ბაღის სახლი, რომელიც ბუნებრივი კატაკლიზმებისგან დაგიცავთ და საკვებით უზრუნველყოფთ

მსოფლიოს ერთ–ერთ ყველაზე ბედნიერ ქვეყანაში, კოსტა რიკაში ინოვაციური ბაღის სახლი, ციცქნა ფერმა გამოჩნდა, რომელიც თანამედროვე მშენებლობის ეტალონი შეიძლება გახდეს. საოცარი ბუნება, ეკოლოგიურად სუფთა მასალები, „ჭკვიანი“ სისტემები, კომუნალური გადასახადების არარსებობა, ბუნებრივი კატაკლიზმების დროს (გვალვა, წყალდიდობა) სრული უსაფრთხოება, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები – ეს მცირე ნაწილია, რაც ადგილობრივმა არქიტექტორმა ერთ პატარა სახლში განახორციელა.

წარსულს ჩაბარდა დრო, როცა ხალხი 2-3 სართულიან უზარმაზარ სასახლეს, პომპეზურ ინტერიერს და სასახლის ფუფუნებას ოცნების მწვერვალად მიიჩნევდა. თანამედროვე ადამიანი ყველაფრის დეტალურად გათვლას სწავლობს და მიხვდა, რომ მთავარი ბედნიერებაა კომფორტულ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრება, კომუნალური ხარჯის შემცირება, რომელსაც ხშირად შემოსავლის დიდი წილი ჩუმად და მშვიდად მიაქვს. თუ ამას საცხოვრებლად არასტაბილურ რეგიონს დაუმატებთ, სადაც მიწისძვრა, ქარიშხალი, გვალვა ან წყალდიდობა ხშირი მოვლენაა, მაშინ პირველ რიგში უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნოთ.

კოსტარიკელმა არქიტექტორმა უნიკალური პროექტი „ციცქნა ფერმა“ შექმნა. მან დაამტკიცა, რომ სახლის ფართობი მთავარ როლს არ ასრულებს, რომ ადამიანმა სიმშვიდის და სიმყუდროვის სასიამოვნო ატმოსფერო იგრძნო. მთავარია, სივრცის ოპტიმალურად გამოყენება და დანერგილი ტექნოლოგიები.

ცნობისთვის: არქიტექტორი როდოლფო ტინოკო პეჩტელი (Rodolfo Tinoco Pechtel), რომელიც სტუდიას LSD Architects ხელმძღვანელობს, ოჯახისთვის სააგარაკო სახლის Casa Jardin პროექტი შექმნა და ერთდროულად რამდენიმე მიზნის განხორციელება სცადა. მის ოჯახს სჭირდებოდა მშვიდი კუთხე, სადაც სუფთა ჰაერსა და სიწყნარეში დაისვენებდა. არქიტექტორს სურდა მშვიდ გარემოში პროექტების შექმნა ისე, რომ ჩვეულ კომფორტზე უარი არ ეთქვა. დამატებით სურდა აბსოლუტურად თვითკმარი სახლი, რომ კომუნიკაციების გაყვანასა და გადასახადებზე ფული არ დაეხარჯა. არქიტექტორი თვლის, რომ თანამედროვე ადამიანს უსაფრთხო საცხოვრებელი უნდა ჰქონდეს, სადაც თავს შეაფარებს ბუნებრივი კატაკლიზმების ან ეპიდემიის დროს, რომელიც ყველას და ყველგან თვითიზოლაციაში გადასვლას აიძულებს. ამავდროულად, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები უნდა ჰქონდეს, რომ სახლის დატოვება და რისკის ქვეშ აღმოჩენა არ მოუწიოს. ერთი შეხედვით, პატარა მიწის ნაკვეთზე ყველა სურვილის და ოცნების ახდენა შეუძლებელია, მაგრამ კრეატიულმა დიზაინერმა ყველაფერს მიაღწია, რასაც გეგმავდა და ოცნებობდა.

დავიწყოთ იმით, რომ ყველა არქიტექტორი, რომელიც საკუთარ თავს და გარემოს პატივს სცემს, ხალხისა და გარემოსთვის უსაფრთხო პროექტის განხორციელებას ეცდება. როდოლფო გამონაკლისი არაა. პროექტის განხორციელებისას იზრუნა ზოგიერთი დეტალის და ტექნოლოგიის დანერგვაზე, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე ნეგატიურ ზემოქმედებას შეამცირებს როგორც მშენებლობის, ასევე თავად შენობის ექსპლუატაციის დროს. შეძლო მცენარეულობის გაზრდა, რომელიც ჰაერს წმენდს, სასარგებლო მიკროკლიმატს ქმნის და ორგანულ ბოსტნეულს, მწვანილს და კენკრას უზრუნველყოფს, რაც ჯანსაღი კვების საფუძველია (განსაკუთრებით ჩვენ დროში).

მინი ფერმა არა მხოლოდ მიმდებარე ნაკვეთზეა განლაგებული, არამედ შენობის ფასადზეც. ვერტიკალური გამწვანება შიდა სივრცეს იცავს გახურებისგან, ძლიერი ქარისგან, რომელიც ზღვიდან უბერავს, და კონფიდენციალობას უზრუნველყოფს. მეწარმე ოჯახი ვერტიკალურ კლუმბებში ზრდის სურნელოვან მწვანილებს, სეზონურ ბოსტნეულსა და კენკრას, რომელიც უხვი მოსავლით ახარებთ.

Novate–ს ინფორმაციით, ბაღის სახლი Casa Jardin  ქალაქ ტამარინდოს (Tamarindo) სანაპიროდან ფეხით სავალ მანძილზე აშენდა. ტამარინდო კოსტა რიკას მთავარი ტურისტული ცენტრია. რეგიონში ხშირად გვალვა (ზაფხულში), ასევე ძლიერი ქარიშხალი და წყალდიდობა. კრეატიულმა არქიტექტორმა საცხოვრებლის დატბორვის თავიდან ასაცილებლად სახლის მთავარი ნაწილი V ფორმის მაღალ საყრდენებზე დადგა, რომელიც წყლისგან იცავს. მიწიდან მაღლა მდგომი სახლის ქვეშ ყოველთვის არის ჩრდილი, სადაც ცხელ შუადღეს შეგიძლიათ დაისვენოთ ან ავტომობილი გააჩეროთ. სახლის ასეთი განლაგება ერთდროულად ეკონომიური და ეკოლოგიურია, რადგან ქვაბულის გათხრა და მასშტაბური საძირკვლის შექმნა არ სჭირდება, მიწაზე ზეწოლა მცირდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუ მშენებლობა ბუნებრივ ზონაში მიმდინარეობს.

პროექტის ავტორი გეგმავდა ისეთი თვითკმარი სახლის აშენებას, რომელსაც კომუნიკაციების გაყვანა არ დასჭირდებოდა. სწორედ ამიტომ, შენობის რაციონალური ორიენტაცია გაითვალისწინეს, რომ მზის პანელებმა მეტი მზის ენერგია დაიჭირონ. წვიმის და ჩამდინარე წყლების შესაგროვებლად და შესანახად ავზები დაამონტაჟა. მათ ისე ამუშავებენ, რომ უსაფრთხოდ გამოიყენონ მცენარეების მოსარწყავად, უნიტაზის ჩასარეცხად. „ჭკვიანი“ სისტემების დანერგვით რესურსებს ეკონომიურად იყენებენ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სააგარაკო მინი ფერმა არა მხოლოდ თვითკმარი, არამედ ენერგოეფექტური და მდგრად ცხოვრების წესზე ორიენტირებულია.

შიდა სივრცის განლაგებასა და ორგანიზებაში უპირატესობა მიენიჭა მაქსიმალურად გახსნილ საცხოვრებელ ზონას და დიდ ტერასას, რომელიც პატარა სახლის სასარგებლო ფართობს ზრდის. Casa Jardin–ში მხოლოდ ორი იზოლირებული ოთახია: სააბაზანო ოთახი და საბავშვო ოთახი. დანარჩენი ზონები ერთმანეთისგან დაბალი ტიხრით გამოყოფილია. მაგალითად, მისაღები ოთახი, რომელიც ღამით საძინებელად გადაიქცევა, და სამზარეულო–სასადილო, რომელსაც ჩაშენებული ტექნიკა და ავეჯი აქვს.

პანორამული შემინვა და ღია ტერასა მიმდებარე პეიზაჟთან მჭიდრო კავშირს უზრუნველყოფს, მით უფრო მცენარეულობის უმეტესობა ამ დონეზე მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ ინტერიერში გამოყენებულია მინიმუმი ავეჯი და ტექნიკა, ხოლო მოსაპირკეთებელი მასალების ტექსტურა და ფერი ისეა შერჩეული, რომ ბუნების სილამაზით ტკბობაში ხელი არაფერმა შეუშალოთ.