
დივანი ადგილია, სადაც მთელი ოჯახი იკრიბება: საღამოობით კომფორტულად სხდებიან, ფილმებს უყურებენ, ხოლო დილით დღის გეგმებს განიხილავენ. მნიშვნელოვანია, რომ ნივთი პრაქტიკული, კომფორტული და ლამაზი იყოს. Novate გასწავლით, როგორ შეარჩიოთ დივანი, რომ კომფორტული და გამძლე იყოს.
1. ფორმა
პირველ რიგში, დივნის ფორმა განსაზღვრეთ. აუცილებლად გაზომეთ, რადგან შერჩეულ ადგილას უნდა დაეტიოს. პატარა და საშუალო ზომის მისაღებ ოთახში სამადგილიანი დივანი (სიგრძე ზუსტად 2 მ) შესაფერისია. ეს ყველაზე გავრცელებული ვარიანტია. უმჯობესია, თუ სწორი ფორმის დივანია. მისი კედელთან ახლოს განთავსება მოსახერხებელია. ეს ვარიანტი სტუდიოს ბინაშიც გამოგადგებათ, თუ შესასვლელის და სასადილო ზონების გამოყოფა გსურთ.
კუთხის დივანი კარგია დიდი ოჯახისა და ხალხისთვის, რომლებიც სტუმრებს ხშირად მასპინძლობენ: მასზე 5-6 ადამიანი თავისუფლად დაეტევა. თუ პატარა მისაღები ოთახი გაქვთ, დივანი–ტრანსფორმერი შეიძინეთ. ასეთი დივანი სამუშაოდ, დასასვენებლად და დასაძინებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ. თუ ძალიან პატარა მისაღები ოთახი გაქვთ, მინიმალისტური სტილის პატარა დივანი შეიძინეთ: ის ოთახს გაალამაზებს, დასასვენებლად სასიამოვნო და კომფორტულ ადგილს შექმნის. თუ ფართო მისაღები ოთახი გაქვთ, 6 ან მეტ ადამიანზე გათვლილ დივანს თავისუფლად განათავსებთ.
2. ჩარჩო
დივნის ჩარჩოს შერჩევა მნიშვნელოვანი ასპექტია. ეს კონსტრუქცია ძირითად დატვირთვას საკუთარ თავზე იღებს, ამიტომ ძალიან გამძლე უნდა იყოს. ჩარჩოს მზიდი დეტალები მურყანის, ფიჭვის, ნაძვის და არყის ხისგან მზადდება. ჩარჩოს შესავსებად შეიძლება გამოყენებული იყოს ფანერი ან მდფ, ამიტომ არ შეგეშინდეთ, როცა ამ მასალებს შემადგენლობაში დაინახავთ. მდფ–ს სითხე არ აშინებს, მაგრამ დიდხანს ვერ ძლებს, ამიტომ მაინც ფანერის არჩევას გირჩევთ. მრავალფენიანი ფანერი დიდხანს გემსახურებათ, რადგან ძალიან გამძლე მასალაა.
3. შემავსებელი
დივნის შემავსებლის საუკეთესო ვარიანტი: ზამბარიანი ბლოკი. ზამბარები გამძლე და კომფორტულია: სიმძიმე არ აშინებს. დივნის შემავსებლად ხშირად ქაფპოლიურეთანს იყენებენ: ის ადამიანის სხეულს ერგება, ამიტომ მასზე რბილად და კომფორტულად შეგიძლიათ დაჯდეთ. შემავსებლად ასევე გამოიყენება ლატექსი, ჰოლოფიბერი, სინტეფონი და სხვა მასალები. ეს ქაფი სხეულის მოხაზულობას იმახსოვრებს. როცა ტვირთი შორდება, მასალა საწყის პოზას უბრუნდება. საუკეთესო შემავსებლის შემოწმება მარტივია: მაღაზიაში დივანზე დაჯექით, შემდეგ ადექით და დააკვირდით, რამდენად სწრაფად დაუბრუნდება საწყის ფორმას. თუ მაშინვე, დივანი თამამად შეგიძლიათ შეიძინოთ.
4. გადასაკრავი
პირველ რიგში, დაფიქრდით, რამდენად ადვილია მასალის მოვლა, შინაური ცხოველი ხომ არ გაკაწრავს, ბავშვები დივანზე ყავას ხომ არ დაასხამენ, რამდენად გამძლეა. სხვა სიტყვებით, არა მხოლოდ გადასაკრავის სტილს, არამედ მის ფუნქციურ დატვირთვას ყურადღება მიაქციეთ. სამი სახის გადასაკრავი არსებობს: ქსოვილი, ნატურალური ტყავი და ეკოტყავი. ქსოვილის გადასაკრავი შესაფერისია, თუ ოჯახში ბავშვები ან შინაური ცხოველები ცხოვრობენ. დივნის გადასაკრავად ხშირად გამოიყენება ფლოკი, ველიური, ხავერდის ყაითანი, ჟაკარდი, გობელინი. ეს ქსოვილები სითხეს არ ატარებს, ადვილად ირეცხება და ცვეთის მიმართ გამძლეა. ნატურალური ტყავი ცვეთამედეგი მასალაა, მაგრამ მისი მოვლა რთულია და ყველაზე ძვირი ღირს. აღსანიშნავია, რომ ტყავის გადასაკრავი სიგრილის შეგრძნებას ტოვებს. საერთოდ, ტყავის დივანი კლასიკა და ფუფუნებაა. ეკოტყავი (ხელოვნური ტყავი) ნატურალურ ტყავს თვისებებით არ ჩამორჩება, თან უფრო იაფია.
5. ფერი
დივნის ფერი ოთახის ფერს, განსაკუთრებით კედელს უნდა შეესაბამებოდეს. თუ ოთახში ფერადი კედლებია, ხოლო ოთახი ბნელი და ბუნებრივი განათების გარეშე, ღია დივანი შეარჩიეთ. თუ კედლები თეთრია და სკანდინავიური სტილი მოგწონთ, ნაცრისფერი დივანი შეარჩიეთ. მთავარია, რომ დივნის ფენი მისაღებ ოთახში შპალერის ფერს არ შეერწყას: შპალერი და დივანი სხვადასხვა ფერის უნდა იყოს. ოთახში, სადაც მთავარი ფერი გამოკვეთილი არაა, ყავისფერი, კრემისფერი დივანი სცადეთ. ნაცრისფერი ძალიან ლაკონური და მშვიდია, ამიტომ დასასვენებელ ოთახში ხშირად იყენებენ. სხვათა შორის, ნაცრისფერ დივანზე ცხოველის ბეწვი ან ლაქები, რომელთაც ბავშვები ხშირად ტოვებენ, არ გამოჩნდება. თუ დეკორატიული ბალიშებით დივანზე აქცენტის გაკეთება გსურთ, კაშკაშა ფერები არ გამოიყენოთ. უმჯობესია პასტელური ელფერები გამოიყენოთ.
6. მექანიზმი
დივანი ტრანსფორმაციის მექანიზმით საწოლად გადაიქცევა. გთავაზობთ დივნის 5 აქტუალურ მექანიზმს. უმარტივესი მექანიზმია „წიგნი“. დივანი საწოლად რომ გადააკეთოთ, საჯდომი დაწკაპუნამდე უნდა აწიოთ და უკან გადაწიოთ. საიმედო კონსტრუქციაა და ხშირი გამოყენებისთვის შესაფერისია. „გამოსაწევი“ მექანიზმი ასე მუშაობს: საჯდომიდან დამატებითი მოდული გამოდის, ხოლო დივნის ზედა ნაწილი უკან გადადის. ასე ფართო, სწორი ზედაპირი გამოდის. ერთ–ერთი საიმედო მექანიზმია. მექანიზმი „აკორდეონი“ მარტივად იშლება: საკმარისია საჯდომი თქვენკენ მოწიოთ და დივნის საზურგე ორ სეგმენტად დაშალოთ. ასეთ დივანზე ძილი კომფორტულია, გამძლე ლეიბი და სწორი საძილე ადგილი აქვს.
მექანიზმი „დელფინი“ ფრთხილად მოპყრობას მოითხოვს. ადვილად იშლება და ყოველდღიური გამოყენებისთვის მოსახერხებელია, მაგრამ ხშირად ზიანდება და რგოლებმა იატაკზე შეიძლება კვალი დატოვოს. მექანიზმი ხალიჩაზე არ გამოიყენოთ, რადგან პლატფორმას მოძრაობა გაუჭირდება. დივანს მექანიზმით „კლიკ კლიკ“ 5 პოზის მიღება შეუძლია, ასე თქვენთვის კომფორტული ფორმა შეგიძლიათ შეარჩიოთ. საზურგის სასურველი პოზის მისაღებად ცდების ჩატარება მოგიწევთ. ეს ერთგვარი მინუსია. „ფრანგული“ და „ამერიკული“ გასაშლელი დივანი მხოლოდ სასტუმრო ვარიანტად გამოგადგებათ. მექანიზმი დიდად გამძლე არაა, ხოლო ლეიბი ძალიან თხელია. ყოველდღე ასეთ ლეიბზე ძილი მოუხერხებელია. აირჩიეთ დივანი, რომელიც თქვენს მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს!