თხევადი მინა, ძმარი და ცარცი: პომიდვრის სიცხისგან დაცვა

სიცხე არა მხოლოდ ადამიანზე, არამედ მცენარეზეც დამღუპველ გავლენას ახდენს. ყველაზე მეტად პომიდვრის ბუჩქები იტანჯება. მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით მისი ფოთლები იხვევა. მცენარე ფოთლების ფართობის შემცირებით (დახვევით) სითხის დაკარგვის შემცირებას ცდილობს. ნორმალური ტემპერატურის რეჟიმის დაბრუნების შემდეგ ფოთლები ძველებურ ფორმას არ იბრუნებს, ეს მოსავლის შემცირებას ან დაკარგვას იწვევს. Novate გიამბობთ, როგორ დაიცვათ პომიდორი სიცხისგან სათბურში და დაცულ გრუნტზე, რომ მოსავალი არ დაკარგოთ.

რა გავაკეთოთ ცხელ ამინდში სათბურში

როცა გარეთ +30 გრადუსი სიცხეა, სათბურში +60 გრადუსი ტემპერატურაა! განვიხილოთ მეთოდები, რომლებიც სიცხეში პომიდვრის გადარჩენაში დაგეხმარებათ.

„გამაგრილების“ მონტაჟი

სათბურში წყლით სავსე კასრი დადეთ. ეს ერთგვარი გამაგრილებლის როლს ასრულებს. კასრში ცივი წყალი ჩაასხით, როცა სითხე გათბება, სარწყავად გამოიყენეთ. თბილი წყლის გახარჯვის მიხედვით, კასრი ცივი წყლით რეგულარულად აავსეთ.

ასე სარწყავად თბილი წყალი ყოველთვის გექნებათ, ხოლო პომიდორი სიცხეში მხოლოდ თბილი წყლით უნდა მორწყათ. სხვა შემთხვევაში მცენარე სტრესს მიიღებს, რაც მის იმუნიტეტს დააქვეითებს.

სათბურში რამდენიმე, მაგალითად, 3-4 კასრი შეგიძლიათ დადოთ. მათგან ერთი მწვანე სასუქით გაავსეთ. სასუქი დუღილის პროცესში ნახშირორჟანგს გამოყოფს, რომელიც ნაყოფის გემოს თვისებებზე დადებითად მოქმედებს (ნახშირორჟანგი პომიდორს უფრო ტკბილს ხდის).

მნიშვნელოვანია! თუ წყლის კასრებს გამაგრილებლად იყენებთ, დარწმუნდით, რომ სათბური კარგად ნიავდება. ორივე კარი (კარი და ფანჯარა) გააღეთ, რომ ორპირი ქარი იყოს. სხვა შემთხვევაში ჭარბმა სითხემ შეიძლება მცენარის წვერის ლპობა გამოიწვიოს.

დაჩრდილვა

მზის სხივების მოქმედების შესამცირებლად სათბურს თეთრი ქსოვილი ან სპეციალური დასაჩრდილავი მასალა დააფარეთ. ასე სათბურში ტემპერატურას შეამცირებთ და მცენარის დამწვრობას თავიდან აიცილებთ. ამ მეთოდის გამოყენებისას სათბურის კარგად განიავება არ დაგავიწყდეთ!

თუ შესაფერისი მასალა არ გაქვთ, თავად მცენარეები შეგიძლიათ „დაჩრდილოთ“. ამისთვის 1 ვედრო წყალში 1 ჭიქა ცარცი გახსენით და ამ ხსნარით მცენარე მორწყეთ. ცარცი ფოთლებზე თხელ ღია ან სითბოს ამრეკლავ ფირს ქმნის. ასე პომიდორს მზის სხივებისა და სიცხისგან დაიცავთ. მოგვიანებით რაიმე სასუქის დამატების აუცილებლობის შემთხვევაში, ფოთლებს ცარცი შლანგის ან პულვერიზატორის გამოყენებით წყლით მოაშორეთ.

სიცხის მიმართ მცენარის გამძლეობის გაზრდა

„ძმრის“ ხსნარი მოამზადეთ, რომ მცენარემ სიცხეს უკეთ გაუძლოს. მეთოდი მცენარეს გვალვისთვის ამზადებს, ამიტომ სიცხის დადგომამდე უნდა გამოიყენოთ. ძმარმჟავა მცირე კონცენტრაციით მცენარეში ტენიანობის ნაკლებობით გამოწვეულ სტრესს ამცირებს.

1 ლ 9%–იანი ძმარი 30 ლ წყალში გახსენით და მცენარე მორწყეთ. 1 ლ ხსნარი 1 დიდ მცენარეზე საკმარისია. მეთოდი როგორც პომიდვრის, ასევე ბადრიჯნის და წიწაკის დასამუშავებლად გამოგადგებათ.

მნიშვნელოვანია! ძმრის ხსნარი ნებისმიერი ტიპის ფესვების გამოკვებასთან თავსებადია.

როგორ დავიცვათ პომიდორი სიცხისგან დაცულ გრუნტზე

პომიდორი, წიწაკა და ბადრიჯანი დაცულ გრუნტზე ზედმეტი სიცხისა და მზისგან რომ დაიცვათ, თხევადი მინის ხსნარით დაამუშავეთ. ამისთვის ნატრიუმის ან კალიუმის თხევადი მინა გამოგადგებათ.

ხსნარის მომზადების მეთოდი: 2 ს/კ თხევადი მინა 10 ლ წყალში გააზავეთ. ამ ხსნარით მცენარე დანამეთ. ფოთლების თითოეულ დონეზე დამუშავება გაიმეორეთ.

მნიშვნელოვანია! დილით ადრე ან საღამოს დაამუშავეთ, როცა მცხუნვარე მზე არაა. მცენარე წვიმიან ამინდში ან წვიმის წინ არ დაამუშაოთ.

თხევადი მინის მოქმედების მექანიზმი: თხევადი მინის და წყლის ნარევის ფოთოლზე მოხვედრით იწყება ქიმიურ რეაქცია ნახშირორჟანგის მონაწილეობით – ფოთლების ზედაპირზე წარმოიქმნება კრემნიუმის დიოქსიდის კრისტალები, რომელთაც ძლიერი ამრეკლავი თვისებები აქვთ. ეს ფენა ჭარბ ინფრაწითელ გამოსხივებას და მზის სინათლეს ირეკლავს, ამით მცენარეს დამწვრობისა და გადახურებისგან იცავს. თხევადი მინის ხსნარი ზოგიერთ დაავადებასაც ანეიტრალებს, მათ შორისაა ნაცროვანი სოკო და ფიტოფთოროზი.

მეთოდი ტოქსიკური არაა, მცენარეს არ აზიანებს. თხევადი მინის ქიმიური კომპონენტები ნაყოფში არ გროვდება.