
ფილები წყალგამძლე მასალა და იდეალური საფარია შემოსასვლელის, სააბაზანოს და სამზარეულოს იატაკისა და კედლებისთვის. ფილები ადვილად ირეცხება, სუნს და წყალს არ იწოვს. ასეთი საფარის ერთადერთი მინუსი ფილებს შორის ღარებია, რომელიც სითხეს ატარებს და რის გამოც ჭუჭყი და ობი გროვდება. Novate გასწავლით, როგორ გაწმინდოთ სააბაზანო ოთახში ფილებს შორის ღარები ობისგან სხვადასხვა მეთოდით და სოკო სამუდამოდ მოიშოროთ.
როგორ გავწმინდოთ ფილებს შორის ღარები
ყველაზე ხშირად ობი სააბაზანო ოთახში ჩნდება: კედლის პირაპირში, ოთახის კუთხეში, საშხაპე კაბინაში. ამ ადგილას მაღალი ტენიანობაა და სოკოს თავიდან ასაცილებლად დალაგების შემდეგ უნდა გაამშრალოთ.
სააბაზანო ოთახში ობის გაჩენის მიზეზებს შორის შეგვიძლია გამოვყოთ: სამონტაჟო შეცდომები რემონტის დროს, უხარისხო დალაგება, ცუდი ვენტილაცია და მაღალი ტენიანობა. ფილები ობით შეუხედავია, მაგრამ ეს მთავარი პრობლემა არაა. ობი ადამიანის ჯანმრთელობას აზიანებს, ამიტომ ფილებს შორის ღარებზე მწვანე ან შავი ლაქების დანახვისას, სასწრაფოდ მოშორება სცადეთ.
სპეციალური სოკოს საწინააღმდეგო საშუალება
ობს ყველა საყოფაცხოვრებო ქიმია ვერ უმკლავდება, ამიტომ სჯობს მისი გაჩენა თავიდან აიცილოთ და თვეში ერთხელ ფილები მაღაზიაში ნაყიდი სოკოს საწინააღმდეგო საშუალებით დაამუშავოთ. ეს საშუალება გაჩენილ ობსაც მოგაშორებთ. სოკოს საწინააღმდეგო საშუალების ნარევში შედის მიკრობიციდი, რომელიც ყველა სახის სოკოს და მავნე მიკროორგანიზმს ანადგურებს. ერთ–ერთი ეფექტური საშუალებაა „პოლიმიქსი“, მაგრამ ბაზარზე ბევრ ეფექტურ საშუალებას იპოვით.
ქლორი
ობის საწინააღმდეგო ხსნარი ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ქიმიიდან შეგიძლიათ გააკეთოთ, რომელშიც ქლორი შედის. მაგალითად, მათეთრებელი გამოიყენეთ. გელიანი ხსნარი უკეთესია. მაგალითად, Domestos. 1 ლ წყალში 60 მლ გელი გახსენით და პირდაპირ ფილებს შორის ღარებს წაუსვით. საუკეთესო ეფექტისთვის ღარები ძველი კბილის ჯაგრისით გახეხეთ და სააბაზანო ოთახი ჩართული ვენტილაციით 15 წუთით დატოვეთ. ახლა ხსნარი ჩამორეცხეთ და ფილები გაამშრალეთ. ხელთათმანი და ნიღაბი აუცილებლად გაიკეთეთ, სააბაზანო ოთახის დალაგებამდე ცხოველი შიგნით არ შეუშვათ. კედელზე ფილების გასაწმენდად პულვერიზატორი მოსახერხებელი გამოსაყენებელია.
სპილენძის სულფატი
5 ლ წყალში 50 გ სპილენძის სულფატი გახსენით. ამ ნარევით ფილებს შორის ღარები ჯაგრისით დაამუშავეთ. 3 საათით მოქმედებისთვის გააჩერეთ. შემდეგ საშუალების ნარჩენები სველი ჩვრით მოაშორეთ.
წაგლესვის შეცვლა
თუ საშუალება ობს ვერ უმკლავდება, ფილებს შორის წაგლესვის გამოცვლა მოგიწევთ. თავად ფილების გამოცვლა აუცილებელი არაა. წაგლესვის შეცვლისას შეარჩიეთ კარგი ნარევი დალუქვით, რომელიც სითხეს არ ატარებს და სამუდამოდ მოგაშორებთ ისეთ პრობლემას, როგორიცაა სოკო სააბაზანო ოთახში.
ლურსმნით და შპატელით ძველი წაგლესვა მოაშორეთ. ახალი ნარევი ფილებს შორის ღარებს შპატელით წაუსვით. ახლა გაშრობა აცადეთ და ზედმეტი ნაწილები სველი ჩვრით მოაშორეთ.
რედაქციის რჩევა
ობის საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალება პროფილაქტიკაა. სახლში ობის გაჩენის მიზეზი გამოავლინეთ. თეთრეული სააბაზანო ოთახში არ გააშროთ და კარი ყოველთვის ღიად დატოვეთ. ვენტილაციის გამართვაზე იზრუნეთ. წყლის პროცედურების შემდეგ იატაკი და სანტექნიკა გაამშრალეთ.
სასაპნე და კბილის ჯაგრისის ჭიქები ობის გამრავლების ადგილი ხშირად ხდება, მათ სისუფთავეს ყურადღება მიაქციეთ. კვირაში ერთხელ საშხაპე კაბინა და სააბაზანო ოთახი ქლორის შემცველი საშუალებით, ძმრით, სოდით, სოკოს საწინააღმდეგო სარეცხი საშუალებით გარეცხეთ. ასე სოკოს გაჩენას თავიდან აიცილებთ. გაჩენილ ობთან ბრძოლა უფრო რთულია, ვიდრე მისი წარმოშობის თავიდან აცილება. როგორ უმკლავდებით სოკოს სააბაზანო ოთახში?