გემრიელი სახლის ნაყინის 6 რეცეპტი ცხელი ზაფხულისთვის

კენკრის, ხილის, კაკლის, შოკოლადის, ვანილის – ნაყინი, რომელიც როგორც უფროსებს, ასევე ბავშვებს უყვართ, განსაკუთრებით სიცხეში, როცა რაღაც მსუბუქი და გამაგრილებელი გვინდა. Novate–ს რეცეპტები კარგი მიზეზია, რომ ბევრისთვის საყვარელი დელიკატესი მოამზადოთ, საკუთარი თავი და ახლობლები გემრიელი შინ დამზადებული ნაყინით გაახაროთ.

1. ფსტას გემოთი

შინ დამზადებულ ფსტას ნაყინს შეუძლია კონკურენცია გაუწიოს შოკოლადის და ვანილის ნაყინს, რომლებიც, როგორც წესი, საყვარელ გემოებს შორის ლიდერობენ. ეს გასაკვირი არცაა.

ინგრედიენტები:

  • 250 გ უმარილო გასუფთავებული ფსტა
  • 0,5 ლ ცხიმიანი ნაღები (20-30%)
  • 1 კვერცხი
  • 120-150 გ შაქარი
  • 1 დიდი ტოტი ახალი პიტნა

მომზადების წესი:

  1. ფსტა საგორავით დააქუცმაცეთ, შემდეგ ფქვილის მიღებამდე დაფქვით.
  2. შაქარი და კვერცხი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ.
  3. 1 ჭიქა ნაღები ოდნავ შეათბეთ, თანდათან კვერცხის მასას დაუმატეთ, ათქვეფა გააგრძელეთ.
  4. დარჩენილი ნაღები სქელი ქაფის მიღებამდე ათქვიფეთ.
  5. ორივე მასა გააერთიანეთ.
  6. დაქუცმაცებული კაკალი და პიტნა დაუმატეთ. კარგად შეურიეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე მსუბუქად ათქვიფეთ.
  7. მიღებული ნარევი ფორმებში ჩაასხით. პარკი დააფარეთ და 5-6 საათით საყინულეში შეინახეთ.
  8. მზა ფსტას ნაყინი ჭიქებში გადაანაწილეთ, ახალი პიტნით გააფორმეთ.

2. შავი წიწაკით და შოკოლადით

ზომიერად ტკბილ–ცხარე შოკოლადის ნაყინი შავი წიწაკით ნამდვილი კულინარიული შედევრია, რომელიც გაჯერებული გემოთი და არომატით გვახარებს. დელიკატესი ცივ ძლიერ უშაქრო ყავას კარგად უხდება.

ინგრედიენტები:

  • 4 კვერცხი
  • 350-400 მლ რძე
  • 150 გ შაქარი
  • 350-400 მლ ცხიმიანი ნაღები (35%)
  • მწიკვი მარილი
  • 1 ჩ/კ შავი წიწაკის მარცვლები
  • 2 ჩ/კ კონიაკი
  • 2,5 ფილა (თითო 100 გ) მწარე შოკოლადი (70-80%)

მომზადების წესი:

  1. სქელძირიან ქვაბში მარილი, შაქარი და რძე აურიეთ. სუსტ ცეცხლზე დადგით.
  2. კვერცხის გულები ცილებისგან გააცალკევეთ და მსუბუქად ათქვიფეთ.
  3. როგორც კი, რძე გაცხელდება, ათქვეფილ კვერცხს ცოტა დაუმატეთ. ნაზად აურიეთ.
  4. მიღებული კვერცხის ნარევი ქვაბში რძეს დაუმატეთ. სუსტ ცეცხლზე გასქელებამდე ხარშეთ. დროდადრო ურიეთ.
  5. შოკოლადი პატარა კუბებად დაჭერით. წყლის ორთქლზე გაადნეთ.
  6. შოკოლადი კვერცხი–რძის ნარევს დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ.
  7. ყინულიანი წყლით სავსე თასზე ზემოდან დადეთ და კარგად გააგრილეთ.
  8. ნაღები ნახევრად გასქელებამდე ათქვიფეთ. კონიაკი და ახალდაფქული წიწაკა დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად ურიეთ და კვლავ ათქვიფეთ.
  9. მიღებული ნარევი შოკოლადის ნარევს აურიეთ.
  10. შოკოლადის მასა ფორმებში გადაანაწილეთ. თავსახური ან პარკი დაახურეთ. 10-12 საათით საყინულეში შეინახეთ.

3. მოცხარით და ლიმონის ცედრით

შავი მოცხარის ნაყინი ლიმონის ცედრით წვნიანი გემოთი და ნათელი ფერით გამოირჩევა. გვახსენებს, რომ ზაფხული წლის საოცარი პერიოდია.

ინგრედიენტები:

  • 200 გ შავი მოცხარი
  • 6 კვერცხი
  • 160 გ შაქარი
  • 250 გ რძე
  • 250 გ ცხიმიანი ნაღები
  • 1,5 ს/კ წყალი
  • 1 ჩ/კ კონიაკი
  • 1 ლიმონი
  • მწიკვი ვანილი

მომზადების წესი:

  1. ლიმონი გარეცხეთ და გაამშრალეთ. ნახევარი ლიმონიდან წვრილ სახეხზე ცედრა გახეხეთ.
  2. სქელძირიან ქვაბში შავი მოცხარი, წყალი, კონიაკი და სუფრის კოვზი შაქარი აურიეთ.
  3. ადუღებამდე მიიყვანეთ. 8-10 წუთით სუსტ ცეცხლზე ხარშეთ, პერიოდულად ურიეთ. ამის შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით და კარგად გააგრილეთ.
  4. ღრმა ტაფაში რძე და ნაღები შეურიეთ. სუსტ ცეცხლზე დადგით, კარგად გააცხელეთ, მაგრამ ადუღებამდე არ მიიყვანოთ.
  5. შაქარი, კვერცხის გულები და ვანილი თასში აურიეთ. თეთრი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ.
  6. მიღებულ მასას რძის ნარევი ფრთხილად ჩაასხით, ჩანგლით ან სათქვეფით მუდმივად ურიეთ.
  7. ყველაფერი სქელძირიან ქვაბში მოათავსეთ. სუსტ ცეცხლზე დადგით, გასქელებამდე ხარშეთ, მუდმივად ურიეთ და ადუღება არ დაუშვათ.
  8. მიღებული ნარევი ცეცხლიდან გადმოდგით და ყინულიანი წყლით სავსე თასზე დადეთ, რომ კარგად გაგრილდეს.
  9. ლიმონის ცედრა დაუმატეთ და აურიეთ.
  10. ცივ ნარევს შავი მოცხარი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
  11. მიღებული ნარევი ფორმებში ჩაასხით. პარკი ან თავსახური დაახურეთ. 10-12 საათით საყინულეში შედგით.

4. კარამელით

კარამელის ნაყინი სწრაფად და მარტივად მზადდება, მისი გემო გულგრილს არავის დატოვებს.

ინგრედიენტები:

  • 1 ლ და 200 მლ ცხიმიანი ნაღები
  • 8 კვერცხი
  • 270 გ შაქარი
  • მწიკვი მარილი

მომზადების წესი:

  1. კვერცხის გულები ცილებისგან გააცალკევეთ. ზუსტად 150 გ შაქარი დაუმატეთ. კარგად აურიეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ.
  2. 200 მლ ნაღები დაუმატეთ და კიდევ ერთხელ ათქვიფეთ.
  3. ნაღები, რომელიც დაგრჩათ, ღრმა ტაფაში ჩაასხით. სუსტ ცეცხლზე დადგით და ადუღებამდე მიიყვანეთ და მაშინვე ქურიდან გადმოდგით. პერიოდულად ურიეთ.
  4. კვერცხის და ნაღების ნარევები შეურიეთ.
  5. სუსტ ცეცხლზე მოამზადეთ, პერიოდულად ურიეთ. ადუღებამდე მიიყვანეთ და მაშინვე ქურიდან გადმოდგით. კარგად გააგრილეთ.
  6. ღრმა ტაფაში დარჩენილი შაქარი და ცოტა წყალი შეურიეთ. სუსტ ცეცხლზე გაადნეთ და კარამელი მოამზადეთ.
  7. კარამელი მზა მასას ფრთხილად აურიეთ.
  8. ფორმებში ჩაასხით. პარკი ან სახურავი დაახურეთ. საყინულეში 10-12 საათით შედგით.

5. ნესვით

ნაზი, არომატული და წარმოუდგენლად გემრიელი – სწორედ ასეთია ნესვის ნაყინი, რომელიც პირდაპირ პირში დნება.

ინგრედიენტები:

  • 300 გ ნესვის რბილობი
  • 300 გ ცხიმიანი ნაღები
  • 10 გ შესქელებული რძე

მომზადების წესი:

  1. ნესვის რბილობი პატარა ნაჭრებად დაჭერით. ბლენდერის ჭიქაში ან თასში მოათავსეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ.
  2. ძალიან ცივი ნაღები თასში გადაიტანეთ და კარგად ათქვიფეთ.
  3. თანდათან შესქელებული რძე დაუმატეთ, ათქვეფა განაგრძეთ.
  4. ნესვის პიურეც დაუმატეთ და კარგად ათქვიფეთ.
  5. მიღებული ნარევი ფორმებში ჩაასხით. თავსახური ან პარკი დაახურეთ. საყინულეში 10-12 საათით გააჩერეთ.

6. ქოქოსით და მაყვალით

ქოქოსის ნაყინი მაყვალით კიდევ ერთი ნაყინია, რომელიც ღვთიურ სიამოვნებას მოგანიჭებთ.

ინგრედიენტები:

  • 420 მლ ქოქოსის რძე
  • 2,5 ს/კ ცხიმიანი ნაღები
  • 300 გ მაყვალი
  • 6-7 ჩ/კ შაქარი
  • 1 ლაიმი

მომზადების წესი:

  1. სქელძირიან ქვაბში მაყვალი და შაქარი აურიეთ. სუსტ ცეცხლზე დადგით და 3-4 წუთით გააცხელეთ.
  2. როგორც კი, წვენი გამოუვა, მაშინვე ქურიდან გადმოდგით. ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ და დააბლენდერეთ.
  3. ქოქოსის რძე კარგად ათქვიფეთ. ნაღები და ლაიმის წვენი (ნახევარი) დაუმატეთ, აურიეთ და კვლავ ათქვიფეთ.
  4. რძიან მასას კენკრის პიურე დაუმატეთ და მსუბუქად ათქვიფეთ.
  5. მიღებული მასა ფორმებში ჩაასხით. თავსახური ან პარკი დააფარეთ. 10-12 საათით საყინულეში მოათავსეთ.