
ნივთებს წლების განმავლობაში ვინახავთ ისე, როგორც ვფიქრობთ, რომ სწორია. მოგვიანებით ვერ ვხვდებით, რატომ ცვდება ნივთი ძალიან სწრაფად. Novate გიამბობთ რატომ არის ცუდი გამოსავალი საკიდი და არა მხოლოდ. გიზიარებთ ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს ნივთების შენახვის შესახებ.
1. ტანსაცმელი ღია საკიდზე
ასეთი გადაწყვეტილება ინტერიერში მოდურად და სუფთად რომ გამოიყურებოდეს, სახლში იდეალური წესრიგი უნდა დაიცვათ. ეს ყველას არ შეუძლია. ღია საკიდის წინააღმდეგ მთავარი არგუმენტი – მტვერი. მრავალი შეფასება ადასტურებს, რომ ამ მეთოდით შენახული ტანსაცმელი მტვერს, ცხოველის ბეწვს და სხვა წვრილ ჭუჭყს მაგნიტივით იზიდავს. პლასტმასის შალითა შეიძინეთ სეზონური ტანსაცმელისა და ნივთისთვის, რომელთაც იშვიათად იცვამთ, ვინაიდან საკიდზე მხრებთან მტვერი ქსოვილს პირდაპირ ჭამს. ამრიგად, დახურულ კარადაში ტანსაცმლის შენახვა კვლავ მთავარი არჩევანია.
2. ფოტოები მუყაოს ყუთში
ბევრმა ადამიანმა არ იცის, სად წაიღოს ასობით ძველი ფოტო, ამიტომ ხელმისაწვდომ და პირობითად უფასო ფეხსაცმლის ყუთში ინახავს. ეს საიმედო არაა: მუყაო ნებისმიერ მიკროსკოპულ ტენიანობას ატარებს, რის გამოც ფოტოქაღალდი ყვითლდება და უფერულდება. ჰერმენტული შეფუთვა საუკეთესო გამოსავალია (მაგალითად, პლასტმასის კონტეინერი თავსახურით). ძველი ქაღალდის ფოტოები სინათლისა და სითბოსგან შორს უნდა შეინახოთ.
3. სანელებლები ღია თაროზე
მინის ქილებში ფერადი სანელებლები ძალიან ეფექტურად და ევროპულად გამოიყურება. სანელებლებმა არომატი და გემო რომ შეინარჩუნოს, ბნელ, გრილ და მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას შეინახეთ. ღუმელს მოაშორეთ! უკეთესია, თუ სანელებლებს მინის ქილებში და დახურულ კარადაში შეინახავთ. ასე ვადის გასვლიდან კიდევ 6 თვე გემსახურებათ.
4. ჯემპრი და სვიტერი საკიდზე
ტრადიციული უღელა–საკიდი ნაქსოვი და ტრიკოტაჟის ტანსაცმლის ნორმალური მდგომარეობის მკვლელია. საკიდი ტანსაცმლის ფორმას სწრაფად ცვლის. გირჩევთ, ლამაზად დაკეცოთ და თაროზე შეინახოთ.
5. შვაბრა საცმით, რომელიც აბაზანაში იატაკზე დევს
სააბაზანო ოთახის ტენიანობის გავლენით შვაბრის ბოჭკოებზე შეიძლება განვითარდეს ობი. გარდა ამისა, ოთახში შეიძლება გაჩნდეს სინესტის სუნი, რომლის მოშორებაც რთულია. ყოველი გამოყენების შემდეგ საცმი აუცილებლად გარეცხეთ, შემდეგ მშრალ ოთახში დაკიდულ მდგომარეობაში გააშრეთ.
6. სახელურზე დაკიდული ჩანთები
ჩანთების სახელურებით დაკიდება რეკომენდებული არაა. ასეთი მიდგომით როგორც ხელოვნური ტყავის, ასევე ტყავის სახელურები სწრაფად სკდება. თავად ჩანთაც დროთა განმავლობაში დეფორმირდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ჩანთიდან ნივთებს არ იღებთ და ისე ინახავთ. ჩანთები (ნივთებით ან მის გარეშე) კარადაში თაროზე მოათავსეთ. ასე წლები გაძლებს, ხოლო ნატურალური ტყავის შემთხვევაში ათწლეულები.
7. დანები საერთო უჯრაში
დანები, რომლებიც მუდმივად სხვა ნივთებთან ერთად საერთო უჯრაში ინახება, ბლაგვდება და ზიანდება. აქ, დანების სხვადასხვა ორგანაიზერი დაგეხმარებათ. კარგი ვარიანტი: ჰორიზონტალური ან ვერტიკალური სადგამი, სადაც დანები ერთმანეთთან შეხებისგან დაცულია.
8. მაკიაჟის ფუნჯები სააბაზანო ოთახში
ბევრი ქალი მაკიაჟს გასაგები მიზეზის გამო სააბაზანო ოთახში იკეთებს. ცხადია, რომ მაკიაჟის წასასმელად ფუნჯებს/ღრუბლებს აქვე ინახავს. ეს ცუდი გადაწყვეტილებაა! ფუნჯები და ღრუბლები სჯობს მშრალ და გრილ ადგილას შეინახოთ, სადაც ერთმანეთს არ შეეხებიან. სააბაზანო ოთახის სველ გარემოში მათზე ბაქტერიები სწრაფად დასახლდება და გამრავლდება. მსუბუქ შემთხვევაში ალერგიას ან უფრო უარესს გამოიწვევს.
9. პარფიუმერია სააბაზანო ოთახში
პარფიუმერული კომპოზიციები ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებებს და ტენიანობას ვერ იტანს. სააბაზანო ოთახში არ დატოვოთ, რადგან არომატზე ნეგატიურად იმოქმედებს. მაცივარი ან ბნელი და მშრალი ადგილი გამოგადგებათ. სხვათა შორის, სააბაზანო ოთახში სუნამოს შენახვის კიდევ ერთი მინუსი: ტენიანობის გამო კონდენსატი მინაზე გროვდება, ფლაკონი სრიალა ხდება და ხელიდან მარტივად შეიძლება გაგივარდეს და გატყდეს.
10. კბილის ჯაგრისი ნიჟარაზე
ადამიანების უმეტესობა კბილის ჯაგრისს ნიჟარასთან ახლოს ან პირდაპირ ნიჟარაზე ინახავს, მაგრამ სინამდვილეში ეს მისთვის ერთ–ერთი ცუდი ადგილია. მაღალი ტენიანობის გამო ჯაგრისზე დარჩენილი ბაქტერიები სწრაფად მრავლდება. ჯაგრისს ყოველი გამოყენების შემდეგ წყალი კარგად გაავლეთ და გააშრეთ. ნიჟარისა და უნიტაზისგან შორს შეინახეთ. მაგალითად, საძინებლის კარადაში. რთული არაა, რომ ყოველ დილა–საღამოს კბილის ჯაგრისს ხელი მოკიდოთ და სააბაზანოში გაიტანოთ.