10 კულინარიული რჩევა, რომელსაც ბრძენი დიასახლისები მზარეულის წიგნში ბეჯითად წერენ

კერძების მომზადება შეიძლება იყოს როგორც ერთ–ერთი საყვარელი პროცესი, რომელიც შთაგონებას და შექმნის სურვილს იწვევს, ასევე მოსაწყენი აუცილებლობა. Novate გიზიარებთ რამდენიმე ხრიკს, რომელთა დახმარებით კერძებს მარტივად მოამზადებთ და სტანდარტულ კერძს გემრიელ ხიბლს შემატებთ. ასე კულინარიული პროცესები სიამოვნებას მოგანიჭებთ.

რჩევა 1: კვერცხი სალათისთვის საჭყლეტით დაჭყლიტეთ

თუ კვერცხის შიგთავსით პეროგის ან სალათის მომზადებას აპირებთ, დანის ან ჩანგლის ხელში აღება არ იჩქაროთ. დაქუცმაცების პროცესი გამარტივდება, თუ კარტოფილის საჭყლეტს გამოიყენებთ. რამდენიმე მოძრაობა და კვერცხი საჭირო ფორმას და ზომას მიიღებს. მთავარია, არ გაგიტაცოთ, რომ კვერცხის ფაფა არ მიიღოთ.

რჩევა 2: ბლინის ცომი ჩინური ჩხირებით გაანაწილეთ

ერთი შეხედვით, ბლინი მარტივი და სწრაფი კერძია. სინამდვილეში, ორ სერიოზულ პრობლემას შეიძლება შეეჯახოთ. პირველ რიგში, იდეალური ცომი გოროხების გარეშე ყველას არ გამოსდის. მეორეც, მომავალი ბლინის ფორმირებისას ხარვეზები ჩნდება. არადა ყველას სურს, რომ ბლინი თხელი, ლამაზი და იდეალური იყოს. თუ პირველი პრობლემის მოგვარება შეიძლება მიქსერის გამოყენებით, რომელიც გოროხებს დაშლის, მეორე შემთხვევაში ცოტა წვალება მოგიწევთ. არ გამოგდით ცომის თანაბრად განაწილება მაშინაც კი, როცა ტაფას ატრიალებთ? გამოიყენეთ მარტივი ხრიკი: სუშის ჩხირი აიღეთ, შუაზე გაღუნეთ, შემდეგ ცომზე გადაატარეთ. ასე იდეალურად მრგვალ ბლინს მიიღებთ. მარტივი და სწრაფია.

რჩევა 3: ლიმონი გაყინეთ, რომ სწრაფად გახეხოთ

ლიმონი ბევრი კერძის რეცეპტში გვხვდება. სასიამოვნოა მისი დამატება ცომეულში, სოუსში, ცხელ კერძსა და კოქტეილში, რაც გასაკვირი არაა, რადგან პიკანტურ გემოს და მსუბუქ ციტრუსის არომატს იძლევა. ერთი დეტალი: ახალი ლიმონის გახეხვა წარმოუდგენლად რთულია. პროცესმა 5-10 წუთი შეიძლება წაგართვათ და ამ დროში ინანებთ, რომ კერძში ლიმონის დამატება გადაწყვიტეთ.

საბედნიეროდ, გამოსავალი არსებობს. ცედრა რომ გახეხოთ და თეთრ ფენას არ შეეხოთ, რომელიც მზა კერძს სიმწარეს ანიჭებს, ლიმონი გაყინეთ. საყინულეში რამდენიმე საათით გაჩერებული ყინული „კონტაქტზე“ ადვილად გამოდის.

ყურადღება მიაქციეთ: თუ ლიმონათის მოყვარული ხართ და ხშირად ამზადებთ, გახსოვდეთ, რომ ლიმონი გაწურვამდე ჯერ უნდა გაყინოთ, შემდეგ გაალღოთ. ასეთი მოქმედების შემდეგ მეტ წვენს მიიღებთ.

რჩევა 4: კარაქი წყლის ორთქლზე დაარბილეთ

ბევრი კერძის ინგრედიენტების სიაში ხშირად რბილი კარაქი შედის, რაც ბოლოს გვახსენდება. თუ დრო არ გაქვთ, რომ ახლახანს მაცივრიდან გამოღებული კარაქის გალღობას დაელოდოთ, მაშინვე მიკროტალღუღ ღუმელში არ გააგზავნოთ ან ღრმა ტაფაში ქურაზე არ დადოთ. უფრო ნაზი მეთოდიც არსებობს, რომ კარაქი დარბილდეს და არ გალღვეს. საჭირო ზომის ნაჭერი თასში ჩადეთ და ცხელი წყლით სავსე ქვაბზე დადეთ. წყლის ორთქლი კარაქის სწრაფად დასარბილებლად იდეალური მეთოდია.

რჩევა 5: გაყინული ბოსტნეული მომზადებამდე არ გაალღოთ

თუ კარაქს მაცივრიდან დროულად გამოღება და ოთახის ტემპერატურაზე გაჩერება სჭირდება, რომ საჭირო კონსისტენციას მიაღწიოს, გაყინულ ბოსტნეულს საპირისპირო მიდგომა სჭირდება. მომზადებამდე არ გაალღოთ, თუნდაც შიშობდეთ, რომ მზა კერძი წყლიანი გამოვა. საქმე იმაშია, რომ გალღობილი ბოსტნეული წვნიანობას და ხრაშუნა ტექსტურას კარგავს. გარდა ამისა, უგემური ხდება და კარგავს მკვებავ ნივთიერებებს, რომლებიც გაყინვისას მასში შენახული იყო – ვიტამინები წყალთან ერთად გადის.

რჩევა 6: ახალ მწვანილს ვადის გასაზრდელად პარკი დააფარეთ

ყოველდღე ახალი მწვანილის საყიდლად ბაზარში წასვლა მოუხერხებელია, მაგრამ რა გავაკეთოთ, თუ ბალახი ყიდვიდან მეორე დღეს ჭკნება? საყვარელი ოხრახუშის, კამის და ქინძის ვადის გახანგრძლივება ძალიან მარტივია, თუ შემდეგ ხრიკებს გამოიყენებთ. მწვანილი გამდინარე წყალში კარგად გარეცხეთ, ქაღალდის პირსახოცზე დააწყვეთ, რომ გაშრეს. ამის შემდეგ ჭიქა წყალში ჩადეთ და პარკი დააფარეთ. ასე ახალ მწვანილს რამდენიმე დღე არაფერი მოუვა. მთავარია, მწვანილის ლპობა არ დაუშვათ.

რჩევა 7: დარიჩინი სახეხის წვეტიანი მხრიდან გახეხეთ

სახეხის წვეტებიან მხარეს ხშირად დაუმსახურებლად უყურადღებოდ ტოვებენ და თვლიან, რომ მას სარგებელი არ აქვს. ეს მცდარი მოსაზრებაა. სახეხის ამ მხარის გამოყენების მინიმუმ 3 ვარიანტი არსებობს. პირველი, მისი დახმარებით ხილის და ბოსტნეულის პიურე შეგიძლიათ გააკეთოთ. მეორე, ნატურალური წვენის მომზადების პროცესს ამარტივებს. მესამე, მუსკატის კაკლის ან დარიჩინის მსგავსი სანელებლების გასახეხად იდეალურია.

რჩევა 8: ხახვის სუნი უმი კარტოფილით გაანეიტრალეთ

ხახვი კულინარიაში პოპულარული ბოსტნეულია. მას უმატებენ კერძებს, რომ უფრო წვნიანი გახდეს და პიკანტური ნოტები შემატოს. ეს ხელს არ უშლის დიასახლისებს, რომ ხახვთან მუშაობა მთელი გულით სძულდეთ. პირველ რიგში, ხახვის დაჭრა ცრემლდენას იწვევს, მეორეც, უსიამოვნო სუნს ტოვებს, რომელიც ხელებსა და საჭრელ დაფაზე ჯდება. საპნით და ჭურჭლის სარეცხი საშუალებით წყლის პროცედურებიც სპეციფიკურ არომატს ყოველთვის ვერ ანეიტრალებს.

პირველ პრობლემას მოაგვარებთ, თუ ხახვს დაჭრამდე გააცივებთ. ორი ვარიანტი: ბოსტნეული 30 წუთით მაცივარში ან 15 წუთით საყინულეში შეინახეთ. ასე ნივთიერება, რომელიც წვენთან ერთად გამოდის და ცრემლდენას იწვევს, განეიტრალდება და ხახვს მშვიდად დაჭრით.

მეორე პრობლემის მოსაშორებლად შემდეგი ხრიკების გამოყენებას გირჩევთ: 1 კარტოფილი გათალეთ, შუაზე გაჭერით და თითებზე წაისვით. კარტოფილი ხახვის სუნს ანეიტრალებს. საჭრელ დაფას მარილი მოაყარეთ და ნახევარი ლიმონით გახეხეთ. ასე უსიამოვნო სუნი უკვალოდ გაქრება და მსუბუქ ციტრუსის ნოტებს დატოვებს.

რჩევა 9: კვერცხი ღუმელში გამოაცხვეთ

ზოგჯერ კვერცხის ნაჭუჭისგან გაფცქვნა ნამდვილი ჯოჯოხეთია, რადგან ნაჭუჭთან ერთად ნახევარი ცილაც შორდება და პროდუქტი ფაფა ხდება. ასეთი რამ ისეთ კვერცხსაც შეიძლება დაემართოს, რომელსაც 1 კვირა მაცივარში ინახავდით, თუმცა ადამიანების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ მხოლოდ ახალ კვერცხზეა რთული ნაჭუჭის მოშორება. როგორც არ უნდა იყოს, უნდა იპოვოთ მეთოდი, რომელიც კვერცხის სწრაფად და დანაკარგის გარეშე გაფცქვნაში დაგეხმარებათ. ღუმელში გამოცხობას გირჩევთ. 160 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში კვერცხი მოათავსეთ. წინასწარ კექსის ფორმაში ჩადეთ. 30 წუთით აცხვეთ, შემდეგ 10 წუთით ცივ წყალში გადაიტანეთ. კარგი მეთოდია, თუ დიდი ოჯახი გყავთ, რომელთაც მოხარშული კვერცხი საუზმეზე უყვართ.

თუ მხოლოდ 3-4 კვერცხის მოხარშვა გსურთ, სხვა მეთოდი სცადეთ: ხარშვისას ცხელ წყალს 1 ნაჭერილიმონი დაუმატეთ. ასე ნაჭუჭს ადვილად მოაშორებთ.

რჩევა 10: ნივრის საჭყლეტით პურს კარაქი თანაბრად წაუსვამთ

თუ კარაქიანი პურით ხშირად საუზმობთ, კარგად იცით, რა რთულია გაყინული კარაქის პურზე წასმა, რადგან იფშვნება. ორი ვარიანტი: ან დაელოდეთ, სანამ კარაქი დარბილდება და უფრო დამყოლი გახდება, ან კარაქის ნაჭერი ნივრის საჭყლეტით დაჭყლიტეთ. კარაქი უფრო რბილი გახდება და პურს ადვილად წაუსვამთ.