
თანამედროვე სამყაროში სულ უფრო ხშირად ჩნდება კითხვა, როგორ მიაღწიონ მდგრადობას არქიტექტურაში და ხალხი ეკოლოგიურად სუფთა, ასევე ხელმისაწვდომი საცხოვრებლით უზრუნველყონ. კობურგის გამოყენებითი მეცნიერების და ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებმა პროფესორ რაინერ ჰირტის ხელმძღვანელობით ამ პრობლემის მოგვარება სცადეს. მათ შექმნეს თვითკმარი სახლის პროექტი, რომლის აწყობისას ნახშირორჟანგის გამომყოფი სამშენებლო მასალები, ცემენტი და ლურსმანი არ გამოუყენებიათ. სახლი ყველაზე პატარა მიწის ნაკვეთზე, სახურავზე და ავტოსადგომზე სწრაფად, მარტივად და იაფად შეგიძლიათ ააწყოთ/დაშალოთ.
ბოლო წლებში სამშენებლო ინდუსტრიაში მავნე გამონაბოლქვის პრობლემებს დიდი ყურადღება ექცვა. მაგალითად, კობურგის გამოყენებითი მეცნიერების და ხელოვნების უნივერსიტეტში (Hochschule für angewandte Wissenschaften Coburg) პროფესორ რაინერ ჰირტის ხელმძღვანელობით შემუშავდა და განხორციელდა სამაგისტრო პროგრამა DESIGN and MAKE sustainably, რომელიც მდგრადი არქიტექტურის საკითხის მოგვარებისკენაა მიმართული.
ცნობისთვის: 2020 წელს გაეროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შემდეგ სამშენებლო სექტორში ნახშირორჟანგის გამოყოფის შესახებ შეშფოთება გაიზარდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ამ ინდუსტრიაზე მთელი გამონაბოლქვის 38% მოდის. სახიფათო მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, რაც საცხოვრებლებზე მზარდ მოთხოვნას უკავშირდება. ასე სამშენებლო ნაგავი იზრდება, რომლის განადგურებას დიდი თანხა სჭირდება, ხოლო ბუნებრივი რესურსები იწურება. კობურგის უნივერსიტეტის პროფესორმა სამშენებლო სფეროში ინოვაციური ტექნოლოგიების შესაძლებლობების შესასწავლად წამოიწყო პროგრამა DESIGN and MAKE sustainably („მდგრადად დააპროექტე და შექმენი“), რომელიც გამოსაშვები კურსის (მაგისტრები) სტუდენტებზეა გათვლილი.
სტუდენტებს ექსპერიმენტული საცხოვრებელი პროექტი Circular Tiny House CTH * 1 (იგივე CTH’1) უნდა შეემუშავებინათ და განეხორციელებინათ. პროექტი გათვლილია ინოვაციური ტექნოლოგიების გრძელვადიან შესწავლაზე, რაც ეფუძნება რეციკლირებული, გადამუშავებადი და განახლებადი მასალების გამოყენებას, რომელიც ნახშირბადის კვალს არ ტოვებს. პროგრამის მთავარი იდეაა Cradle-to-Cradle („აკვნიდან აკვანამდე“ ან C2C), რაც ნიშნავს გარემოზე მცირე ზემოქმედების და უნარჩენო წარმოების ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კონცეფციის განხორციელებას. ასეთი მასალებია: ბუნებრივი ხე, რომელიც პატარა მოდულური სახლის (1-2 ადამიანის მუდმივი საცხოვრებელი) მთავარი ელემენტი გახდა, თიხა, ცარცი და ჩალა.
Novate–ს ინფორმაციით, პროექტის Circular Tiny House CTH*1 განხორციელება ქალაქის დაგეგმარების დეტალური ანალიზით და შესწავლით დაიწყო, რომ განესაზღვრათ, როგორი საცხოვრებლის აშენებაა რეალური დიდ მეგაპოლისებში, სადაც მიწის რესურსი კატასტროფულად დეფიციტშია. კვლევამ აჩვენა, რომ განვითარებულ ქალაქებში შეიძლება მოთხოვნადი იყოს ციცქნა სახლი, რომელიც მიწის პატარა ნაკვეთზე, მრავალსართულიანი შენობის სახურავზე ან ავტოსადგომზე მარტივად დაეტევა. ასეთი სახლებით შეიძლება დაინტერესდნენ ქალაქგარეთ პატარა მიწის ნაკვეთის მფლობელები (ე.წ. Kleingarten, იგივე „პატარა ბაღი“ ან „მეორე საცხოვრებელი“ დასასვენებლად და თავისუფალი დროის გასატარებლად, იგივე აგარაკი). სხვათა შორის, გერმანელები ევროპელებს შორის ყველაზე მგზნებარე მეაგარაკეები არიან. მართალია ბაღისთვის გამოყოფილია ყველაზე არალიკვიდური ნაკვეთი, თუმცა ქალაქში ან მის მახლობლად მდებარეობს.
მშენებლობის თავისებურებები: ექსპერიმენტული საცხოვრებელი ბლოკის CTH’1 მშენებლობაში გამოიყენეს მხოლოდ ბუნებრივი მასალები: ხე, ჩალა, ცარცი. დაფები დაამზადეს ქერქიჭამია ხოჭოსგან დაზიანებული ხისგან, რომელიც მხოლოდ მეორეხარისხოვანი საგნებისთვის გამოდგებოდა. ჩალა შეიძინეს ფერმერებისგან, რომელთა ფერმა გარეუბანში მდებარეობს. თიხა, ცარცი, ძველი შენობიდან აღებული კარი და ფანჯარა. ექსპერიმენტული სახლის Circular Tiny House CTH*1 აწყობისას ტრადიციული სამშენებლო მასალები (ბეტონი, კირი, ქვა, ღორღი), მინერალური/სინთეტიკური მათბუნებელი და შემკვრელი ხსნარები, რომლებიც ნახშირბადს აქტიურად გამოყოფს, არ გამოუყენებიათ. საძირკვლად გამოადგათ ხრახნიანი ფოლადის ბოძები, რომლებიც მიწასა და ეკოსისტემაზე ზემოქმედებას ამცირებს (თუ სახლი ბუნებრივ ზონაში დამონტაჟდება).
საბოლოოდ, 19 მ² ფართობის (ორი დონის სასარგებლო სივრცის გათვალისწინებით) ასიმეტრიული ფორმის სახლის პროექტი შექმნეს. ამავდროულად, ყველა კონსტრუქციული ელემენტი ადვილად აიწყო (წებოს და ლუსმნის გამოყენების გარეშე), რომ 5 წლის შემდეგ, როცა ექსპერიმენტი დასრულდება, ადვილად დაშალონ. მოდულური კონსტრუქციის თითოეულ ელემენტს ძვირადღირებული უტილიზაცია არ დასჭირდება. ხეს გადამუშავებაზე გაგზავნიან, თიხას და ცარცს მშენებლობაში ისევ გამოიყენებენ, ხოლო ფერმერი ჩალას მიდვრების ხვნისას სასუქად გამოიყენებს.
CTH’1–ის უჩვეულო კონსტრუქცია გამოწვეულია 2 მიზეზით: მიმზიდველი გარეგნობა და სახურავის ფართობის გაზრდა, სადაც მზის პანელებია დამონტაჟებული. ასე ობიექტი ენერგეტიკულად დამოუკიდებელია. დამატებით, საშუალებას იძლევა სხვენი საძინებელ და საოფისე ოთახად გამოიყენოთ, რაც ქვედა დონეზე მისაღები–სასადილო და სამზარეულოს ზონისთვის ათავისუფლებს. სხვათა შორის, სტუდენტები ქალაქის გარემოს ანალიზისას კიდევ ერთ რამეს აკვირდებოდნენ, რაც ახალგაზრდების/მარტოხელა ადამიანის კომფორტული ცხოვრებისთვის სახლის აუცილებელ ფართობს ეხებოდა.
გამოკითხულთა უმეტესობა ამბობს, რომ საკმარისია სახლი დასასვენებელი ზონით (დივანი აუცილებლად უნდა იყოს), მინი სამზარეულოთი, სააბაზანო ოთახით, ორადგილიანი საძინებლით, სამუშაო ადგილით და კარადით, ტრანსფორმირებადი ავეჯით, რომელიც კიდევ 2-4 ადამიანს იტევს. მათი სურვილების და პატარა სივრცის რაციონალურად გამოყენების გათვალისწინებით ექსპერიმენტული მოდელი ამ ზონებით აღჭურვეს. სახლი სწავლების პერიოდში სტუდენტების საცხოვრებლად არის გათვლილი.
კიდევ ერთი პირობა, რაც მომავალ მაგისტრებს უნდა შეესრულებინათ, ობიექტის სრული თვითკმარობა იყო. სახლი აღჭურვეს მზის პანელებით (მათი სიმძლავრე ყველა მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს, მათ შორისაა საჭმლის გაცხელება, წყლის გაცხელება, გათბობა და ვენტილაცია), წვიმის წყლის შეგროვების, გაწმენდის და შენახვის სისტემით, ასევე ჩამდინარე წყლის უტილიზაციის სისტემით. ყველა ამ სისტემას, ასევე წლის სხვადასხვა დროს ცხოვრების კომფორტის დონეს რეალურ დროში (5 წელი) დააკვირდებიან. ასე მშენებლობაში გამოყენებული მდგრადი მეთოდების ეფექტურობის შესწავლას შეძლებენ.