სამზარეულოს დიზაინის 7 ტრენდი, რომელიც 2022 წელს უნდა გამოსცადოთ

სამზარეულო ბინის გულია, ამიტომ მყუდრო და კომფორტული უნდა იყოს, რომ კერძები სასიამოვნოდ მოამზადოთ, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად დრო კარგად გაატაროთ. ამ მიზანს მიაღწევთ, თუ სამზარეულოს გაფორმების ტრენდებს გაეცნობით. Novate გიამბობთ, რას გვთავაზობენ დიზაინერები 2022 წელს და როგორ გამოვიყენოთ მათი იდეები.

ტრენდი 1: ნათელი წინსაფარი

ადამიანების უმრავლესობა ნეიტრალურ და ლაკონურ ფასადს ირჩევს, აქცენტი გადადის სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვან ელემენტზე. ესაა წინსაფარი. აქ, ფანტაზია მაქსიმუმ შეგიძლიათ გამოიყენოთ. მოდაშია ნათელი კერამიკის ფილები, როგორც ერთ ფერში, ასევე მოხატული. მოხატულ ვარიანტში პოპულარულია გეომეტრიული, აბსტრაქციული და ყვავილებიანი გამოსახულებები. კიდევ ერთი დეტალი: გასული წლისგან განსხვავებით, როცა დიზაინერები წინსაფარსა და სამუშაო ზედაპირში ერთ მასალას იყენებდნენ, ახლა მოპირკეთება განსხვავდება, რომ სივრცე ვიზუალურად დაიყოს.

ტრენდი 2: მრავალფუნქციონალურობა

როცა 2020 წელს პანდემიას შევეჯახეთ, სამზარეულო სახლის მთავარი ოთახი გახდა. საჭმლის მომზადების ზონიდან კაბინეტად, საკლასო ოთახად და Zoom–ის შეხვედრების ადგილად გადაიქცა. დრო გავიდა, ბავშვები სკოლას დაუბრუნდნენ, ზრდასრულები – ოფისს, ხოლო მეგობრულმა საღამოებმა პარკში, კაფესა და კინოში გადაინაცვლა. სახლში დაბრუნებისას სამზარეულოს ჯიუტად ვუბრუნდებით, რომ თავისუფალი დრო ოჯახის წევრებთან საუბარში გავატაროთ. ასე ცნობილი სამუშაო სამკუთხედი, ზონა ფილებს, მაცივარსა და ნიჟარას შორის, წარსულს ჩაბარდა. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ოჯახის წევრები ოთახში კომფორტულად მოეწყონ. რაც შეეხება კულინარიას, საერთო გატაცებად იქცა, თუმცა ადრე დამღლელ მოვალეობად ითვლებოდა.

სამზარეულოს გაფორმებისას მთავარია ფუნქციონალურობა, რაც ოთახის ზომაზე დამოკიდებული არაა. ციცქნა სამზარეულოც კომფორტული შეიძლება გახდეს, თუ სივრცეს გონივრულად მოაწყობთ, და დიდი სამზარეულო შეიძლება მოუხერხებელი გამოვიდეს, თუ ძირითად წესებს არ დაიცავთ. მთავარია, ოთახი რამდენიმე ადამიანისთვის კომფორტული უნდა იყოს.

ტრენდი 3: ატმოსფერული განათება

ადრე განათება მხოლოდ უტილიტარულ ფუნქციას ასრულებდა. მნიშვნელოვანი იყო, რომ სივრცე ხარისხიანად გაენათებინა, ხოლო გარეგნობა მეორეხარისხოვანი იყო. ახლა ყველაფერი შეიცვალა. დიზაინერები განათების გაფორმებას დიდ ყურადღებას აქცევენ. უპირატესობას ანიჭებენ ორიგინალურ ფორმებს, წინსაფარს, ფერების კომბინაციას. ბოლო ტრენდია ე.წ. ბიოდინამიკური განათება. ეს ტექნოლოგია სპეციალური პროგრამით სინათლის ინტენსივობის და ტემპერატურის რეგულირების საშუალებას იძლევა. ამრიგად, განათება დღის განმავლობაში ადამიანის ცირკადული რითმის შესაბამისად იცვლება.

დიზაინერები ამ ტრენდს სასარგებლოდ მიიჩნევენ, რადგან ლედ ნათურის კაშკაშა სინათლე საღამოს და ღამით დამთრგუნველია. განათება, რომელიც ჩვენს ბიორიტმს ერგება, ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს, სევდას ებრძვის, სამზარეულოს კომფორტულს და ლამაზს ხდის.

ტრენდი 4: ლაკონური ავეჯი

მინიმალიზმმა ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში შეაღწია, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ტრენდული სამზარეულოს ავეჯი საკმაოდ ლაკონურად გამოიყურება. მარტივი ფორმები, გლუვი ფასადი, ფარული სახელურები, ერთფერიანი განათება, ზედმეტი დეკორის უქონლობა – ეს თანამედროვე სამზარეულოს ნიშნებია. პოპულარულია ბრტყელი კარი, რომლის მიღმა საყოფაცხოვრებო ტექნიკა იმალება.

ტრენდი 5: ორი ფერი

ქათქათა სამზარეულო ყოველთვის აქტუალურია იმის მიუხედავად, რომელ ტექსტურას ირჩევთ, პრიალას თუ გლუვს. ეს უფრო კლასიკაა. თუ ტრენდული სივრცის მოწყობა გსურთ, სხვა ფერზე დაფიქრდით. დღეს ნათელი ფერები თანდათან მეორეხარისხოვანი ხდება და პირველობას მუქ ტონებს უთმობს. დიზაინერები გირჩევენ, რომ ორი ფერი ჰარმონიულად შეუთავსოთ. ისინი ერთი გამის ან კონტრასტული შეიძლება იყოს. მაგალითად, ჯონ დე ლა კრუზი თავის ერთ–ერთ პროექტში სამზარეულოს გარნიტურში აერთიანებს ორ ვარიანტს: კვერცხის ნაჭუჭის ფერს და თეთრ მუხას.

კაშკაშა ფერების კომბინაციის არ შეგეშინდეთ. მოდაშია ცისფერი, ყვითელი, წითელი, ქლიავისფერი – ეს სია უსასრულოდ შეგიძლიათ გააგრძელოთ, ამიტომ თქვენი ბინის ფერთა სქემის და პირადი სურვილების გათვალისწინებით აირჩიეთ. მწვანეს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ. კაშკაშა არ უნდა იყოს. ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ არომატული ბალახებით  (სალბი, როზმარინი, პიტნა) შთაგონებული დახშული ტონების პოპულარობა გაიზრდება.

შენიშვნა: პრიალა ზედაპირი, რომელიც სივრცეს სინათლეს მატებს და ვიზუალურად ზრდის, კვლავ აქტუალურია, განსაკუთრებით პატარა სამზარეულოში. ასევე პოპულარულია ფასადები „გოფრე“ და „ლარტყა“. ისინი სამზარეულოს უფრო კვეთენ, ძვირადღირებულს და ელეგანტურს ხდიან. გოფრირებულ ზედაპირზე ჭუჭყი თითქმის შეუმჩნეველია, მაგრამ მისი მოვლა რთულია. სივრცე რომ არ გადატვირთოთ, „ლარტყები“ გარკვეულ ნაწილში აქცენტად გამოიყენეთ.

ტრენდი 6: კარადა ანტრესოლით

თანამედროვე სამზარეულო უკიდურესობებში გადადის. სანამ ზოგი ზედა კარადაზე უარს ამბობს, რომ სამზარეულო მსუბუქი და ჰაეროვანი გამოჩნდეს, სხვები დიზაინერებს ჭერამდე ავეჯის გაკეთებას სთხოვენ, რომ სივრცე მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენონ. ეს სურვილი გასაკვირი არაა. ბევრი სათავსოს ქონა ყოველთვის მოთხოვნადია, ამიტომ დამატებითი მესამე იარუსი პრობლემას წარმატებით აგვარებს. სათავსოს სწორად მოწყობის გარდა, ანტრესოლს კიდევ რამდენიმე უპირატესობა აქვს.

  • კარადასა და ჭერს შორის სივრცის უქონლობით სამზარეულოს გარნიტურა უფრო ლაკონური და მიმზიდველი ჩანს. ვიზუალური ხმაური ქრება.
  • კედელი მთლიანად ფასადით იფარება, ამიტომ მოპირკეთებაზე შეგიძლიათ დაზოგოთ.
  • კარადასა და ჭერს შორის მტვერი არ გროვდება, ამიტომ დალაგება მარტივდება.

ტრენდი 7: კომპაქტური მოსამზადებელი ზონა

ბოლო წლებში ჩვენი ცხოვრების წესი შეიცვალა. ტექნიკური პროგრესის, ასევე პრიორიტეტების ცვლილებების წყალობით ბევრი პროცესი ოპტიმიზირებულია. ასე თვითგანვითარებისთვის, კარიერისთვის, გატაცებებისთვის, ოჯახთან და მეგობრებთან კომუნიკაციისთვის მეტი დრო გვრჩება. კერძის მომზადებამაც მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. თუ ადრე კულინარია ყველა დიასახლისის ერთ–ერთი მთავარი მოვალეობა იყო, იმის მიუხედავად, თავისუფალი დრო ჰქონდა თუ არა, ახლა ყველაფერი მარტივადაა. საჭმელი შეგიძლიათ შეუკვეთოთ ან კაფეში ივახშმოთ და არავინ განგსჯით.

ამ მოთხოვნილებებიდან გამომდინარე სამზარეულოს დიზაინიც შეიცვალა. კერძების მოსამზადებელი ზონა უფრო შემცირდა. ახლა მასიური კონსტრუქციები, რომელიც ორ კედელს იკავებდა, აღარაა. მის ნაცვლად პოპულარულია კომპაქტური კუთხური ან ხაზოვანი სისტემა ორკონფორიანი ქურით და პატარა სამუშაო სივრცით. სათავსო დაფარულია, ტექნიკა – ჩაშენებული. ასე სამზარეულო კომფორტულად და მინიმალისტურად გამოიყურება.