რეცხვის და დაუთოების 8 საიდუმლო, რომელსაც ბრძენი დიასახლისი თავის არსენალში ჩართავს

სხვადასხვა დიასახლისები არსებობენ. ზოგი ზედმეტად მოწესრიგებულია, დროს და ძალას არ ზოგავს, რომ მტვერი გადაწმინდოს და ნიჟარა გარეცხოს, ზოგს მხოლოდ ტელეფონით რობოტი მტვერსასრუტის ჩართვა შეუძლია. ნებისმიერ შემთხვევაში, ბევრ მათგანს სურს, რომ მარტივად, სწრაფად და ძალდაუტანებლად დაალაგოს. Novate დიასახლისების სურვილებს ასრულებს და გიზიარებთ რამდენიმე საიდუმლო ხრიკს რეცხვის და დაუთოების შესახებ.

1. ბიგუდი ბეწვის მოსაშორებლად

შინაური ცხოველების მფლობელებს საკუთარი მემე აქვთ – კატის ან ძაღლის ფერი ტანსაცმლის შერჩევა. სასაცილოა მანამ, სანამ კარადაში არ დაგრჩებათ ნივთი, რომელსაც ცხოველის ბეწვის კვალი არ აქვს. ასევე არსებოს ხალიჩა და რბილი ავეჯი, რომლის მიმართ შინაურული ცხოველი გულგრილი არაა. ხაოიანი ქსოვილიდან მოკლე ბეწვის მოშორება განსაკუთრებით რთულია. რა თქმა უნდა, მის მოსაშორებლად შეგიძლიათ ტრადიციული მეთოდი გამოიყენოთ, როგორიცაა წებვადი ლილვაკი ან მინის საფხეკი. გირჩევთ, რომ უფრო შორს წახვიდეთ და გამოიყენოთ შემდეგი ხრიკი: სარეცხ მანქანაში უბრალო წებვადი ბიგუდი ჩადეთ. ბეწვის შესანიშნავი „ხაფანგია“.

2. ხელმისაწვდომი საშუალება გასარეცხად

თუ სარეცხი საშუალება (ფხვნილი, გელი, კაფსულა) მოულოდნელად დაგიმთავრდათ, დროა ხელმისაწვდომი საშუალება გამოიყენოთ. უფრო მეტი ვარიანტი არსებობს, ვიდრე ფიქრობთ. ნივთები შეგიძლიათ მოაწესრიგოთ სოდის, შამპუნის, ჭურჭლის სარეცხი სითხის და უბრალო საპნის გამოყენებით. თუ დაზოგვა და შესაძლო ალერგიული რეაქციის თავიდან აცილება გსურთ, შემდეგი საშუალება მოამზადეთ. 60 გ სარეცხი საპონი გახეხეთ, 1 ლ ცხელ წყალში გახსენით, 2 ს/კ სოდა დაუმატეთ. კარგად აურიეთ და ნარევის გაგრილებას დაელოდეთ. მანანის ფაფის მსგავსი მასა უნდა მიიღოთ. პირსახოცს და თეთრეულს კარგად რეცხავს. სარეცხ მანქანას ჩვეულებრივი გელის მსგავსად დაუმატეთ. იმავე რაოდენობის დაგჭირდებათ.

3. 15 წუთით „დასვენება“ თეთრეულის გასაუთავებლად

დღემდე კამათობენ, საჭიროა თუ არა თეთრეულის დაუთოება. ზოგი თვლის, რომ ეს დროის ფუჭი ხარჯვაა. სხვებს უნაკეცო თეთრეულში დაძინება სურთ. გთავაზობთ ხრიკს, რომელიც ორივე მხარს დააკმაყოფილებს.

გახსოვდეთ, რომ სარეცხ მანქანაში მხოლოდ გაშლილი თეთრეული უნდა ჩადოთ. თუ თავიდანვე გუნდად შეკრული იქნება, რთულ ნაკეცებს გარანტირებულად გაიკეთებს. გაწურვის დაბალი რეჟიმი გამოიყენეთ და დოლურაში დიდხანს არ გააჩეროთ.

რეცხვის ბოლოს თეთრეული დაფერთხეთ, რამდენჯერმე სწორად გაკეცეთ და ხელით გაასწორეთ. სწორ ზედაპირზე 15-20 წუთით დაასვენეთ, შემდეგ გაკიდეთ. გამშრალი თეთრეული სწორი დარჩება. რა თქმა უნდა, იდეალურად ვერ გასწორდება, მაგრამ მაინც მიმზიდველი დარჩება. თეთრეული და ლეიბისპირი შეგიძლიათ დაკეცოთ და ლეიბის ქვეშ შეინახოთ, თუ ახლა არ გჭირდებათ. რამდენიმე დღეში სხეულის სიმძიმის ქვეშ გლუვი და სწორი გახდება.

ყურადღება მიაქციეთ: თუ დაუთოებას აპირებთ, ტრადიციულ მეთოდს გადაუხვიეთ. თეთრეული, ბალიშისპირი და ლეიბისპირი ერთმანეთს დააწყვეთ და ზემოდან დაუთოება დაიწყეთ. შემოწმებულია: თითოეული მორიგი ნივთის დაუთოება გაგიმარტივდებათ, თან დროს დაზოგავთ.

4. ჭურჭლის სარეცხი აბები ლაქების მოსაშორებლად

თუ ტანსაცმელზე, პირსახოცსა და თეთრეულზე ლაქები თავს იწონებს და მათ მოშორებას ვერ ახერხებთ, ჩვეულებრივი სარეცხი ფხვნილის ნაცვლად ჭურჭლის სარეცხი მანქანის აბები გამოიყენეთ. ის კენკრის, ჩაის, ყავის და ცხიმის ლაქებს უმკლავდება. სარეცხ მანქანაში ჭუჭყიან ნივთებს ორი აბი დაუმატეთ და 40 გრადუსზე გარეცხეთ. როგორც დიასახლისები ამბობენ, თეთრეული სუფთა, რბილი და ახალი ხდება. თავად დოლურაც იწმინდება.

აბებით ოფლის ლაქებსაც მოიშორებთ. ღრმა თასში 2 ლ ცხელი წყალი ჩაასხით, აბები დაფშვენით და გახსენით, შემდეგ ჭუჭყიანი ტანსაცმელი ჩაალბეთ. 5 წუთის შემდეგ პრობლემური ადგილები გახეხეთ და კიდევ ნახევარი საათით გააჩერეთ. ახლა ოფლის ლაქების ადგილი ყურადღებით დაათვალიერეთ. თუ გაღიავდა, მაგრამ ბოლომდე არ გაქრა, სარეცხი საპნით გარეცხეთ, შემდეგ წყალი გაავლეთ და გააშრეთ. ასეთი პროცედურის შემდეგ სასიამოვნო ბონუსია ნივთის ახალი ფერი (აქტუალურია, თუ ტარებით გაცვეთილი არაა).

5. სარეცხი საპონი თეთრ ნივთებს გადაარჩენს

ალბათ, გქონიათ შემთხვევა, როცა  სარეცხ მანქანაში თეთრ ნივთებთან ერთად წითელი წინდა ან ვარდისფერი საცვალი შეგყვათ. ბუნებრივია, ასეთი გარეცხვის შემდეგ ტანსაცმელი ახალ და მოულოდნელ ფერს მიიღებს. საბედნიეროდ, პრობლემის მოგვარება შესაძლებელია.

1–ელი ვარიანტი: დაზიანებული ნივთი მათეთრებლის სუსტ ხსნარში 15 წუთით გააჩერეთ, შემდეგ თბილ წყალში გარეცხეთ. პროცედურა გაიმეორეთ, თუ სასურველი შედეგი ვერ მიიღეთ. მე–2 ვარიანტი: სარეცხი საპონი გახეხეთ, ცხელ წყალში გახსენით, გაგრილებას დაელოდეთ და 1 დღით ჩაალბეთ. ვადის გასვლის შემდეგ ისევ სარეცხი საპნით გარეცხეთ და რამდენიმე საათით გააჩერეთ, შემდეგ სარეცხ მანქანაში გარეცხეთ. თეთრი ნივთებისთვის განკუთვნილი სარეცხი ფხვნილი და „ბამბის“ რეჟიმი გამოიყენეთ.

6. ლეიბი რეზინიანი თეთრეულის გასაუთავებლად

ბევრი დიასახლისის კიდევ ერთი ტკივილი რეზინიანი თეთრეულია. როგორც არ უნდა სცადოთ, მაინც უფორმო გუნდა გამოვა. ხრიკი: გამშრალი თეთრეული ლეიბს გადააკარით და პირდაპირ ლოგინზე გააუთოვეთ. ცენტრიდან დაიწყეთ და წრიულად იმოძრავეთ.

კიდევ ერთი ვარიანტი: თეთრეული ერთ კუთხეში ოთხად გაკეცეთ, შემდეგ ამ მხრიდან საუთაო დაფის კუთხეს ჩამოაცვით. ნაკეცები ხელით გაშალეთ და თეთრეული დააუთოვეთ. მოქმედება რამდენჯერმე გაიმეორეთ. ასე რეზინის უშნო ნაკეცებს თავს აარიდებთ.

7. საკიდი ტანსაცმლის საშრობად

პატარა ბინის მფლობელებმა იციან, როგორი რთულია ნივთების გასაშრობად ადგილის პოვნა. თუ დიდი თეთრეული მხოლოდ აივანზე თოკზე ან, უკიდურეს შემთხვევაში, დივანზე შეგიძლიათ გადაკიდოთ, უბრალო ტანსაცმლისთვის მაგარი ხრიკი არსებობს. პირდაპირ საკიდზე გააშრეთ. პირველ რიგში, სივრცის დასაზოგად კარგი მეთოდია, მეორეც, მყისიერად დაუთოვდება და უთოს გამოყენება არ მოგიწევთ. ასე მინიმუმი ძალისხმევით მზა ტანსაცმელს მიიღებთ.

8. სწორი ტემპერატურა კაფსულებით რეცხვისას

ზოგჯერ სარეცხი კაფსულა წყალში გახსნას ვერ ასწრებს და ნივთებს ეკვრის. ამის თავიდან ასაცილებლად კაფსულა არა ტანსაცმლის ზემოთ, არამედ დოლურის ძირში დადეთ. ასე წყალთან კონტაქტში სწრაფად შევა. ყურადღება მიაქციეთ, რომ 30-40 გრადუსზე არ გაიხსნება. მინიმალური ტემპერატურა 60 გრადუსი უნდა იყოს, ამიტომ კაფსულები დელიკატურ ან სხვა მსგავს რეჟიმზე არ გამოგადგებათ.