მიტოვებული ბეტონის ბეღელი მხატვრის თანამედროვე სახლად გადააკეთეს

ისლანდიაში მიტოვებულმა ბეტონის ბეღელმა არქიტექტურულ კომპანიას Studio Bua მოულოდნელი ტრანსფორმაცია შთააგონა. ახლა საშინელი, ცარიელი ჩარჩოების მქონე ყუთის ნაცვლად გამოჩნდა ორსართულიანი სახლი, სადაც მხატვრის სტუდია–სახელოსნოა განთავსებული. მთებით, მდელოებით, ფიორდებით და ზღვით გარემოცული სახლი იდეალური ადგილია შემოქმედებითი ადამიანისა და მისი ოჯახისთვის, რომელთაც განმარტოებულ ადგილას დასვენება სურთ.

არქიტექტორები ხშირად ცდილობენ, რომ ძველი შენობა არ დაანგრიონ, არამედ ნანგრევებს ახალი სიცოცხლე შთაბერონ. თან ისე, რომ ძველი შენობის ნანგრევები მომავალი შემოქმედების საფუძველი ხდება, რომელიც მიმდებარე ლანდშაფტს და ობიექტის სტრუქტურას შეძლებისდაგვარად ორგანულად ერწყმის. ასე მოხდა ისლანდიაში, სოფელში Skarðsströnd, სადაც უზარმაზარ ტერიტორიაზე მიმოფანტული სამეურნეო შენობები აღდგენას მოითხოვს. ადრე ამ მიტოვებულ შენობებში იყო ფერმები, ბეღლები და ფარდულები, რომლებიც სხვადასხვა ფუნქციას ასრულებდნენ. თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველა შენობა ბრეიდაფორდურის ბუნებრივი ნაკრძალის (Breiðafjörður Nature Reserve) ულამაზეს მდელოებს შორის მდებარეობს, გასაკვირი არაა, რომ მათი უფრო რაციონალურად გამოყენება სურთ.

ყველა შენობა სხვადასხვა ხარისხით, მაგრამ ავარიულ მდგომარეობაში იყო. Novate–ს ინფორმაციით, თავიდან Studio Bua-ს არქიტექტორებმა მიიღეს წინადადება, რომ ყველა ობიექტი აღედგინათ და ერთ საერთო იდეასთან „ოჯახებისა და მეგობრებისთვის შენობების საზოგადოება“ დაეკავშირებინათ. ეს მაქსიმუმი პროგრამაა. პირველი შენობა, რომლის გარდაქმნაც დაიწყეს, მიტოვებული ბეტონის ბეღელი გახდა.

გარდაქმნის იდეა: გადაწყვიტეს, რომ ბეტონის ბეღელი მხატვრის თანამედროვე სააგარაკო საცხოვრებლად გადაეკეთებინათ, რომლის ნაწილში სტუდია მოეწყობოდა. მთავარი ამოცანა ორგანული სივრცის შექმნა იყო, რომელიც გახდებოდა მყუდრო სახლი, სამუშაო სივრცე და ერთგვარი გალერეა სტუმრების/კლიენტების“ მისაღებად. ამ მიზეზით თავად შენობა ხელოვნების ნიმუში უნდა გამხდარიყო. გარდაქმის შემდეგ ზედნაშენის ფორმა ორიგანულური ბეტონის კონსტრუქციის პროფილს იმეორებს, ხოლო გოფრირებული ლითონის პანელის საფარი სიახლეს ხაზს უსვამს. გარდაქმნილ ობიექტს უწოდეს  Hlöðuberg artist’s studio (მხატვარ ჰლოდუბერგის სტუდია).

ბეტონის ბეღელის კონსტრუქცია იმდენად მტკიცე იყო, რომ მისი შენარჩუნება და მთავარ საძირკვლად გამოყენება გადაწყვიტეს. არქიტექტორებს და დამკვეთებს იმდენად მოსწონდათ ნახევრად დანგრეული კედლები ადგილ–ადგილ ამობურცული კენჭებით და ლიქენით დაფარული, რომ ყოველგვარი გარდაქმის ან გაკეთილშობილების გარეშე მისი შენარჩუნება გადაწყვიტეს. ვინაიდან უფრო გვიანდელი მიშენება, სახურავი და ფანჯრები დანგრეული იყო, დიდი ძალისხმევის გაღება მოუწიათ, რომ შიდა სივრცის მინიმუმი ნაწილი მაინც გამოეყენებინათ.

ბეღელის ნაწილს, რომელიც სახურავის გარეშე დარჩა, არ შეეხნენ, არამედ ბეტონის კედლებით დამალულ წყნარ ეზოდ დატოვეს. დანარჩენში მოაწყვეს სამზარეულო, სასადილო და სააბაზანო ოთახი. სივრცის დიდი ნაწილი სახელოსნოს და საგამოფენო სივრცეს ეთმობა, რომელმაც მეზონინიც დაიპყრო და ღია განლაგების შექმნა შესაძლებელი გახადა.

პირველი სართული ისე გადაკეთდა, რომ შენობას მაქსიმალური ბუნებრივი სინათლით უზრუნველყოფს და შიდა სივრცესა და ულამაზეს ბუნებას შორის საზღვრების „წასაშლელად“ ყველა პირობა ქმნის. (მით უფრო, მიმდებარე ტერიტორიაზე მეზობლები ჯერ არ ჩანან).

ამისთვის ძველი ფანჯრის/კარის ღიობები აღადგინეს, ზოგიერთში ბუნებრივი ქვა გამოიყენეს, რომ ძველი შენობის ფონზე არ გამოკვეთილიყო. ბეტონის კედლების კონსტრუქცია არმატურით გამაგრებული არ იყო, ამიტომ ბევრი ახალი ფანჯარა არ დაუმატეს. მხოლოდ ორი ფანჯარა გამოჭრეს, რომ მომავალში მაცხოვრებლებს საფრთხე არ შექმნოდათ. აღსანიშნავია, რომ ძველი და ახალი ფანჯრის/კარის ღიობები ქვების ამოსაკვეთად ალმასის საცმებით გახეხეს. ეს იმისთვის გააკეთეს, რომ უხეშ გარე მოპირკეთებასთან კონტრასტი შეექმნათ და ძველი ბეტონის არსებული ფერი და ტექსტურა გამოეჩინათ.

„საცხოვრებელი ზონის პირველ სართულზე ტრადიციული ინტერიერი შევქმენით, რომელიც აქ თავიდანვე იყო. თავშეკავებული პალიტრა, შეღებილი ფიჭვის დაფები კედლებსა და იატაკზე, ფანერით მოპირკეთებული კიბე – ეს ყველაფერი ხალხურ კოლორიტს ასახავს. ერთადერთი გადახრაა გამჭვირვალე ბოლო კედელი, რომელიც ადრე ბეღელის შესასვლელი იყო. შემინული ფასადი ორმაგი სიმაღლისაა, რომლის წყალობით ორივე სივრცე დღის სინათლით აივსება, ხოლო მაცხოვრებლები შესანიშნავი ხედებით დატკბებიან“ – ამბობენ Studio Bua-ს დიზაინერები.

ბეღელის ზედნაშენი კონსტრუქციის შესამსუბუქებლად ხისგან იყო დამზადებული. ამასთან, ტრადიციული სამშენებლო ტექნოლოგიები გამოიყენეს, რადგან ამ რეგიონის რთული კლიმატური პირობების შესახებ ყველამ იცის. ერთადერთი ინოვაცია გახდა ფოლადის გოფრირებული პანელები, რომლებიც ალუმინის და თუთიის სპეციალური შენადნობით დაფარულია.

ასეთი გადახურვის და მოსაპირკეთებელი მასალა მკაცრ გარემო პირობებს სხვა მასალებზე უკეთ უძლებს. ამ ტერიტორიაზე პრიალა ლითონის ფირფიტების გამოყენების კიდევ ერთი უპირატესობაა მიმდებარე პეიზაჟის, მათ შორის არეკვლა. მუდმივად ცვალებადი სურათები შენობას განსაკუთრებულ დინამიურობას ანიჭებს და ჩრდილების თეატრად აქცევს.

ინტერიერში მარტივი დიზაინია გამოყენებული, რომელიც უკვე დიდი ხანია ფუფუნებად ითვლება. მშვიდი ინტერიერი ნეიტრალურ ფერებში, რომ გამოფენილი ხელოვნების ნიმუშებისგან ყურადღება არ გაგეფანტოთ; გაპრიალებული ბეტონი იატაკის საფარში (პირველ სართულზე); ადგილობრივი სანაპიროდან მოტანილი ბუნებრივი ქვის არსებობა; ნატურალური ხე მოსაპირკეთებელ მასალებსა და ჩაშენებულ ავეჯში (სტუდიის დიზაინერებმა ორიგინალური მოდელები შექმნეს); ექსპერიმენტული შეღებვა (სხვადასხვა პიგმენტებით), რომელიც თავად სახლის მფლობელმა შეასრულა. ამ ყველაფრით შიდა სივრცე მოდური და თანამედროვე გახდა.

აღსანიშნავია, რომ პროექტის შემქმნელებმა სააგარაკო შენობის ენერგოეფექტურობაზეც იზრუნეს, რაც ასეთ მკაცრ პირობებში არანაკლებ მნიშვნელოვანია. სქელი ბეტონის კედლები, ჰიდრო და თბოიზოლაცია, დაბალი ტემპერატურის იატაკები გათბობის სისტემით, სამმაგი დაბალემისიური მინა როგორც ფანჯრებზე, ასევე ბოლო კედელზე, გეოთერმული სითბოს ტუმბო მდგრადი სახლის შექმნაში მონაწილეობს.