან მეგობრები ძალიან მორცხვები არიან და თავად არაფერს გთხოვენ, თუნდაც სჭირდებოდეთ.