კონცეპტუალური მოდულური ეკო სასტუმრო ხეზე, რომელიც მულტფილმის სახლს ჰგავს

ავსტრიულმა არქიტექტურულმა სტუდიამ ინოვაციური მოდულური ხეზე სახლის საინტერესო კონცეფცია შეიმუშავა. დამკვეთები იყვნენ სტარტაპ Baumbau, დამწყები სასტუმროს მფლობელები, რომლებიც საკუთარ ეკო სასტუმროზე ოცნებობდნენ. ისინი დაინტერესდნენ ალტერნატიული ტურიზმით, რომელიც უჩვეულო სასტუმროს კომპლექსის მოსაწყობად შეუზღუდავ შესაძლებლობებს იძლევა. იმედოვნებენ, რომ შემუშავებული სასტუმროს ნომერი, რომელიც მულტფილმის გმირებს მოგვაგონებს, უნიკალური ობიექტის შექმნაში დაეხმარებათ.

წარსულს ჩაბარდა დრო, როცა არქიტექტორები და სასტუმროს მფლობელები ცდილობდნენ აეშენებინათ უზარმაზარი სასტუმროს კორპუსი აუზით და ბევრი გასართობი ობიექტით. ახლა მოდაშია ხელუხლებელ ბუნებაში გაფანტული მყუდრო ბუტიკი სასტუმრო და ეკო კურორტი. პრიორიტეტების შეცვლის გათვალისწინებით გასაკვირი არაა, რომ სასტუმროს ნომერი გადაიქცა მყუდრო შალედ, უჩვეულო კაფსულად ან ხეზე სახლად, რომელიც ზოგჯერ კოსმოსურ უცხოპლანეტელებს ან მულტფილმის გმირებს წააგავს. ასეთი კონცეფცია სტარტაპ Baumbau-სთვის ძირითადი გახდა, რომელიც ტურიზმის და სასტუმროს ბიზნესის განვითარების ალტერნატიული მეთოდების ძიებისკენაა მიმართული.

ავსტრიულმა არქიტექტურულმა სტუდიამ Precht შეიმუშავა ინოვაციური ხეზე სახლის პროექტი, რომელიც სასტუმროს ნომრებად და სააგარაკო ნაკვეთად შეგიძლიათ მოაწყოთ. მრგვალი მოდულური სახლი  Bert Tree House ცხოველების ან მწერების ორგანული ფორმებით შთაგონებული არაა. შთაგონება იპოვეს თავად ხეებში, უფრო ზუსტად, მათ ღეროებში გაშლილი ტოტებით, და საბავშვო მულტფილმის მხიარულ გმირებში, მინიონებში (Minions).

„ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ არქიტექტურა სერიოზული და ღრმა ხელობაა ხანგრძლივი კულტურით და ტრადიციებით. ამას ხელოვნების, ფილოსოფიის, ლიტერატურის ან ხუროთმოძღვრების პროექტში ვამჩნევთ. ამ პროექტისთვის შთაგონება თავად ბუნებაში და სხვა შემქმნელების შემოქმედებაში ვიპოვეთ, მაგრამ არა მიქელანჯელოსა და დალიში. პროექტს სხვა მხრიდან შევხედეთ და შევმატეთ მხიარული, გასართობი ხასიათი, რომელიც ტრადიციული კანონებით შექმნილი შენობის საპირწონე გახდება. საინტერესო პერსონაჟი, რომელიც ტყის ველური ბუნების ნაწილი გახდა, დამატებით გრძნობებს და ემოციებს უზრუნველყოფს, რაც ჩვენ დროში არქიტექტურას აკლია“ – ახსნა პროექტის უჩვეულო მიდგომა კრის პრეხტმა, არქიტექტურული სტუდიის მფლობელმა, პრესრელიზში.

Bert Tree House–ის სტრუქტურა: მოდულური სახლი, რომლის ელემენტები პატარა საწარმოშიც ადვილად იწარმოება, ასაწყობ კონსტრუქციას წარმოადგენს. სახლი ერთმანეთზე დადებული რამდენიმე ბლოკისგან შედგება. თითოეული ბლოკის ცილინდრული ფორმა ხის ღეროს იმეორებს და ერთმანეთზე დადებით ისე ფართოვდება, როგორც ტოტები ხის ღეროს სხვადასხვა მხარეს. მიწისზედა პატარა მოცულობის და ვერტიკალური მონტაჟის წყალობით, მზა კონსტრუქცია ურთულეს ადგილებშიც შეგიძლიათ დადგათ ან საყრდენებს დაამაგროთ და ხეზე სახლის იმიტაცია შექმნათ. ასეთი კონსტრუქცია ბუნებრივი და დაცული ტერიტორიებისთვის იდეალურია, რადგან მასშტაბური საძირკვლის გაკეთებას არ ითხოვს და მიწასა და მიმდებარე ეკოსისტემაზე მინიმალურ გავლენას ახდენს როგორც მშენებლობის, ასევე ექსპლუატაციის დროს.

მოდულებს აქვთ მოდიფიკაცია როგორც ერთი ფანჯრით/მრგვალი ხვრელით, ასევე ორით. ორივე კონსტრუქცია სხვადასხვა საცხოვრებელი ზონის მოსაწყობად შესაფერისია. ერთადერთი, თუ სახლის „გაფართოება“ იგეგმება, მოდულებში ორი ფანჯარა/ილუმინატორის ქონა აუცილებელია. ერთ–ერთი მათგანი შემაერთებელ დერეფნად გადაიქცევა, რაც საშუალებას იძლევა, რომ ნომრების, რეზიდენციების და კლასტერების უჩვეულო ვერტიკალური კონსტრუქცია შეიქმნას. აღსანიშნავია, რომ მოდულების განმეორებითი სტრუქტურული ელემენტების მიუხედავად სახლები ერთნაირი არ იქნება, რადგან მათი დამონტაჟება შესაძლებელია სხვადასხვა კუთხით, თუნდაც თავდაყირა. მთავარია, რომ გადაადგილება და საცხოვრებელი ფართის აღჭურვა მოსახერხებელი იყოს.

Novate–ს ინფორმაციით, ავსტრიული ეკო კურორტის Bert Tree House მშენებლობაში მხოლოდ ხის მასალას გამოიყენებენ. თითოეული მოდულის ფასადი ადგილობრივი ქერცლიანი კრამიტით დაიფარება. ასე ახალი ობიექტი ავსტრიული ალპების თვალწარმტაც პეიზაჟს ორგანულად შეერწყმება, განსაკუთრებით გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც ხის მასალა მზის, ქარის და წყლის ზემოქმედებით გახუნდება.

დეველოპერების თქმით, ასეთი მშენებლობის სისტემა და თავად სახლი უნივერსალურია, რადგან ძვირი იმპორტული მასალების გამოყენება აუცილებელი არაა. მაგალითად, თუ სადმე ხის მასალას ოქროს ფასი აქვს, მოდულები შეიძლება ლითონით აიწყოს, სხვადასხვა სინთეტიკური მასალით დაიფაროს, რომელიც გარე ზემოქმედების მიმართ მდგრადია და ადამიანის ჯანმრთელობას და ბუნებას ზიანს არ აყენებს. ხარისხიან დათბუნვასა და ხმის იზოლაციაზე ცალკე უნდა იზრუნოთ. მოდულების აწყობის და მოწყობის ბევრი ვარიანტი არსებობს, უბრალოდ სწორად უნდა მოარგოთ იმ ადგილს, სადაც მისი დადგმა იგეგმება და კლიმატისთვის შესაფერისი ტრადიციული სამშენებლო მასალები გამოიყენოთ.

თუ შიდა სივრცის მოწყობაზე ვსაუბრობთ, პროექტის ავტორები მინიმუმ 2–3 მოდულის გამოყენებას გვთავაზობენ. საყრდენი ქვედა დონეა, რომელსაც სპირალური კიბე აკრავს. აქ შეგიძლიათ მოაწყოთ პატარა სათავსო სპორტული აღჭურვილობის შესანახად და საინჟინრო ოთახი, სადაც დაიმალება ყველა კომუნიკაცია და აუცილებელი აღჭურვილობა ყველა სტრუქტურის ავტონომიური არსებობისთვის (საკანალიზაციო დანადგარები, წყლის აღდგენის სისტემა, გადამყვანები, ბატარეები და ა.შ.).

მეორე დონეზე შეგიძლიათ მოაწყოთ სამზარეულო და აბაზანა, ხოლო მესამეზე – საძინებელი ოთახი პატარა მისაღები ზონით და აივანზე გასასვლელით, საიდანაც საოცარი ხედები იშლება. პროექტით გათვალისწინებულია ფუნქციური სახურავი, სადაც შეგიძლიათ გააკეთოთ ტერასა ეგზოტიკური ბაღით და განათავსოთ მზის პანელები, რომელიც თითოეულ ოთახს და მიმდებარე ტერიტორიას ელექტროენერგიით უზრუნველყოფს.