პრინცესა დიანას 5 რეზიდენცია, სადაც შეგიძლიათ არა მხოლოდ გაისეირნოთ, არამედ იცხოვროთ

პრინცესა დიანა ყველას გამორჩეულად უყვარდა. იგი მოდის კანონმდებელი იყო: მან ტანსაცმლის დიზაინში, ასევე ინტერიერის გაფორმებაში საკუთარი სტილი განავითარა. ლედი დის დახვეწილი გემოვნება აისახა იმ რეზიდენციების დიზაინში, სადაც სხვადასხვა წლებში ცხოვრობდა. ახლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისი სასახლეები, მამულები, ვილები და ბინები ნახოს. აქ არა მხოლოდ საოცარი ექსკურსიები ტარდება, არამედ ზოგიერთში შეგიძლიათ იცხოვროთ ან შეიძინოთ.

პრინცესა დიანა – გულების დედოფალი

სანამ დიდი ბრიტანეთის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული პრინცესის სამეფო აპარტამენტებს გადავხედავთ, ამ გამორჩეულ ქალსა და დედაზე, რომელმაც ხალხის სიყვარული მოიპოვა, რამდენიმე სიტყვის თქმა გვსურს. „ინგლისის ვარდი“ ასე უწოდებდნენ უელსის პრინცესა დიანას (დიანა ფრენსის სპენსერი), რომელიც 1961 წლის 1 ივლისს არისტოკრატების ოჯახში დაიბადა. როგორც მისი ოჯახის სტატუსს შეეფერება, განათლება სახლში მიიღო, შემდეგ იყო კერძო სკოლები და კოლეჯი.

ბევრი თვლის, რომ დიანამ პრინც ჩარლზზე დაქორწინებით იღბლიანი ბილეთი ამოიღო, მაგრამ მონარქების ცხოვრებაში ყველაფერი ასე მარტივი არაა. უბრალო ხალხთან ურთიერთობისკენ სწრაფვა, საავადმყოფოების მონახულება, სხვადასხვა საქვემოლმოქმედო და შვილების სასკოლო ღონისძიებებში მონაწილეობა ის მიზეზებია, რის გამოც ლედი დი ყველას უყვარს. ამაზე მეტყველებს 100 უდიდესი ბრიტანელის რეიტინგში მე-3 ადგილის დაკავება (BBC–ს გამოკითხვის მიხედვით), თან 11 სამეფო სისხლის მონარქი უკან დატოვა.

ეს გასაკვირი არცაა, ხალხი დიანას აღმერთებდა, მისმა სამშვიდობო და საქველმოქმედო პროექტებმა სამყარო ნამდვილად შეცვალა, ავადმყოფებს და გაჭირვებულებს (განსაკუთრებით შიდსით დაავადებულებებს) მეტი სითბო, ყურადღება, მოთმინება და სიყვარული მოუტანა. განქორწინების შემდეგაც, როცა პრინცესის სამეფო ტიტული დაკარგა, უბრალო ხალხი მისით აღტაცებას არ წყვეტდა. საბედისწერო ავარიამ, რომელიც 1997 წლის 31 აგვისტოს მოხდა, ლედის დის საოცარი ცხოვრება შეწყვიტა. და მაინც, მისმა მომხიბვლელობამ, ხიბლმა და თანაგრძნობის უნარმა წარუშლელი კვალი დატოვა ბრიტანელების გულში, რომლებიც მას ამდენი წლის შემდეგაც ვერ ივიწყებენ.

1. კენსინგტონის სასახლე

მთავარი რეზიდენცია, სადაც ახალგაზრდა წყვილი, პრინცი ჩარლზი და პრინცესა დიანა, დასახლდნენ, კენსინგტონის სასახლე იყო. მოკრძალებული ზომის და მორთულობის სასახლე ლონდონის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. გათხოვებიდან სიკვდილამდე ლედი დი მისი სრულუფლებიანი მფლობელი იყო. პრინცესა დიანამ გადმოსვლისთანავე სასახლის გაფორმება დაიწყო. ამ საქმეზე დიზაინერი დადლი პოპლაკი მუშაობდა, მაგრამ დიანას ჩარევის გარეშე სასახლეში არაფერი იცვლებოდა. ზოგიერთი ოთახის გაფორმებას მთელი პასუხისმგებლობით მიუდგა. ახალი მფლობელის დახვეწილი გემოვნების წყალობით სასახლე მოდურ თანამედროვე სივრცედ გადაკეთდა, რომლის მიბაძვას ყველა ცდილობდა, ისევე როგორც, ტანსაცმლის მოდელების არჩევისას.

პირველ სართულზე, როგორც წესია, მისაღები ოთახი, სასადილო და დასასვენებელი ოთახია, სადაც მიღებები იმართებოდა. სწორედ ამიტომ, მასში თავშეკავებული სტილი ჭარბობს. აი, მისი და ჩარლზის აპარტამენტები, განსაკუთრებით მისი პირადი კაბინეტი, დიანას მისწრაფებების ანარეკლი გახდა: მოსაპირკეთებელი მასალების (მათ შორის ავეჯის) პასტელური ლურჯ–ვარდისფერი გამა, დიდი თეთრი კარადა წიგნების კოლექციისთვის. საბავშვო სართული მომავალი მეფეებისთვის ღირსეულად მოწყობილი იყო. ბევრი სათამაშოს და მყარი ავეჯის გარდა, მოსიყვარულე დედამ ოთახს მდიდარი ფერები აქცენტად შემატა.

შეგახსენებთ, რომ ახლა კენსინგტონის სასახლე უფროსს ვაჟს და მის ოჯახს, კემბრიჯის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას, უილიამს, ქეთრინს და მათ შვილებს, ეკუთვნის. ამავდროულად, სასახლის ერთ ნაწილში მოწყობილია ლედი დის მუზეუმი, სადაც მისი ნივთები, ფოტოები და ავეჯის ნაწილია გამოფენილი. მცირე საფასურის სანაცვლოდ ნებისმიერ მსურველს შეუძლია სასახლის ამ ნაწილში მოხვდეს და ერთ–ერთი ყველაზე მშვენიერი და თვითკმარი ბრიტანელი პრინცესას ენერგეტიკა იგრძნოს.

2. ლედი დის საზაფხულო რეზიდენცია – ვილა Castillo Mallorca (ესპანეთი)

ვინაიდან, პრინცესა დიანა დიდების სხივებში ბანაობდა და ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო, ეს მდგომარეობა მისთვისაც დამღლელი იყო იმის მიუხედავად, რომ კამერის წინ გამოჩენის წინააღმდეგი არ იყო. ზაფხულში, როცა მოდუნება და დასვენება შესაძლებელი იყო, დიანა გარბოდა ესპანეთში, კერძო კუნძულზე, სადაც სამეფო წყვილს მდიდრული ვილა Castillo Mallorca ჰქონდათ. საბედნიეროდ, საზაფხულო რეზიდენციაში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენით ან ზღვიდან იახტით შეიძლებოდა, რაც დამთვალიერებლების და პაპარაცების ნაკადს ზღუდავდა. აღსანიშნავია, რომ მამული ნახევარკუნძულის მეოთხედს იკავებდა და მაქსიმალურად იზოლირებული იყო. სწორედ ამიტომ, აქ პრინცესა დიანას, რომელსაც ყოველთვის ჟურნალისტების და ფოტოგრაფების მთელი ბრბო დაყვებოდა, განმარტოებით დასვენება შეეძლო.

როგორც ასეთი წოდების მფლობელებს შეეფერება, მამულის ტერიტორიაზე მოწყობილი იყო ვილა და ცალკე სასტუმრო სახლი, თუმცა მთავარ სახლში გათვალისწინებული იყო მთელი 7 საძინებელი, ამიტომ განსაკუთრებული სტუმრებისთვის ადგილი მოიძებნებოდა. სამეფო სასახლეში, რომელიც 1,4 ათას მ²–ს იკავებდა, საძინებელი ოთახების გარდა, მოწყობილი იყო: მისაღები ოთახი, სასადილო, მუსიკალური დარბაზი, საბილიარდო, საუნა, სავარჯიშო დარბაზი, აუზი ტერასით დასასვენებლად და საზაფხულო სამზარეულო–სასადილო. ამ ვილის მთავარი ღირსშესანიშნაობა, რა თქმა უნდა, „ლედი დიანას ოთახი“ იყო.

დიანას გარდაცვალების შემდეგ მამული სურნელოვან ბაღად გადააქციეს, შემდეგ სამეფო ვილა 38 მლნ ევროდ გაყიდეს, რაც მაშინ მაიორკის ყველაზე ძვირადღირებულ უძრავ ქონებად ითვლებოდა. ახალმა მფლობელმა ვილა მდიდრულ სასტუმროდ გადააკეთა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია დაისვენოს (ვისაც საკმარისი ფული აქვს). ყველაზე ძვირადღირებული ლუქსია ზუსტად ის „ლედი დიანას ოთახი“.

3. სააგარაკო მამული Highgrove გლოსტერშირის საგრაფოში

როცა ახალგაზრდა ოჯახი მატებას ელოდა, პრინცმა ჩარლზმა გლოსტერშირის საგრაფოში სააგარაკო მამული Highgrove შეიძინა, რომ დიანა და ბავშვები სურნელოვანი ბაღების გარემოცვაში სუფთა ჰაერზე ყოფილიყვნენ. საკმაოდ დიდი მამულია, სადაც 364 ჰა მიწაზე გაშლილია პარკის ზონა, ასევე ნამდვილი ტყე, სასოფლო–სამეურნეო მიწა და ფერმა. სასახლე სამსართულიანი შენობაა, რომელიც ნეოკლასიკურ სტილშია აშენებული. აქ ნახავთ რამდენიმე მისაღებ დარბაზს, სასტუმრო ოთახს, სასადილოს, ცოლ–ქმრის კაბინეტებს, საბავშვო კუთხეს და პერსონალის ოთახებს.

ამ დროისთვის სასახლე ექსკურსიებს არ იღებს, მაგრამ პარკში გასეირნება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვინც გლოსტერშირს ეწვევა. როდოდენდრონებს შორის დღემდე შემორჩენილია მემკვიდრეების ხის სახლი, რომელიც დიანამ თავად გააკეთა. აქვე ნახავთ ობელისკს, ომანის სულთნის საჩუქარს.

4. დიანას ბინა Earls Court–ის უბანში მისამართზე 60 Coleherne

დიანას დედამ, როცა გოგონას მამის სახლიდან წასვლის დრო დადგა (მე-18 იუბილეზე), Earls Court–ის უბანში, Coleherne–ს ქუჩაზე ფართო ბინა აჩუქა. მომავალი პრინცესა Knightsbridge–ის პრესტიჟულ კვარტალში საცხოვრებლად არა მარტო, არამედ დაქალებთან ერთად გადავიდა. ამ დროს კოლეჯი მიატოვა, სწავლა არ დაამთავრა, ამიტომ მასწავლებლის ასისტენად მუშაობა მოუწია, რომ დამოუკიდებლად ცხოვრება შეძლებოდა.

ახალგაზრდა დიანამ ოთხოთახიან ბინაში მხოლოდ 2 წელი, გათხოვებამდე იცხოვრა. როცა ჭორები გავრცელდა, რომ დედოფალმა ელისაბედმა პრინც ჩარლზის საცოლედ დიანა აარჩია, პაპარაცებმა დიანას ძველ სახლთან ყარაულობა დაიწყეს. მას შემდეგ, რაც დიანა კლარენს ჰაუსში, დედოფალი დედის რეზიდენციაში (ნიშნობის დღემდე) გადავიდა, ბინის დატოვება მეგობრებსაც მოუწიათ. დაოჯახებიდან მალევე პრინცესას დედამ ბინა თითქმის 127 ათას დოლარად გაყიდა, თუმცა 2 წლის წინ ბინა ორჯერ უფრო იაფად იყიდა. ახლა სამეფო უძრავი ქონების მფლობელმა ბინა გასაყიდად გამოიტანა, მაგრამ უკვე 1,2 მლნ დოლარს ითხოვს.

5. სპენსერების მამულები, სადაც დიანამ ბავშვობა და ახალგაზრდობა გაატარა

სამეფო სასახლე Park House სანდრინგჰემის სამკვიდროში არის ადგილი, სადაც დიანა დაიბადა და ცხოვრების პირველი წლები გაატარა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ Sandringham estate სამეფო ოჯახის ერთ–ერთი სააგარაკო რეზიდენციაა. ის 1863 წელს მეფე ედუარდ VII–სთვის ააშენეს, შემდეგ სპენსერების ოჯახს იჯარით გადაეცა, რომლებმაც ის დიანას მშობლების განქორწინების გამო სამუდამოდ მიატოვეს.

წლების განმავლობაში უზარმაზარი სასახლე ცარიელი იყო და საცხოვრებლად უვარგისი გახდა, სანამ დედოფალმა ელისაბედმა II ქონება საქველმოქმედოდ არ გასცა. ახლა მასში სარეაბილიტაციო ცენტრია გახსნილი, რომელიც შშმ პირებზე დროებით ზრუნავს (სასტუმროსავით მუშაობს). ეს საქველმოქმედო ორგანიზაცია სასახლეს დღემდე იკავებს. Sandringham estate–ს ტერიტორიაზე მოხვედრა ნებისმიერ მსურველს შეუძლია და აუცილებელი არაა, რომ შშმ პირი იყოთ. აქ შეგიძლიათ დიდებულ პარკში, მრავალსაუკუნოვან ხეებს და სურნელოვან კლუმბებს შორის გაისეირნოთ.

სპენსერების საგვარეულო ქონება Northamptonshire–ში გახდა ადგილი, სადაც დიანამ მშობლების განქორწინების შემდეგ ახალგაზრდობის წლები გაატარა იმ დრომდე, სანამ ლონდონის ბინაში გადავიდოდა. მამული Althorp House სპენსერებს მე-16 საუკუნიდან ეკუთვნის და რამდენიმე საუკუნის მანძილზე ინგლისის მაღალი საზოგადოების ცხოვრების მთავარ ცენტრად ითვლებოდა, სადაც საოცარი მიღებები, მეჯლისები და საღამოები იმართებოდა.

სპენსერების საკუთრებაშია 1,5 ათასი ჰა მიწა, ისტორიული შენობები, უზარმაზარი სასახლე მდიდრულად მორთული 90 ოთახით და წიგნების, ხელოვნების ნიმუშებისას და ანტიკვარული ნივთების უნიკალური კოლექციებით. ამ დროისთვის უმდიდრესი ბიბლიოეთეკა, ასევე ზოგიერთი ნახატი კერძო კოლექციებსა და უნივერსიტეტებშია (ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში). ის, რაც დარჩა, ჩარლზის მფლობელობაშია, სპენსერის მე-9 გრაფი (ლედი დიანას უმცროსი ძმა). იმის მიუხედავად, რომ ქონება საცხოვრებელია, მასში ექსკურსიებს ატარებენ და რამდენიმე ღამის გათევასაც შეძლებთ. მართალია ამის გაკეთება მხოლოდ 1 ივლისიდან 30 აგვისტომდე შეიძლება, როცა მფლობელი სასახლეს ტოვებს და დასასვენებლად მიდის.

მათთვის, ვისაც მოლხენა და მდიდრულ აპარტამენტებში ცხოვრება სურს, რამდენიმე ნომერია მოწყობილი. ჩვეულებრივ ლუქსში ერთი ღამე 20 ათასი ევრო დაგიჯდებათ. აი, პრემიუმ კლასის ნომრისთვის ერთ ღამეში 35 ათასი ევროს გადახდა მოგიწევთ. სამაგიეროდ, ერთი დღით შეგიძლიათ მდიდრული ცხოვრებით დატკბეთ ოჯახური პორტრეტების გარემოცვაში, რომელთა შორის სამეფო პირებსაც ნახავთ ჰენრი VII ტიუდორი, ჩარლზ II და ჯეიმზ II სტიუარტი. აღსანიშნავია, რომ ჩარლზ სპენსერი მიღებულ შემოსავალს საქველმოქმედო ფონდებში ხარჯავს.

აღსანიშნავია: ლედი დიანას თაყვანისმცემლები, რომელთა რაოდენობა წლების განმავლობაში არ მცირდება, ტერიტორიაზე მოხვედრას კიდევ ერთი მიზეზით ცდილობენ. აქ, შუა ტბაში პრინცესა დიანას საფლავია, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ მხოლოდ მაშინ, როცა ძმა თავის სასახლეს ორი თვით ტოვებს.