8 რამ, რაც სიცხეში არ უნდა გააკეთოთ, რომ საკუთარ თავს ზიანი არ მიაყენოთ

ბევრ ადამიანს მწველი მზის და სიცხის გადატანა უჭირს. ეს არა მხოლოდ დისკომფორტს და დაღლილობას იწვევს, არამედ ქრონიკული ან ნებისმიერი სხვა დაავადებები შეიძლება გაამწვავოს. Novate გიამბობთ, სიცხეში ქცევის ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს. ზოგიერთი მათგანი გაგაოცებთ.

1. ტკბილი გაზიანი სასმელის დალევა

ცხელ დღეებში ტკბილი გამაგრილებელი სასმელების დაორთქლილი ქილებით სავსე მაცივარი გვიზიდავს. ვფიქრობთ, რომ ცივი შუშხუნა წყურვილს კარგად კლავს და აგრილებს. სინამდვილეში, ასე არაა. როცა შაქარი სისხლში ხვდება, წყალი ორგანიზმიდან გამოდის, რომ სისხლში ბალანსი აღადგინოს, ხოლო ღვიძლში იწარმოება ჰორმონი FGF21, რომელიც შემდეგ ჰიპოთალამუსში გადადის და წყურვილს იწვევს. სასმელის დამატკბობელი სისხლში სწრაფად ხვდება, ამიტომ 5-10 წუთში კვლავ მოგწყურდებათ.

პრინციპში ამაში საშიში არაფერია, გარდა იმისა, რომ ზედმეტი კილოგრამები შეიძლება მოიმატოთ. აი, როცა გაუწყლოების მდგომარეობაში ხართ, ყველაფერი გაცილებით რთულადაა.

ტკბილი სასმელებით წყლის ბალანსის აღდგენის მცდელობა სითხის დეფიციტს მხოლოდ ამწვავებს და თირკმლებს აზიანებს. გაზიანი ტკბილი სასმელი ელექტროლიტების ბალანსის აღსადგენადაც უსარგებლოა: მასში 7,5-ჯერ ნაკლები ნატრიუმი შედის და ზუსტად ამდენჯერ მეტი გლუკოზა, ვიდრე ჰიპონატრიემისგან დასაცავად საჭიროა. სწორედ ამიტომ, გაზიანი სასმელების ფერად ქილებს თამამად ჩაუარეთ და სუფთა უგაზო სასმელი წყალი აირჩიეთ.

2. წყლის შენახვა პლასტმასის ბოთლში

პლასტმასის ბოთლი პოლიეთილენის ტერეფტალატისგან (PET) ან პოლიკარბონატისგან მზადდება. ორივე მასალა გაცხელებისას გამოყოფს ორგანიზმისთვის სახიფათო ბისფენოლს, ხოლო პოლიეთილენის ტერეფტალატი სტიბიუმსაც. პირველი ნივთიერება ესტროგენის მსგავს ეფექტს ახდენს და ორგანიზმში ჰორმონალური ბალანსი შეიძლება დაარღვიოს, მეორე მიკროელემენტად და პოტენციურ კანცეროგენად ითვლება. ოთახის ტემპერატურაზე პლასტმასის ბოთლში წყლის შენახვა სახიფათო არაა, თუნდაც სახლში ცხელოდეს. პლასტმასმა ბევრი მავნე ნივთიერება რომ გამოყოს, ძალიან მაღალი ტემპერატურაა საჭირო. მაგალითად, განსაკუთრებით ცხელ დღეებში ასეთი ტემპერატურაა დახურულ მანქანაში, ავტოფარეხში ან მზის გულზე. ასეთ პირობებში წყალი მინის ან ლითონის ბოთლში გადაასხით ან უფრო გრილ ადგილას შეინახეთ.

3. მედიკამენტების და საკვები დანამატების შენახვა სამზარეულოში ან სააბაზანო ოთახში

მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტები აცხადებენ, რომ სიცხეში სამკურნალო პრეპარატები შეიძლება გაფუჭდეს. მაღალ ტემპერატურაზე შენახვისას ასპირინი სახიფათო ხდება, ჰიდროკორტიზონის კრემი, ჰორმონების შემცველი პრეპარატები, როგორიცაა ორალური კონტრაცეპტივები და ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალო მედიკამენტები, თავის მოქმედებას კარგავს. ინსულინის, ანტიკოაგულანტური და ანტიკოლვუსიური მედიკამენტების შენახვას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ, რადგან დოზის მცირე ცვლილებამაც შეიძლება ჯანმრთელობისთვის სერიოზული შედეგები გამოიწვიოს.

თუ ტემპერატურასთან ერთად ტენიანობაც მაღალია, C ვიტამინის და ზოგიერთი ფორმის B ვიტამინის საკვები დანამატები შეიძლება გაფუჭდეს. ასეთი საკვები დანამატები ზიანს არ მოგაყენებთ, მაგრამ სარგებელიც არ ექნება. გირჩევთ, მედიკამენტები 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე შეინახოთ. თუ ოთახში უფრო თბილა, მაცივარში შეინახეთ.

4. მალფუჭებადი პროდუქტის მაგიდაზე დატოვება

+5-დან +60 °C-მდე ტემპერატურა მალფუჭებადი პროდუქტებისთვის სახიფათო ზონაა. ასეთი პროდუქტებია ხორცი, თევზი, კვერცხი. თუ საჭმელში ბაქტერიები იყო, 20 წუთში მათი რაოდენობა გაორმაგდება. ასეთი პროდუქტები ოთახის ტემპერატურაზე მაქსიმუმ 2 საათი შეგიძლიათ დატოვოთ. როცა თერმომეტრის მაჩვენებელი +32 ° C-მდე იზრდება, უსაფრთხო დრო 60 წუთამდე მცირდება. მოწამვლის თავიდან ასაცილებლად საჭმელი მაგიდაზე არ დატოვოთ, მაშინვე მაცივარში შეინახეთ ან გადაყარეთ. პროდუქტები სუფთა ჰაერზე არ გაალღოთ. უმჯობესია მიკროტალღურ ღუმელში შესაფერისი რეჟიმი შეარჩიოთ ან წინასწარ საყინულიდან მაცივრის ქვედა განყოფილებაში გადაიტანოთ.

5. ვენტილატორის გამოყენება

მკითხველების უკმაყოფილო შეძახილები უკვე გვესმის. ვენტილატორი ჰაერს არ აგრილებს, მხოლოდ ამოძრავებს და ნიავს ქმნის. ასე შვებას იგრძნობთ, ოფლი აორთქლდება, მაგრამ ყოველთვის ასე არაა. თუ ჰაერის ტემპერატურა 35°C-ზე მაღლა აიწევს, ვენტილატორი სხეულს ცხელი ჰაერით შებურავს, რამაც შეიძლება სითბოს გაზრდა და სითბური გამოფიტვა გამოიწვიოს. თუ ოთახში ცხელა, ამ გაჯეტის იმედი არ გქონდეთ. უმჯობესია კონდიციონერის მქონე ოთახი მოძებნოთ.

6. ალკოჰოლის დალევა

ალკოჰოლი ამცირებს ვაზოპრესინის გამომუშავებას. ეს არის ჰორმონი, რომელიც ორგანიზმში წყალს აკავებს, თირკმლებში შარდის გამომუშავებას ზღუდავს. ამ ჰორმონის შემცირებით ალკოჰოლი იწვევს შარდმდენ ეფექტს, ამიტომ ტუალეტში ხშირად ირბენთ. ეს გაძლიერებულ ოფლიანობასთან ერთად გაუწყლოების და სითბური დარტყმის რისკს ზრდის.

7. გამოუძინებლობა

ძილის დეფიციტი თერმორეგულაციას არღვევს: სხეული ნაკლებ ოფლს გამოყოფს და ისე კარგად ვერ აგრილებს, როგორც გამოძინების შემთხვევაში. გადახურების რისკი იზრდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ვარჯიშობთ. გარდა ამისა, უძილო ღამე სიცხის გადატანის უნარს ამცირებს: თავს უფრო ცუდად გრძნობთ, ვიდრე დასვენების შემთხვევაში. სწორედ ამიტომ, მინიმუმ 7-8 საათით გამოძინება სცადეთ. განსაკუთრებით მაშინ, თუ მეორე დღეს ფიზიკურ აქტივობას გეგმავთ.

8. კუნთების სპაზმის შემდეგ ვარჯიშის გაგრძელება

სიცხეში ვარჯიშმა შეიძლება სითბური კრუნჩხვები გამოიწვიოს. ეს კუნთების მტკივნეული შეკუმშვაა. სავარაუდოდ, გაჩერებას, ფეხის ან მკლავის გაჭიმვას და ჩრდილში დასვენებას გაიძულებთ. სპაზმის გაქრობის შემდეგ ვარჯიშის გაგრძელებას შეძლებთ, მაგრამ ამის გაკეთებას არ გირჩევთ. სითბური კრუნჩხვები გადახურების პირველი სიმპტომია, რომელიც სითბურ გამოფიტვასა და დარტყმაში შეიძლება გადაიზარდოს. ეს სერიოზული მდგომარეობაა, რომლის დროსაც სხეულის ტემპერატურა 40 ° C-მდე იზრდება, ჩნდება გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი და გონების დაბინდვა. კრუნჩხვების დროს ვარჯიშის გაგრძელებაზე არც იფიქროთ. დალიეთ წყალი ან რამდენიმე ყლუპი იზოტონიკი, გადით გრილ ოთახში და გაწელეთ სპაზმური კუნთების ჯგუფი.