8 მარტივი იდეა, როგორ გააკეთოთ ერთოთახიან ბინაში საძინებელი და მისაღები ოთახიც

ერთოთახიან ბინაში კომფორტულად ცხოვრება რთულია, რადგან პირადი სივრცე არ არის. როგორც წესი, მთელი ოჯახის საძინებელი ოთახი ამავდროულად დასასვენებელი ზონა და მეგობრების შეკრების ადგილია. თუ ამ სიტუაციამ დაგღალათ და პატარა სივრცეში არა მხოლოდ დივნის, არამედ საწოლის დადგმა გსურთ, Novate  ოთახის ზონებად გასაყოფად რამდენიმე რჩევას გიზიარებთ.

ვარიანტი 1: დივანი საზურგით საწოლისკენ დადგით

თუ ტიხრების გამოყენება, ფერებით ზონირება და რაიმე ზედმეტი მოქმედების შესრულება არ გსურთ, ოთახი არსებული ავეჯით ორ ნაწილად გაყავით. პირველ რიგში, აირჩიეთ კუთხე, სადაც საწოლს განათავსებთ. თუ დილით მზის სინათლე არ გაწუხებთ ან მინა სქელი ფარდით დაფარულია, ფანჯარასთან საძინებელი კუთხე მოაწყვეთ. პირველ რიგში, მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ადამიანს სინათლესთან და სუფთა ჰაერთან ახლოს უფრო კომფორტულად სძინავს, მეორეც, ოთახის შორეულ ნაწილში დადგმულ საწოლს მინიმალური „გამავლობა“ ექნება.

მეორე ნაბიჯი: დივნის განთავსება. ყველაზე ეფექტური გამოსავალია დივანი საზურგით საწოლისკენ მიატრიალოთ. ასე საძინებელ ადგილს გამოყოფთ. ფსიქოლოგიურად იგრძნობთ, რომ დივანი ოთახს ორ ნაწილად, მისაღებად და საძინებლად, ყოფს. ასეთ გადაწყვეტილებას კიდევ ერთი გამოსავალი აქვს. თუ ოჯახის რომელიმე წევრს ადრე დაძინება მოუნდება, თავს მყუდროდ და კომფორტულად იგრძნობს, რადგან უცხო თვალი მისკენ მიმართული არ იქნება.

ვარიანტი 2: საწოლი შირმის მიღმა დამალეთ

თუ პირველი ვარიანტი არ მოგწონთ ან თქვენს ბინაში ვერ ახორციელებთ, მაშინ მატერიალური ტიხარი გამოიყენეთ. ასე საწოლს უცხო თვალისგან დამალავთ. გამოგადგებათ პატარა შირმა, რომელიც ფუნქციურთან ერთად ლამაზია და დეკორის როლსაც ასრულებს. მოსახერხებელი, მობილური ტიხარია, რომელიც ადვილად შეგიძლიათ გადაწიოთ, დაკეცოთ ან მოიშოროთ. როცა შირმა მოგბეზრდებათ, სხვა შირმით ჩაანაცვლეთ და ნახავთ, როგორ ძლიერ შეიცვლება ინტერიერი. სხვათა შორის, პატარა ბინის მფლობელებს დიზაინერები ურჩევენ, რომ პრაქტიკული შირმები დამატებითი ელემენტებით, მაგალითად, თაროებით, კავებით ან სარკით, გამოიყენონ.

ვარიანტი 3: ხის ტიხარი დადგით

ბოლო დროს ხის ლარტყებით შექმნილი ტიხრები მოდაშია. მათ შორის არსებული სხივების წყალობით კონსტრუქცია მსუბუქი და ჰაეროვანია, ასევე მთელ ოთახში ბუნებრივი სინათლის შეღწევას ხელს არ უშლის. ასეთი ტიხარი ერთოთახიან ბინაში კარგია ორი მიზეზით: პირველ რიგში, ისედაც პატარა სივრცეს არ „ჭამს“. მეორეც, ინტერიერს არ ამძიმებს, როგორც, მაგალითად, თაბაშირ–მუყაოს ყრუ კონსტრუქცია.

ყურადღება მიაქციეთ, რომ ტიხარი ოთახის საერთო დიზაინთან ინტეგრირებული უნდა იყოს, რადგან არა მხოლოდ სივრცეს ზონებად ყოფს, არამედ ინტერიერის მნიშვნელოვანი ნაწილია. შესანიშნავია, თუ მისი ფერი ავეჯის ფერს ემთხვევა, ასე ბინა ესთეტიკურად მიმზიდველი გამოჩნდება.

ვარიანტი 4: დივანსა და საწოლს შორის სტელაჟი დადგით

კიდევ რით შეიძლება დავყოთ ოთახი ზონებად? საძინებელსა და მისაღებ ზონებს შორის სტელაჟი დადგით. შირმისა და ტიხრისგან განსხვავებით უფრო ფუნქციური და პრაქტიკულია, რადგან თაროებზე შეგიძლიათ დააწყო წიგნებით, ფოტოები, პატარა ლარნაკები, სტატუეტები და საყვარელი ხარახურები. კონსტრუქციის სიმაღლე თქვენს მოთხოვნებზეა დამოკიდებული. თუ გსურთ, რომ სტელაჟი სრულფასოვანი ტიხრის როლს ასრულებდეს, მაშინ ჭერამდე მოდელი გამოიყენეთ. თუ თქვენთვის საკმარისია, რომ ოთახები ზონებად დაყოს, მაშინ დაბალი, დაახლოებით 1,5 მეტრიანი აირჩიეთ.

სტელაჟს ნაკლოვანებებიც აქვს. დროთა განმავლობაში უსარგებლო ნივთებით ივსება და ვიზუალურ ხმაურს იწვევს. სწორედ ამიტომ, მისი შემცველობის გაკონტროლება მოგიწევთ. რეგულარულად სველი წმენდის ჩატარება არ დაგავიწყდეთ, ეს მეორე არსებითი მინუსია.

ვარიანტი 5: ჭერზე ფარდა დაამაგრეთ

ფარდა მარტივი და ბიუჯეტური მეთოდია, რომ სივრცე გაყოთ. დიახ, სწორად წაიკითხეთ. დიზაინერები ამ ხრიკს ხშირად იყენებენ, თუ ბინის მფლობელებს ბიუჯეტური ტიხრები სჭირდებათ ან სურთ, რომ მაქსიმალურად მსუბუქი და უწონო იყოს. როგორც სტელაჟის შერჩევის შემთხვევაში, აქაც განსაზღვრეთ, რა მიზანი გაქვთ. თუ ფარდამ საძინებელი ადგილი ბოლომდე უნდა დახუროს ისე, რომ უცხო თვალმა ვერ შეიხედოს, მაშინ სქელი ქსოვილი გამოიყენეთ. თუ ფარდით სივრცის ვიზუალურად გაყოფა გსურთ, მაშინ გამჭვირვალე ტიული გამოიყენეთ.

შემდეგი დეტალი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ, რაზე ჩამოკიდებთ ფარდას? ორი ვარიანტია: ან ჭერზე სპეციალური ფარდა დაკიდეთ ან ორ მოპირდაპირე კედელს შორის ძაფით გაჭიმეთ. ამ მეთოდის უპირატესობა იმაშია, რომ ფარდის გაწევა ადვილია. სტუმრების მოსვლისას, რომელიმე ოჯახის წევრის დაწოლისას ან ნებისმიერ სხვა მომენტში შეგიძლიათ ფარდა გაშალოთ.

ვარიანტი 6: აირჩიეთ საწოლი ბოძებით ან ბალდახინით

წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ბინა გაწყობთ იმ ფორმით, როგორიც არის, სტელაჟის, ტიხრის, ფარდის გამოყენება ან სივრცის ზონირებისთვის ნებისმიერი სხვა მანიპულაციის ჩატარება არ გსურთ. მეორე მხრივ, ცალკე საძინებელი ზონის და კომფორტული საწოლის ქონაზე ფიქრები მაინც არ გტოვებს. ამ შემთხვევაში საწოლი ბალდახინით კარგი ვარიანტია. რა თქმა უნდა, ასე ოთახებში ფუნქციურ ზონებს ვერ შექმნით, მაგრამ ბალდახინი საძინებელ ადგილს სხვა სივრცისგან უპრობლემოდ გამოყოფს. შედეგად, საწოლში დაწოლისას სიმშვიდეს და განმარტოებას იგრძნობთ. ვფიქრობთ, რომ პირადი კომფორტისთვის საკმარისია.

ვარიანტი 7: საწოლი–სხვენი დადგით

თუ მაღალჭერიანი, დაახლოებით სამმეტრიანი ბინა გაქვთ, ოთახში მეორე სართული შეგიძლიათ მოაწყოთ: პირველ სართულზე მოაწყვეთ მისაღები ოთახი დივნით, სამუშაო მაგიდით და კარადით, მეორე სართულზე – საძინებელი ოთახი საწოლით. გაითვალისწინეთ, ჭერქვეშ წოლამ შეიძლება სუნთქვა შეგიკვრათ, თან უსაფრთხოებისთვის გვერდები უნდა გაუკეთოთ, რომ შემთხვევით ძილში არ ჩაგეძინოთ.

ვარიანტი 8: საწოლი კედელში დამალეთ

ყველაზე მოსახერხებელი და პრაქტიკული ვარიანტია, მაგრამ ყველაზე ძვირადღირებული, რადგან ავეჯის შეკვეთით დამზადება მოგიწევთ. სპეციალისტებს მიმართეთ და აუხსენით, რომ გჭირდებათ ავეჯი ტრანსფორმერი, რომელშიც საწოლი დამალული იქნება. ასეთი კონსტრუქციის ხარჯზე ღამით ოთახი საძინებლად გადაკეთდება, ხოლო დღისით – მისაღებ ოთახად. კარგი ვარიანტია, რადგან სივრცის გასაყოფად დამატებითი ავეჯის, ტიხრის და სხვა კონსტრუქციის შეძენა არ მოგიწევთ. დიახ, ბევრი თანხის შეგროვება მოგიწევთ, მაგრამ ამად ღირს.