9 შეცდომა ტანსაცმლის ტარებასა და მოვლაში, რის გამოც სწრაფად ჩვრად ვიყენებთ

ერთი შეხედვით, როგორ შეიძლება გავაფუჭოთ ტანსაცმელი, თუ იარლიყზე მითითებული რეცხვის და დაუთოების ყველა წესს ვიცავთ? ტანსაცმლის ხარისხზე სხვა ფაქტორებიც გავლენას ახდენს. მაგალითად, პარფიუმის პკურება ან დიდხანს ჩალბობა. Novate გიამბობთ, რომელ შეცდომებს უნდა აარიდოთ თავი, რომ საყვარელი ნივთი პენსიაზე ნაადრევად არ გაუშვათ.

1. ზურგჩანთის ტარება

თუ შეამჩნიეთ, რომ საყვარელ ტანსაცმელზე ბუსუსები გაჩნდა, მწარმოებლის და ქსოვილის ხარისხზე საყვედურის თქმა არ იჩქაროთ. შესაძლოა დამნაშავე ზურგჩანთაა. დიახ, ამ შემთხვევაში მასალები ერთმანეთს ძლიერ ეხახუნება, რის გამოც შეიძლება დაზიანდეს. შალის და ბამბის, ასევე აკრილის და პოლიესტერის ქსოვილი სწრაფად ცვდება. ასეთ ნივთებთან ჩანთა და ზურგჩანთა არ გაიკეთოთ. მრვალფენიანობასაც მოერიდეთ.

2. პარფიუმის ტანსაცმელზე პკურება

როგორც წესი, პარფიუმი ტანსაცმელზე კვალს არ ტოვებს, მაგრამ მასში შემავალმა ზოგიერთმა კომპონენტმა შეიძლება ქსოვილის გაუფერულება გამოიწვიოს. მსგავსი შედეგის თავიდან ასაცილებლად, სუნამო კანზე წაისვით, „აორთქლებას“ დაელოდეთ და შემდეგ შერჩეული ნივთი ჩაიცვით.

თუ შეამჩნიეთ, რომ ნაწარმზე სუნამოს კვალი დარჩა, ცივ წყალში გაავლეთ, შემდეგ სარეცხ მანქანაში სტანდარტულად გარეცხეთ. ძველი ლაქების შემთხვევაში ხრიკი გამოიყენეთ: გლიცერინი და წყალი (1:1) შეურიეთ, მიღებული ნარევი სუნამოს ლაქას წაუსვით, 1 საათით გააჩერეთ, შემდეგ გარეცხეთ.

3. ვისკოზის ნივთების წინა მხრიდან დაუთოება

ზოგადად, უმჯობესია ნებისმიერი ნივთი შიდა მხრიდან დააუთოოთ. ამ წესის დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ ვისკოზის ტანსაცმელზე ვსაუბრობთ. თუ წინა მხრიდან დააუთოებთ, მასზე უშნო ბზინვარება გაჩნდება და გამოსწორებას ვერ შეძლებთ. ზოგიერთ ვისკოზის ნივთზე უთოს შეხება საერთოდ აკრძალულია, ამიტომ იარლიყზე მითითებული ინფორმაცია დეტალურად შეისწავლეთ.

4. რეცხვამდე ნივთები არა მხოლოდ ფერით დაახარისხეთ

ყველამ იცის, რომ ფერადი, ასევე თეთრი და შავი ნივთები ცალკე უნდა გაირეცხოს. ფერი ერთადერთი კრიტერიუმი არაა, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ. ქსოვილის ტიპიც უნდა გაითვალისწინოთ, როცა სარეცხ მანქანაში ნივთების ერთად შეყრას დააპირებთ. საქმე იმაშია, რომ სქელმა მასალამ უფრო თხელი ქსოვილი შეიძლება დააზიანოს. ამ მიზეზით ჯინსი და აბრეშუმის პერანგი, ზეწარი და ქვედა საცვლები ერთად არ გარეცხოთ. ნივთები აუცილებლად გადააბრუნეთ, განსაკუთრებით თუ ელვა და ლითონის ღილები აქვს. ასეთი ფურნიტურა ქსოვილს ედება და ტანსაცმელს აზიანებს.

5. მუქი ტანსაცმლის არასწორად გარეცხვა

მუქი ტანსაცმელი სწრაფად უფერულდება და მიმზიდველობას კარგავს. მსგავსი შედეგის თავიდან ასაცილებლად ასეთი ტანსაცმელი დაბალ ტემპერატურაზე და მოკლე ციკლზე გარეცხეთ. სარეცხი საშუალებებიდან გელი აირჩიეთ. ფხვნილი ცივ წყალში ცუდად იხსნება, ასევე ქსოვილზე შეიძლება დაჯდეს.

კიდევ ერთი ხრიკი, რომელიც შავ ფერს დაიცავს: გარეცხვამდე გადააბრუნეთ. გასაშრობადაც ასე გაიტანეთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ მწველ მზეზე ქუჩაში ან ღია აივანზე აშრობთ.

ხრიკი: ყავა მუქი ფერის დაბრუნებაში დაგეხმარებათ. 1 ლ ცხელ წყალში 50 გ ყავა გახსენით, აურიეთ და გააჩერეთ. ცივ ნარევში ტანსაცმელი 30 წუთით ჩაალბეთ. შემდეგ სუფთა ჰაერზე გაიტანეთ და შედეგით დატკბით. ბონუსად ტანსაცმელს სასიამოვნო ყავის არომატი ექნება, რომელიც ნივთზე დარჩება. ყავის ნაცვლად შავი ჩაი შეგიძლიათ გამოიყენოთ. მოქმედება იგივეა.

6. ჯინსის იშვიათად გარეცხვა

გულწრფელად გვჯერა, რომ ნივთები რეცხვის წესების დაუცველობის გამო ზიანდება. სინამდვილეში, ნივთების უმეტესობა სარეცხ მანქანასთან იშვიათი კომუნიკაციის გამო იტანჯება. მაგალითად, ჯინსი. 100% ბამბისგან დამზადებული ჯინსი ტარებისას იწელება. ამის თავიდან ასაცილებლად რეგულარულად უნდა გარეცხოთ. უკვე გაწელილი ჯინსი ძალიან ცხელ წყალში გარეცხეთ, რომ პირვანდელი ფორმა დაუბრუნდეს.

თუ ჯინსის ხშირი რეცხვის მომხრე არ ხართ, ჯილ გუენზის რჩევა გამოიყენეთ. ჯილ გუენზი Levi’s–ში ქალის ხაზის ტანსაცმელზე მუშაობს. ის გირჩევთ, რომ საყვარელი ჯინსი პერიოდულად საყინულეში შეინახოთ. მისი თქმით, დაბალი ტემპერატურა ბაქტერიებს, უსიამოვნო სუნს კლავს და ტანსაცმელს აახლებს. აქტუალურია, თუ ჯინსი ბინძური არაა და უბრალოდ განახლება გსურთ.

7. სელის ნივთების მშრალად დაუთოება

სელის ნივთების დაუთოება რაღაც ხანგრძლივ, რთულ და ზოგჯერ უსარგებლო საქმესთან ასოცირდება. მისი მოწესრიგება რთულია, განსაკუთრებით მშრალი დაუთოების დროს. გირჩევთ, დაუთოებამდე 5-10 წუთით ადრე წყლით დანამოთ. რთულ ადგილებს, როგორიცაა ჯიბე, საყელო და მანჟეტი, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ.

სანამ ჩაიცვამთ, გაშრობას დაელოდეთ, რომ ახალი ნაკეცების წარმოქმნა თავიდან აიცილოთ. 10-15 წუთი საკმარისია. ნაკეცების გასასწორებლად სპეციალური სპრეი შეგიძლიათ გამოიყენოთ. წინასწარ აუცილებლად დატესტეთ. ცოტა სითხე ქსოვილის უკანა მხარეს წაუსვით და შეამოწმეთ, კვალს ხომ არ ტოვებს. ზოგიერთი საშუალება ამით ცოდავს, განსაკუთრებით მუქ ტანსაცმელზე გამოყენებისას.

8. ტანსაცმლის დიდხანს ჩალბობა

ჩვენი დედები და ბებიები ტანსაცმელს რეცხვამდე ყოველთვის ალბობდნენ, რომ მტვერი და სხვა ზედაპირული ჭუჭყი მოეშორებინათ. თუ ამ წესს იცავთ, დაიმახსოვრეთ, რომ დიდხანს ჩალბობა არ შეიძლება, რომ ფორმა არ დაკარგოს. მაგალითად, მაქმანის ნაწარმისთვის 2-3 წუთი საკმარისია, აბრეშუმისა და შალის ტანსაცმელს 30 წუთი სჭირდება. ნაკლებად დელიკატური ქსოვილის ნივთები, როგორიცაა ბამბა, უფრო დიდხანს, 1 საათით შეგიძლიათ ჩაალბოთ.

9. ტანსაცმლის წებოვანი საწმენდის გამოყენება

მწარმოებლები აცხადებენ, რომ წებოვანი საწმენდი მხოლოდ უპირატესობებს ფლობს, რომ მტვერს, თმას, ბეწვს და სხვა ჭუჭყს სწრაფად აშორებს, მასალას ნაზად წმენდს, არ წელავს და ა.შ. მოწყობილობას მინუსებიც აქვს. დაბალი ხარისხის გორგოლაჭი მასალაზე წებოვან ფენას ტოვებს, რომელზეც მთელი დღის განმავლობაში უფრო მეტი ბუსუსი და მტვერი გროვდება. წებომ ტანსაცმლის გაუფერულება შეიძლება გამოიწვიოს.