შპარგალკა დამწყები მებოსტნეებისთვის: რა აკლია პომიდორს

Novate გიზიარებთ გავრცელებულ პრობლემებს, რომლებიც პომიდვრის გამოკვებას უკავშირდება. ახლა შუა ზაფხულია და დროა მცენარეს ყურადღება მიაქციოთ. ნაყოფის მომწიფება პრობლემის გაქრობას არ ნიშნავს. იწყება სახიფათო პერიოდი, რომელსაც მომავალი მოსავლის განადგურება შეუძლია. დილა ფოთლების შემოწმებით დაიწყეთ. მთავარია, დროულად გაარკვიოთ, რა აკლია პომიდორს.

პომიდვრის ფოთლის ფერი შეისწავლეთ

პომიდვრის ბუჩქს დააკვირდით. თუ ახალი ფოთლები ფერით განსხვავდება და ღია მწვანეა (არა ყვითელი), არ ინერვიულოთ. მცენარემ საჭირო აზოტი ჯერ ვერ აითვისა და ახალი ფოთლები მალე „სწორ ფერს“ მიიღებს.

გიზიარებთ პომიდვრის პრობლემების მოკლე აღწერას და ფოტოებს. მათ განსაზღვრას ფოთლებზე დაკვირვებით შეძლებთ.

აზოტის დეფიციტი პომიდორში

აზოტის დეფიციტი ქლოროზის შედეგია. ნებისმიერი ქლოროზი აზოტის სასუქით უნდა განკურნოთ. თუ პომიდვრის ძველი, ქვედა ფოთლები ფერმკრთალდება, აზოტით გამოკვებეთ. თუ ზრდასრული ფოთოლი ყვითელი ან მოყვითალო თეთრია, აზოტის მწვავე დეფიციტი აწუხებს.

ზედა ახალი ფოთლები მკრთალი მწვანეა და ზრდას წყვეტს, პომიდვრის ბუჩქი დასუსტებულია. გამოკვებეთ მწვანე სასუქით, ქათმის სკინტლით, ძროხის ნაკელით, ამონიუმის ნიტრატით, შარდოვანით ან ამონიუმის სულფატით.

ფრთხილად გამოკვებეთ. გამოკვებეთ და 1 კვირა დაელოდეთ, ბუჩქს დააკვირდით. თუ ფოთლების ფერი შეიცვალა, მეტად აღარ გამოკვებოთ. სხვა შემთხვევაში აზოტის სიჭარბე გაცხიმოვნებას გამოიწვევს, რაც მოსავლიანობაზე გავლენას ახდენს და რამდენჯერმე ამცირებს.

რკინის დეფიციტი

რკინის დეფიციტის დროს ქლოროზი ღეროდან ფოთლებზე გადადის.

ფოთოლი ფერს კარგავს და მალე უფერულდება. რკინის ქლოროზი ყოველთვის ახალი ფოთლებიდან იწყება. ფოთლების სრულად გაუფერულების შემდეგ ნეკროზული ლაქები ჩნდება. რკინის დეფიციტის გაგება შეგიძლიათ გარკვეული ნიშნით, თითქოს ფოთლის ცენტრი პულვერიზატორით შეღებეს. 3 გ სპილენძის სულფატი 5 ლ წყალზე დაგეხმარებათ.

ბორის და ფოსფორის დეფიციტი

ბორის დეფიციტის დროს პომიდვრის ზრდა ჩერდება, ნასკვები ცვივა, პომიდორზე მკვდარი ქსოვილის ყავისფერი ლაქები ჩნდება. ნაყოფი ცუდად ან საერთოდ არ ინასკვება. ბორი არაა, მოსავალი არაა. 5 გ ბორის მჟავა 10 ლ წყალში გახსენით და მორწყეთ.

ფოსფორის დეფიციტის დროს ფოთლების ფერი იისფერდება. უფრო ზუსტად, ნეკროზული ლაქები ჩნდება. ფოთოლი თანდათან ფერს იცვლის, მკრთალი, მოლურჯო–ნაცრისფერი ხდება, ძარღვები – მოწითალო–იისფერი. ფოთლებზე იისფერი შეფერილობა ნიშნავს, რომ ბუჩქი დასუსტებულია და ზრდა შეფერხებული.

ამონიუმის მონოფოსფატით, კალიუმის მონოფოსფატით ან ნებისმიერი სუპერფოსფატით ერთხელ გამოკვება საკმარისია.

კალიუმის დეფიციტი

თუ ფოთლების კიდეებზე ნეკროზს ხედავთ, ანუ უსიცოცხლოდ გამოიყურება, თუ ახალი ფოთლები წვრილად დანაოჭებულია, ხოლო კიდეები მოყვითალო მწვანეა, ეს კალიუმის შიმშილის ნიშანია. ასეთი დეფიციტის დროს ზრდასრულ ფოთოლს ფერფლისფერი შეფერილობა აქვს. დეფიციტი ფოთლის კიდეებსა და ცენტრში ვლინდება. ფოთოლი თანდათან ძალას კარგავს. კალიუმის დეფიციტის დროს მკვახე ნაყოფი ხმება.

0,5 ლ ხის ნაცარი 10 ლ წყალზე დაგეხმარებათ. კალიუმის სასუქი ინსტრუქციის მიხედვით გამოიყენეთ.

კალციუმის დეფიციტი

კალციუმის დეფიციტი უმჯობესია მაშინვე შეამჩნიოთ, რომ მოსავლის გადარჩენა შეძლოთ. ასეთი დეფიციტის შედეგია წვეროს ლპობა. ქვედა ფოთლებს დააკვირდით. თუ ყვითელია, ხოლო ზედა ახალი ფოთლები ფერს არ იცვლის, კალციუმის ნიტრატით გამოკვებეთ (1 ს/კ 10 ლ წყალზე). ცარცი და დოლომიტის ფქვილიც პრობლემას გაუმკლავდება. უმოქმედობით ლპობა ნაყოფზეც გაჩნდება.

გოგირდის დეფიციტი

იშვიათად გვხვდება. ფოთლების ქვედა მხარეს, ფესურასთან ახლოს მოწითალო, ღია ვარდისფერი ნიშნით ჩნდება ან როგორც ძველ, ასევე ახალ ფოთლებზე სიყვითლით. მწვავე გოგირდის დეფიციტის დროს მკვდარი ლაქები ჩნდება, ფოთლები მტვრევადი და სუსტი ხდება.

1 გ მაგნიუმის სულფატი 1 ლ წყალში გახსენით და ფოთლები დანამეთ.

მანგანუმის დეფიციტი

პომიდორში მანგანუმის დეფიციტი, როგორც გოგირდის დეფიციტი იშვიათად გვხვდება. რთული აღმოსაჩენია. თუ ფოთოლს ყურადღებით დააკვირდებით, გარეგნულად ჯანმრთელია, მაგრამ თუ სინათლეზე გახედავთ, ნეკროზულ წერტილებს და მსუბუქ ნაცრისფერ შეფერილობას დაინახავთ.

მანგანუმის პრეპარატები შეგიძლიათ შეიძინოთ. მაგალითად, გოგირდის ან კალიუმის პერმანგანატი.

მაგნიუმის დეფიციტი

გარეგნულად კალიუმის დეფიციტის მსგავსია. მაგნიუმის დეფიციტის დროს ძარღვებს შორის ღია ან ყავისფერი ლაქები ჩნდება, რომლებიც სწრაფად იზრდება, ნაოჭდება და კვდება. თავად ძარღვები მწვანეა.

დაგეხმარებათ 1 ჩ/კ ინგლისური მარილი 10 ლ წყალზე ან მაგნიუმის ნიტრატი ინსტრუქციის მიხედვით.

პომიდვრის ფოთლის ფორმას აუცილებლად დააკვირდით

  • ნავის ფორმის ფოთოლი „მათხოვრის ხელი“ – კალიუმის დეფიციტი. კალიუმის მონოფოსფატი.

  • თუ ასე დახვეულია, ოღონდ ქვედა ნაწილი იისფერია – ფოსფორის დეფიციტი. კალიუმის მონოფოსფატი.

  • ფოთოლი მილივით დახვეულია – სპილენძის დეფიციტი. 1% სპილენძის სულფატის ხსნარი ფოთლებზე.

  • ფოთოლი „ქათმის ფეხი“ – აზოტის სიჭარბე. კალიუმის მონოფოსფატი ან რომელიმე კალიუმის სასუქი.
  • ვიწრო ახალი ფოთოლი – თუთიის დეფიციტი.
  • ბუჩქის ზევით პატარა ფოთლები, არ იზრდება, ნასკვები ცვივა, წვერი კვდება – ბორის დეფიციტი. 5 გ ბორის მჟავა 10 ლ წყალზე.

შპარგალკა დამწყები მეაგარაკეებისთვის: