მოძველებული ავეჯის 8 ნიშანი, რომლის ადგილი ნაგავსაყრელზეა

ავეჯი ინტერიერის ერთ–ერთი მთავარი ელემენტია. თუ მიმზიდველი არაა, თავის ფუნქციებს 100%–ით ვერ ასრულებს, ძალიან დიდია ან უბრალოდ აქტუალობა დაკარგა, გამოდის, ახალი ავეჯის შეძენის დროა. Novate გასწავლით, როგორ „გამოიცნოთ“ მოძველებული ავეჯი და რით ჩაანაცვლოთ.

1. მუქი ხის ავეჯი

დიზაინერები გირჩევენ, ნატურალურისკენ კურსი აიღოთ და ინტერიერს შემატოთ „ბუნებრივი“ მოტივები: მასალები, ტექსტურა, ფერი და სხვა. ასე ბინაში ხის ავეჯი ჩნდება. ოღონდ ყველა ხე ერთნაირი არაა. ღია მასალა ოთახს ფართოს ხდის, ჰაერით ავსებს, ახლებურად და მსუბუქად გამოიყურება, მუქი ხე პირიქით მოქმედებს. ოთახს, განსაკუთრებით პატარას, პირქუშს და ვიწროს ხდის.

თუ მუქ ავეჯზე უარის თქმა არ გსურთ, რადგან ბინაში უკვე გაქვთ და საკმაოდ ფუნქციურია, ღია ფერში გადაღებეთ. თუ ავეჯის შეცვლის იდეა მოგწონთ, შპონის ან შერეული მასალის ვარიანტებს უპირატესობა მიანიჭეთ. ყურადღება მიაქციეთ ფეხიან მოდელებს, მაგალითად, გაპრიალებული ალუმინისგან. ასეთი თითქოს მიწის ზემოთ ფარფატებს და ოთახს არ ტვირთავს. ღია ფერის გადასაკრავი შეარჩიეთ. მაგალითად, ქვიშისფერი ოთახს სითბოს და სიმსუბუქეს შემატებს.

2. მინის მაგიდა

პატარა ბინის მფლობელები ასეთ ავეჯს ხშირად ირჩევენ და ეს გასაკვირი არაა, რადგან მინის მაგიდა უწონო ჩანს და სივრცეს არ ტვირთავს. და მაინც, მოძველებული ვარიანტია. თუ 2000-იანი წლების პატარა ბინების ინტერიერს გადახედავთ, შეამჩნევთ, რომ ასეთი ავეჯი მაშინაც იყო. სწორედ ამიტომ, ღირსეული ალტერნატივა მოძებნეთ. მაგალითად, თხელი შპონით დამზადებული მსუბუქი მაგიდა დახვეწილ ფეხებზე ან მასიური ხის მაგიდა უწონო ლითონის საყრდენებზე. საინტერესოდ და თანამედროვედ გამოიყურება.

3. დიდი დივანი

თანამედროვე მაღაზიებში დივნების ფართო ასორტიმენტია, ამიტომ ერთის არჩევა გვიჭირს. საქმე რომ გაგიმარტივოთ, გიამბობთ, რომელი ავეჯია ნაკლებად აქტუალური. პირველ რიგში, მასიური დივაინი, რომელიც მისაღები ოთახის ნახევარს იკავებს და სამოძრაოდ ადგილს არ ტოვებს, ანტიტრენდია. ასეთი 20-30 წლის წინ მოდაში იყო, როცა ყველა დღესასწაულზე ბევრი ადამიანი იკრიბებოდა და ისინი სადღაც უნდა დამსხდარიყვნენ. მეორეც, სათადარიგო სკამზე მოხვდა ორნამენტიანი და 2–3 ფერიანი გადასაკრავის მქონე დივანი. მესამეც, ვარიანტები ხის სამკლავური–თაროთი და დივანი–ნიჟარა მოძველდა. ყველაზე რთული: ტყავის დივანზეც უარი თქვით, თუნდაც კარგ მდგომარეობაში იყოს.

როცა უფრო აქტუალურ მოდელს შეიძენთ, მიხვდებით, რატომ არ არის ზემომოცემული დივნების ადგილი თქვენს ბინაში. ერთფერიანი სწორი და კუთხური დივანი მაქსიმალურად ნატურალური და პრაქტიკული გადასაკრავით ლამაზად, გონივრულად გამოიყურება და ნებისმიერ სივრცეს ერგება. დამატებით, ტექსტილით შეგიძლიათ ითამაშოთ და რამდენიმე დეკორატიული ბალიში და ნაქსოვი პლედი შემატოთ.

4. ავეჯის გარნიტურა

ეს ყველა დიზაინერის, რომლებიც ბინაში ინდივიდუალურობისთვის იბრძვიან, თავის ტკივილია. ავეჯის გარნიტურა ინტერიერს აუფასურებს, ასობის სხვა ბინის მსგავსს ხდის. ოთახები მსგავსი მოდელებით თითქოს ავეჯის კატალოგიდან გადმოვიდა და ეს არა უპირატესობა, არამედ ნაკლია. შეგვიძლია გავიგოთ, რატომ იყო გარნიტურა ასეთი პოპულარული ადრე. სხვადასხვა კომბინაციის შერევა და თავის შეწუხება საჭირო არ იყო. ახლა სხვა დრო და შესაძლებლობაა. თქვენი ფანტაზია შეგიძლიათ წარმოაჩინოთ.

სწორედ ამიტომ, მოიშორეთ სამზარეულოს კუთხე, საძინებლის და სხვა ნაკრები, რომელიც ბინაში გაქვთ. ინტერიერს თვითკმარი ავეჯი შემატეთ, რომელიც სხვა ნივთებს იდეალურად ეთავსება. დაგეხმარებათ მარტივი ფორმები, ნატურალური მასალები, ნეიტრალური ფერები. ტექსტურა ორიგინალურობას შემატებს. მსგავსი გარემო უფრო აქტუალურია, ვიდრე პომპეზური ავეჯი, რადგან დეტალებით ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გარდაქმნათ.

5. მრავალფუნქციური სავარძელი

თუ სერიალის „მეგობრები“ მოყვარული ხართ, ალბათ, გახსოვთ, როგორ იყიდეს ჩენდლერმა და ჯოიმ ერთ–ერთ სერიაში მოდური გასაშლელი სავარძელი, ჩაშენებული მართვის და ჭიქების  ადგილით. ახალგაზრდა მარტოხელების ბინაში, რომლებიც დიდ დროს ტელევიზორის ყურებაში ატარებენ, მსგავსი ავეჯი გონივრულია. აი, ოჯახის ბუდეში, მონიკასა და ჩენდლერის ქორწილის შემდეგ, შეუთავსებელი აღმოჩნდა. მასიური და რთული ნივთი ინტერიერში ძალიან დიდ ადგილს იკავებს.

დაე, მსგავსი ავეჯი რომელიმე სილამაზის სალონში დარჩეს, ხოლო ბინისთვის უფრო მსუბუქი, დახვეწილი და მოდური მოდელი აირჩიეთ. მაგალითად, რბილი სკამი თხელ ფეხებზე და ნატურალური მასალის გადასაკრავით დიდი სავარძლის კარგი ალტერნატივაა. სხვათა შორის, თუ ბებიისგან ასეთი ავეჯი შემოგრჩათ, შეგიძლიათ გადასაკრავი შეუცვალოთ და ისევ გამოიყენოთ.

6. ღია საბავშვო საწოლი

მშობლები წლები ცდილობდნენ, რომ ბავშვის ოთახი მაქსიმალურად ნათელი ყოფილიყო. ასე გამოჩნდა ყვითელი, ცისფერი, ვარდისფერი, მწვანე დივანი ან საწოლი ცხოველის სახეებით. ბავშვები ძალიან სწრაფად იზრდებიან და მათი გემოვნება და ინტერესიც სწრაფად იცვლება. დღეს ტომი და ჯერი აღაფრთოვანებთ, ხვალ – მეკობრეების სტილი.

ბავშვობიდან კარგი გემოვნება უნდა განავითაროთ და საბავშვო ოთახის გაფორმება უკანასკნელ როლს არ ასრულებს. უბრალო, ნატურალური ფერის ხის საწოლი დადგით. უფრო ლამაზი და მოსახერხებელია. თუ მრავალფეროვნების შემატება გსურთ, შეარჩიეთ ისეთი ვარიანტი, რომელიც მოსახსნელი ფარდებით პატარა სახლად, გემად ან კარავად მარტივად გადაკეთდება. ბავშვი ნამდვილად დააფასებს, თქვენ ყოველ წელს რემონტის გაკეთება არ მოგიწევთ.

7. კომპიუტერის მაგიდა

ოჰ, ეს დიდი მაგიდა კლავიატურის ქვეშ ადგილით, სისტემური ბლოკით, რამდენიმე თაროთი და სხვა რამით, რომელსაც დანიშნულებით იშვიათად იყენებენ. მათ ითმენდნენ, რადგან სასარგებლო იყო, მაგრამ ახლა ასეთი მაგიდის მომსახურება საჭირო არაა. მძიმე კომპიუტერი მსუბუქმა და ფუნქციურმა ნოუთბუქმა ჩაანაცვლა, რომლითაც სურვილის შემთხვევაში საწოლიდან შეგიძლიათ იმუშაოთ. ახლა ინტერიერში ჩნდება ელეგანტური კონსოლი, დახვეწილი მაგიდა და სეკრეტერი, რომელიც ნაკლებ ადგილს იკავებს და მოდურად გამოიყურება. წინა ვარიანტის მსგავსად მოსახერხებელია, შეიძლება თარო და სათავსო ჰქონდეს. კიდევ ერთი უპირატესობა: შესაფერისი მაგიდის პოვნა რთული არაა, რადგან ფართო ასორტიმენტი აქვს. თანამედროვე მოდელები პრაქტიკულობით და სილამაზით გამოირჩევა, ამიტომ სამუშაო ადგილი ინტერიერის ნამდვილი აქსესუარი გახდება.

8. ტექნიკა კაპიტონე

დროა, კლასიკაზე უარი თქვათ. იმის მიუხედავად, რომ კაპიტონე ხელოვნებაა, რომელიც შეუძლებელია მოძველდეს, თანამედროვე ინტერიერში უადგილოა, ძალიან პომპეზური და ღვლარჭნილია. კლასიკისთვის დამახასიათებელი ბოჰემიზმი თანამედროვე რეალობას არ შეესაბამება, ამიტომ დროა პუფი, სავარძელი, სკამი და საწოლი კაპიტონეში ლაკონური და მარტივი ავეჯით ჩაანაცვლოთ. ახლა მოდაშია თბილი ფერის ნეიტრალური ქსოვილი, ასევე ხის ან ლითონის სკამი.