ოთახის მცენარეები შენობაში: წმენდს თუ არა ჰაერს სინამდვილეში

ბევრ ადამიანს სახლში ოთახის მცენარეები აქვს. მათ ხშირად ინტერიერის ერთ–ერთ ელემენტად იყენებენ. ჩნდება სამართლიანი კითხვა: ახდენს თუ არა რაიმე დადებით გავლენას ოთახის ყვავილები შენობაში ჰაერის ხარისხზე? ფოტოსინთეზს ხომ ყველა მცენარე აკეთებს თუ არა?

1989 წელს ბილ ვოლვერტონი, NASA–ს თანამშრომელი და მეცნიერ–ბიოლოგი ჩაკეტილ შენობაში ოთახის მცენარეებს სწავლობდა. საკუთარი კვლევის შედეგებით იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ყვავილები, რომლებიც ყველა სახლის ფანჯრის რაფაზე თუ სხვა ზონაში დევს, ფლობს უდიდეს პოტენციალს ისეთი პრობლემების მოსაგვარებლად, როგორიცაა ოთახში ჰაერის დაბინძურება. კერძოდ, ვოლვერტონი სწავლობდა, რამდენად კარგად შეუძლია ოთახის მცენარეს ატმოსფეროდან ორგანული ნაერთების მოშორება. მკვლევარს ეს ყველაფერი კოსმოსურ ხომალდზე მცენარეების გამოყენების შესაძლებლობის კუთხით აინტერესებდა.

სამწუხაროდ, მოგვიანებით ჩატარებულმა კვლევებმა ვოლვერტონის შთამბეჭდავი შედეგი არ დაადასტურა. მისი მიმდევრების თქმით, ბინის მწვანე ბინადრებს ჰაერის წმენდაში მოკრძალებული წილი ეკუთვნით. მაგალითად, როცა საქმე ოზონის მოშორებას ეხება, ოთახის მცენარეებს მხოლოდ 0,9-9% მავნე გაზის „გადამუშავება“ შეუძლია. სხვა სიტყვებით, შენობაში რამდენიმე ოთახის მცენარე ეფექტური წმენდისთვის საკმარისი არაა. როგორც უკვე მიხვდით, „წმენდის პოტენციალი“ ბიოლოგიური სახეობების მიხედვით ძლიერ განსხვავდება.

ოთახის მცენარეები საუკეთესო შემთხვევაში განწყობას ამაღლებს და ფსიქოლოგიურ წნეხს აქრობს. დახურულ შენობაში ჰაერი ეფექტურად რომ გაწმინდოთ, ოთახი მთლიანად ყვავილებით უნდა გაავსოთ. ალბათ, სახლის ორანჟერეად გადაქცევა არავის სურს. სწორედ ამიტომ, ბანალური განიავება ჰაერის ეფექტურად გამწმენდი საშუალება იყო და დარჩება. მთავარია, ორპირი არ გააკეთოთ! სხვათა შორის, ბევრი რეგიონის ქალაქებშიც ჰაერი უფრო სუფთაა, ვიდრე დახურულ შენობაში ხალხის ხანგრძლივი ყოფნის შემდეგ.