ძველი ინჟინერიის საოცრება: ესპანეთის ქალაქი, სადაც წყალი გრავიტაციას ბრძოლაში იწვევს

ნებისმიერ დროში ადამიანები დასახლებებს წყლის მახლობლად აშენებდნენ. გამონაკლისებიც არსებობს და ერთ–ერთი ასეთი მაგალითია ალჰამბრის ციხესიმაგრე ესპანეთის გრანადაში. ძველი ინჟინრების მიერ შემუშავებული უნიკალური ჰიდროტექნიკური სისტემის წყალობით ზღვის დონიდან 840 მეტრზე მოაწყვეს მდიდრული სასახლე, რომელიც შადრევნებით, არხებითა და გუბურებით სავსეა. ამავდროულად, წყლის უახლოესი წყარო მთის ძირიდან 6 კმ–ით დაშორებულია.

არა ერთი ათასწლეულის განმავლობაში ადამიანები დასახლებულ პუნქტებს (განსაკუთრებით დიდ ქალაქებს) წყლის წყაროსთან ახლოს აშენებდნენ და მნიშვნელობა არ ჰქონდა ეს მდინარე, ტბა, ოკეანის სანაპირო თუ ზღვა იყო. გამონაკლისი არ იყო ერთ დროს ძლიერი გრანადას სამეფო, რომელიც მდინარეებს დაროსა და გენილს შორის გაჭიმული იყო. ნაყოფიერი მიწები, რომელთაც 800 წლის განმავლობაში ისლამური მმართველები აკონტროლებდნენ, აყვავდა და მდინარეების ნაპირებზე გაიზარდა, ხოლო რეგიონის მთიანი ნაწილის ათვისება რამდენჯერმე სცადეს.

აღსანიშნავია: 840 მ სიმაღლის საბიკის თვალწარმტაცი ბორცვის დასახლების პირველი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, რადგან ბევრ ადამიანს წყლით ვერ უზრუნველყოფდნენ. მკვლევარები ირწმუნებიან, რომ ალჰამბრა (არაბულიდან წითელი ციხესიმაგრე), ასეთი სახელი მიიღო პირველმა ციხესიმაგრემ, მე-9 საუკუნეში აშენდა და მისი დამაარსებელია სავარ ბენ ჰამდუნი. მე-13 საუკუნეში, ნასრიდების დინასტიის პირველი მეფის, მუჰამედ I–ის მეფობის დროს პატარა ციხესიმაგრე მდიდრული სასახლეების მქონე ძლიერ დასახლებად გადაიქცა. ამ პერიოდში ინჟინრებმა და ხუროთმოძღვრებმა უნიკალური ჰიდროტექნიკური სისტემის შექმნა შეძლეს.

ამ დრომდე ადგილობრივები იყენებდნენ ასეკიას (არხების სისტემა), რომელიც მხოლოდ მდინარეების მიმდებარე ტერიტორიებს ფარავდა. ძველმა ესპანელებმა ექსპანსიის დროს ეს ტექნოლოგია სპარსელებისგან ისესხეს. ნასრიდების ინოვაცია იმდენად რევოლუციური იყო, რომ თანამედროვე ჰიდროტექნიკოსები და ინჟინრებიც მის სისტემაში გარკვევისას გაოცებულნი არიან. უცნობი ინჟინრების მიერ შექმნილი მექანიზმი მრავლდონიანი ტექნოლოგიაა, რომელიც 840 მ სიმაღლეზე წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს. სანამ წყალი არხების სისტემაში, წყალსაცავში, დიდ აუზში, ცისტერნაში, მრავალი მილის და აკვედუკის დახვეწილ ხლართებში რთულ სვლას დაიწყებდა, 6 კმ გზას გადიოდა.

ამ გამოგონების წყალობით წითელ გორაზე, როგორც მას ადგილობრივები უწოდებენ, მდიდრული სასახლე–პარკის კომპლექსი აშენდა. საუკუნენახევრის განმავლობაში მთის წვერში ციხესიმაგრეების კედლები გაფართოვდა და გაძლიერდა, აშენდა კოშკები, სასახლე Palacio de los Leones (ლომების სასახლე), მეჩეთები, ბაღები, აბანოები, ბევრი საცხოვრებელი სახლი და სამეურნეო შენობა.

კომპლექსის მთავარი სასახლე შედგება ცენტრალური ეზოსგან, რომელიც გარემოცულია სვეტებიანი გალერეებით (ქრისტიანული მონასტრის მსგავსი). დახვეწილად მორთული გადასასვლელების და გალერეების წყალობით შიდა ეზოდან შეგიძლიათ მოხვდეთ მდიდრულად მორთულ მისაღებ დარბაზებში, მმართველის მდიდრულ პალატებსა და მაღალი რანგის პირების რეზიდენციებში. თაღები, კამარები, დახვეწილი სვეტები და ბევრი ბოძი კერამიკული ფილებით, სხვადასხვა ელემენტით, ორნამენტებით და არაბული დამწერლობით უხვად მორთულია. აღსანიშნავია, რომ მუსულმანური და ქრისტიანული მოტივები სხვადასხვა დეკორაციებში ეფექტურად გადახლართულია. ემირ მუჰამედ V (დამფუძნებლის შთამომავალი) პედრო I მრისხანესთან (კასტილიის მეფე) მჭიდროდ ურთიერთობდა და მეგობრობდა კიდეც და ევროპული არქიტექტურის დიდი თაყვანისმცემელი იყო.

მომდევნო საუკუნეებში სასახლე Palacio de los Leones რამდენჯერმე გაფართოვდა, რამდენიმე კოშკი, საზაფხულო რეზიდენცია და დამხმარე შენობები შეემატა. მათი გარეგნობა იმ ეპოქის სტილსა და არქიტექტურას შეესაბამებოდა, რომელ პერიოდშიც ააშენეს. ბევრი ქანდაკება და მემორიალური აბრებიც დასვეს, რომლებიც ხეივნების, შადრევნების და წყალსაცავების დეკორაციად იქცა.

დღეს ალჰამბრის სასახლე–პარკის კომპლექსი მავრიტანული არქიტექტურის ერთ–ერთი საკულტო ნიმუშია, დიდწილად ჰიდროტექნიკური სისტემის გამო, რომელიც ჯერ კიდევ ძველმა ინჟინრებმა შექმნეს. ინჟინრებს სამშენებლო ტექნიკა, აღჭურვილობა და გამოცდილება არ ჰქონდათ, მაგრამ წყალს რამდენიმე კილომეტრის სიმაღლეზე ასვლა აიძულეს ძლიერი ტუმბოს გარეშე, რომელიც ასეთ რთულ ამოცანას, სავარაუდოდ, ვერ გაუმკლავდებოდა.

აღსანიშნავია, რომ წყალს არა მხოლოდ საყოფაცხოვრებო საჭიროებისთვის და ბაღების მოსარწყავად იყენებდნენ. ცხელი კლიმატის გათვალისწინებით მაცოცხლებელი სითხე შენობასა და მიმდებარე ტერიტორიებზე ჰაერს აგრილებდა. ამისთვის არხები და შადრევნები მოაწყვეს. ესენიც ხელოვნების ნიმუშებია. შადრევნების ჭავლები შიდა სასახლის, ბევრი ეზოს და ხეივნის, საზეიმო დარბაზის და გალერიის მთავარი გაფორმება გახდა. წყლის ობიექტები, რომლებიც მთავარი დარბაზის და თავად სასახლის შესასვლელს ამშვენებენ, მათი განლაგებით გამოირჩევა. შუა საუკუნეების ჰიდროტექნიკოსებმა შეძლეს წყლის ჭავლებისთვის ისეთი მიმართულების მიცემა, რომ ისინი გვირაბის ილუზიას ქმნიან, თაღის ფორმებს იმეორებენ (თუ გარკვეული კუთხიდან შეხედავთ).

მუსლიმების მიერ წყლის მიმართ მოწიწებულმა დამოკიდებულებამ მრავალი უნიკალური წყლის არქიტექტურული ობიექტის შექმნა გამოიწვია. მათგან გამოირჩევა სარწყავი არხის ეზო (Patio de la Acequia), მასზე მთავარი არხი გადის, რომლიდანაც წყალი სასახლეს, მეჩეთებს, ველმოჟის რეზიდენციას, მოსამსახურეების საცხოვრებლებს, ყაზარმებსა და ბაღებს მიეწოდებათ. ის გაფორმებულია ბევრი შადრევნით, მის გარშემო ყვავილები, ეგზოტიკური ბუჩქები და ხეებია დარგული. ეზოს გავლით შეგიძლიათ სადამკვირვებლო მოედანზე მოხვდეთ, აქედან ქალაქზე პანორამული ხედი იშლება.

იმის მიუხედავად, რომ 1492 წლიდან ალჰამბრა ხელიდან ხელში გადადიოდა (ჯერ კვლავ ესპანეთს დაუბრუნდა, მოგვიანებით ბურბონების ხელში აღმოჩნდა), წყლის და სპეციალური არქიტექტურული ობიექტების მშენებლობა გაგრძელდა.

მე-19 საუკუნეში გამოჩენილი ზედა ბაღის (Jardines Altos) მთავარი ღირსშესანიშნაობა გახდა წყლის კიბე (Escalera del Agua), რომლის მოაჯირში შადრევნების კასკადია ჩაშენებული. ასევე აღსანიშნავია რომანტიკული მირადორი (Mirador Romántico) – სადამკვირვებლო მოედანი, რომელიც 1836 წელს ნეოგოთურ სტილში ააშენეს და ალჰამბრის დანარჩენ შენობებს ყველაზე მეტად ეწინააღმდეგება. ქვედა ბაღი (Jardines Bajos), რომელიც ასევე არხებით, შადრევნებით და მცენარეულობით მორთულია, მე-20 საუკუნის დასაწყისში ააშენეს. გასული საუკუნის შუა წლებში აშენდა ღია თეატრი Teatro del Generalife, სადაც დღეს მუსიკის და ცეკვის ფესტივალები იმართება და რომელიც ათი ათასობით სტუმარს იზიდავს. ალჰამბრა ბევრ მოგზაურისთვის სხვა დროსაც მიმზიდველია, რაც უნიკალურ კომპლექსს ესაპნეთის ერთ–ერთ ყველაზე მონახულებად ღირსშესანიშნაობად აქცევს.