უდაბნოს მანჰეტენი: იემენის ძველი ქალაქი–ცათამბჯენი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს

იემენის ნებისმიერი ქალაქი–ციხესიმაგრის ისტორიულ ნაწილამდე მიმავალი მთავარი გალავნის გავლა იგივეა, რაც დროის მანქანის აღმოჩენა, რომელსაც შეუძლია რამდენიმე საუკუნით უკან დაგაბრუნოთ. „უდაბნოს მანჰეტენი“ დღემდე გამოირჩევა თიხის ცათამბჯენებით, ძველი ბაზრებით, სადაც დღემდე ყიდიან ვირებს, საცხობებით, სადაც ფქვილს ქვის წისქვილში აფქვევენ, და ქალაქის საოცარი დაგეგმარებით.

1. იემენის ქალაქი–ციხესიმაგრე სანა

სანა (Sanaa) იემენის ქალაქი–ციხესიმაგრეა, რომელიც ოფიციალურად სახელმწიფოს დედაქალაქია, მაგრამ სამთავრობო ოფისები მდებარეობს ადენში. სანა უნიკალური შენობებით გამოირჩევა. ძველი ქალაქის ვიწრო მიხვეულ–მოხვეულ ქუჩებში სეირნობისას ვერაფერ შთამბეჭდავს ვერ იპოვით, მხოლოდ ქვის ცოკოლებს, ალიზის აგურისგან აშენებულ კედლების ნაწილს და მასიურ კარებს. თუ თავს აწევთ, მაშინ გაოცებას საზღვარი არ ექნება. ვიწრო მაღალი შენობები, რომლებიც გამომწვარი აგურისა და თეთრი თაბაშირით შექმნილი საოცარი გეომეტრიული ნიმუშებით მორთულია ტურისტებში აღფრთოვანებას იწვევს.

ისტორიული ცნობა: მთის ხეობაში ზღვის დონიდან 2,2 ათას მეტრზე მდებარე ძველი ქალაქი 2,5 ათასზე მეტი წლის წინ ააშენეს. თავიდან იემენის სამეფოების ავანპოსტი იყო, უკვე ჩვ.წ–ით 1 საუკუნეში შიდა სავაჭრო გზების აყვავებულ ცენტრად გადაიქცა. აბისინიელთა ბატონობის პერიოდში (525-75 წწ.) სამეფოს ტერიტორიაზე ჭარბობდა ქრისტიანული გავლენა, რომლის აპოგეა იუსტინიანე I–ის (527-565 წწ) მეფობის პერიოდს დაემთხვა. ასი წლის შემდეგ სანა ისლამური რწმენის გავრცელების უდიდესი ცენტრი გახდა, რასაც დიდი მეჩეთის (ჯერ კიდევ წინასწარმეტყველის სიცოცხლეში ააშენეს) არქეოლოგიური აღმოჩენები ადასტურებს. სამწუხაროდ, არქიტექტურული ობიექტები, მათ შორის პრეისლამური პერიოდის ტაძრები ისლამიზაციის საუკუნის (VII) დასაწყისში ღრმა ცვლილებების შედეგად განადაგურდა.

2. რამ აიძულათ იემენის მოსახლეობას ვიწრო მაღალი შენობები აეგოთ

როგორც ჰომოგენური არქიტექტურული ანსამბლის გამორჩეული მაგალითი, რომელიც ისლამის პირველი წლების სივრცით მახასიათებლებს ასახავს, იემენის ქალაქების უმეტესობას, რომელიც ბუნებრივი ლანდშაფტით გარემოცულია, უჩვეულო მხატვრული ღირებულება აქვს. მრავალსართულიანი შენობების მშენებლობა, რომელსაც იმ წლებში ანალოგი არ ჰქონდა, რამდენიმე მიზეზით განპირობებული იყო. დამპყრობლების მუდმივი დარბევის გათვალისწინებით გასაკვირი არაა, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი აყვავებული ქალაქის საიმედო ციხესიმაგრეში დამალვას ცდილობდა. ავიღოთ იგივე სანა, რომელიც მაღალ მთებში პატარა ხეობაში მდებარეობს. გასაგებია, რატომ აშენებდნენ ასეთ ვიწრო და მაღალ შენობებს, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ მიდგმულია.

პატარა ქოხებში ცხოვრება არავის სურდა, მით უფრო ცხელ ზაფხულში, რაც ადგილობრივებს მაქსიმალურად მაღალი სახლის შენებისკენ უბიძგებდა. ასე ოჯახის ყველა წევრს ჰქონდა ფართო ოთახი, ზოგჯერ მთელი სართულიც. არ დაგავიწყდეთ, რომ ქვედა სართულებზე მარცვლეულის სათავსო, ბეღელი, ცხოველების სადგომი ან სახელოსნო იყო, თუ სახლში ხელოსანი ცხოვრობდა. აღსანიშნავია, რომ სახლ–კოშკებში რამდენიმე თაობა ცხოვრობს და დროთა განმავლობაში შენობა სულ უფრო და უფრო მაღლდება. წამოზრდილი შვილისთვის სართულს ამატებენ, მისი დაოჯახების და ბავშვების გაჩენის შემდეგ კიდევ რამდენიმე სართულს ამატებენ, ასე გამოდის, რაც მეტი ოჯახის წევრი ცხოვრობდა, მით უფრო მაღალი იყო შენობა. ამავე მიზეზით ზოგიერთი საცხოვრებელი 30 მეტრზე მაღალია (კოშკის საშუალო სიმაღლე 20-დან 25 მეტრამდე მერყეობს), რაც ოდნავ დაბალია მსოფლიოში პირველ ცათამბჯენზე (ჩიკაგო, 1885 წელს აშენებული შენობა, რომლის სიმაღლე 42 მ–ია), რომელიც სახლის დაზღვევის სათაო ოფისად აშენდა.

სანა ერთადერთი ქალაქი–ციხესიმაგრე არაა, სადაც თიხის ცათამბჯენებს აშენებდნენ. იემენის მიწა ყოველთვის გემრიელი ნაჭერი იყო და ბედუინები რეგულარულად თავს ესხმოდნენ, ამ მიზეზით ყველა თავდაცვითი შენობა ითვალისწინებდა საცხოვრებელ კვარტალებს, სადაც ვიწრო მაღალ სახლებს, მმართველის სასახლეებს, მეჩეთებს და აბანოებს აგებდნენ. დარ–ალ–ჰადჯარის ულამაზესი სასახლე (სანა) და იმამის სასახლე ციცაბოზე, რომელიც შიბამში (იემენის ერთ–ერთი უდიდესი ქალაქი) აშენდა, ურბანული დაგეგმარების უძველესი მაგალითია, რომელიც ვერტიკალური განვითარების პრინციპებს ეფუძნება (აღმოჩენილია მტკიცებულებები, რომ სახლ–კოშკებს ჯერ კიდევ წინაისლამურ პერიოდში ძვ.წ. V ს. –  ჩვ.წ. V ს. აშენებდნენ).

ფრეია სტარკმა, იტალიელ–ინგლისელმა მკვლევარმა, რომელიც შიბამს 1930-იან წლებში ეწვია, მას „უდაბნოს მანჰეტენი“ უწოდა, თუმცა ეს ყველა ძველ დასახლებაზე შეგვიძლია გავავრცელოთ, მათ შორის პატარა სოფლებზე, რომლებიც ციხესიმაგრის კედლების მიღმა დამალულია.

3. იემენის თიხის ცათამბჯენების მშენებლობის ტექნოლოგია

რთული დასაჯერებელია, მაგრამ ადამიანებმა ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ცათამბჯენების აგება ისწავლეს, თან მხოლოდ ადგილობრივი მასალების გამოყენებით. ხშირად ეს იყო თიხა და ყველაფერი, რისი გამოყენებაც მის საფუძვლად შეიძლებოდა (მაგალითად, ალიზი აგური). შენობის გამძლეობისთვის, რადგან არავინ იცოდა, რამხელა აღმოჩნდებოდა სახლი, 2 მ სიღრმის საძირკველს აკეთებდნენ და ცოკოლის სართულსაც აგებდნენ. ამ სართულს ქვაყორესგან აგებდნენ, ხოლო ზემოთ – თიხისგან. ხშირად ეს იყო მადარი – თიხა–ჩალის ალიზი აგური, რომელიც პირდაპირ მზეზე შრებოდა.

იემენის მშრალი კლიმატის გათვალისწინებით, მსგავსი შენობის მომსახურების საშუალო ვადა 2-3 საუკუნეს არ აღემატებოდა, თან ოჯახის ცათამბჯენებს კარგად უვლიდნენ, რემონტს და სრულ რეკონსტრუქციას უტარებდნენ, როცა იშვიათ წვიმიან სეზონზე წყალდიდობა ხდებოდა. თუ შიბამზე ვსაუბრობთ, აქ შემორჩენილია შენობა, რომელიც 1609 წლით თარიღდება. სხვა თიხის შენობები თავიდან ააშენეს ან 1880-იანი წლებიდან დაწყებული  რეკონსტრუქცია ჩაუტარეს.

აღსანიშნავია: ერთმანეთთან მჭიდროდ მიდგმული შენობების ასაგებად ხელოსნები სამშენებლო ტყეს არასდროს იყენებდნენ (მხოლოდ ფასადის მოსაპირკეთებლად ან შესაკეთებლად). საძირკვლის და ცოკოლის სართულის გაკეთების შემდეგ შენობას მაშინვე ხურავდნენ – ხის ძელები გამძლეობისთვის და ხის და პალმის მასალის იატაკებს ამატებდნენ. შენობაში აგურებს ნელ–ნელა ადებდნენ და მაღლა მიიწევდნენ. საჭირო სიმაღლეზე კვლავ გადახურვას აკეთებდნენ და ასე ბრტყელ სახურავამდე, რომელსაც ღია ტერასად იყენებდნენ.

იემენის ცათამბჯენებს თითქმის ერთი და იგივე სტრუქტურა და განლაგება ჰქონდათ. ფასადებს გამომწვარი აგურით და თაბაშირის ჩანართებით ასრულებდნენ, თითოეული სართული ან ბლოკი, რომელიც ოჯახის ერთ თაობას მიეკუთვნებოდა, გეომეტრიული ნიმუშების ფრიზით გამოყოფილი იყო. კედლების აგების დროს ზოგიერთი ხუროთმოძღვარი წინა ფასადს კოშკებით ან თაღოვანი/ისრული ფანჯრის ღიობებით ამშვენებდა. აი, აჟურულ ეკრანს ფანჯარაზე ნებისმიერ შემთხვევაში სვამდნენ.

თუ განლაგებაზე ვსაუბრობთ, პირველ სართულზე ყოველთვის სამეურნეო ოთახი, საწყობი ან სახელოსნო იყო (ჩვენს დროში მაღაზიები და კაფეები), შემდეგ მოდის სტუმრების მისაღები ოთახი და სამზარეულო–სასადილო. თითოეული შემდეგი სართული ერთ ოჯახს ეკავა, თუ ბევრი ბავშვი ჰყავდათ, თანდათან სართულს ამატებდნენ. აი, ყველაზე ზედა სართულს მაფრაჟს უწოდებენ და ყოველთვის გამოიყენება მეორე მისაღებ ოთახად, სადაც საურთიერთოდ და კათის საღეჭად (მცენარის ფოთლების ღეჭვის ძველი ტრადიცია, რომელიც ბევრ ქვეყანაში ნარკოტიკულ საშუალებას უტოლდება) იკრიბებიან. თუ სახლს სართული ემატებოდა, ეს მისაღები მაღალ სართულზე გადადიოდა და ყოველჯერზე მისი ფართობი მცირდებოდა, რადგან თიხის ცათამბჯენი ზემოთ ვიწრო იყო.

4. ძველი ურბანული დაგეგმარების სიბრძნე

ნებისმიერი სიმაგრე შენდებოდა ერთი მიზნით – მომთაბარე ტომების დარბევისგან დასაცავად. იემენის რთული ლანდშაფტის გამო  დიდი დასახლებული პუნქტებისთვის ბევრი ბუნებრივი მიწა არაა, ამიტომ თავიდანვე რაციონალურად იყენებდნენ, ვიწრო და მაღალი სახლების მშენებლობის ნებართვას იძლეოდნენ. მათი მდებარეობა და სიმაღლე მკაცრად რეგულირდებოდა, რომ თითოეულ ობიექტს მზის სინათლეზე წვდომა ჰქონოდა. ამ მიზეზით ნებისმიერი დასახლებული პუნქტის ცენტრში ფართო ქუჩაა, რომლიდან ბევრი ქუჩა და ჩიხი გადის, მათი სიგანე 2 მეტრზე ნაკლებია.

ნებისმიერი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ამ ფართო ქუჩის გასწვრივ, ბაზრები, მეჩეთები და აბანოები მდებარეობს, ხოლო საცხოვრებლები ვიწრო ჩიხებში განაწილებულია. ბოლო დრომე იემენის ქალაქების ისტორიულ უბნებში წყალგაყვანილობა და კანალიზაცია არ იყო, რაც საცხოვრებლად ნაკლებად მიმზიდველს ხდიდა და ახალ უბნებში მოქალაქეების გადინებას იწვევდა. ეს გამოწვეულია შენობების სიმჭიდროვით და კომუნიკაციის უსაფრთხო დაგების შეუძლებლობით. ასე სანაში წყალგაყვანილობის დამონტაჟების შემდეგ ბევრი თიხის ცათამბჯენი ჩამოინგრა, რადგან სანიაღვრე წყლების კანალიზაცია ვერ მოაწყვეს. ამით მარტივი კეთილმოწყობის დანერგვის ექსპერიმენტები შეწყდა.

5. რატომ არ სჭირდება თიხის ცათამბჯენებს კონდიციონერი იემენის კლიმატის პირობებშიც

ნატურალური მასალებით აგებული იემენის ცათამბჯენები მდგრადობის და ეკოლოგიურობის ნათელი მაგალითია, ამავდროულად, არაბეთის უდაბნოების ცხელი და მშრალი კლიმატისთვის იდეალურია. თიხის კედლების წყალობით შენობაში ყოველთვის კომფორტული და სტაბილური ტემპერატურაა. თიხისა და ჩალის ნარევის აგური სითბოს ნელ–ნელა შთანთქავს და გასცემს. მთელი დღის განმავლობაში, როცა მზე თიხის კედლებს წვავს, აგური სითბოს ნელა შთანთქავს. ღამით გრილი ჰაერის წყალობით სითბოს ასევე ნელა გასცემს, ასე შენობა ადამიანის კომფორტულად საცხოვრებლად სტაბილურ ტემპერატურას ინარჩუნებს. ეს მარტივი ბუნებრივი ეფექტი თიხის შენობას მთელ მსოფლიოში პოპულარულს ხდის და დღემდე მშენებლობის ამ მეთოდს მიმართავენ.

აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი შენობის პროექტის შედგენისას ფანჯრების სწორად განლაგებას დიდ ყურადღებას აქცევდნენ, რაც ჯვარედინ ვენტილაციას უზრუნველყოფს. ფანჯრების დაჩრდილული აჟურული ეკრანები მცირე ნიავსაც თავისუფლად ატარებს და მზის სხივების პირდაპირ შეღწევას ხელს უშლის. ასეთ გაგრილების მეთოდს ცხელ რეგიონებში საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, რადგან ზოგიერთ მათგანს წარმოდგენა არ აქვს, რა არის კონდიციონერი, თუმცა ეს მათ ნამდვილად არ სჭირდებათ.