
საყოფაცხოვრებო ქიმია ასანთის კოლოფს არ ჰგავს. ოჯახის ბიუჯეტის დიდი ნაწილი ყველა სახის საწმენდ საშუალებაზე იხარჯება. ზოგჯერ დაზოგვის სურვილით, ზოგჯერ უცოდინრობით შეცდომებს ვუშვებთ, რომლებიც ჩვენ ქონებას ანადგურებენ. Novate გიზიარებთ საყოფაცხოვრებო ქიმიის გამოყენების 13 წესს, რომელთა დახმარებით ნივთების დაზიანებას თავიდან აიცილებთ და რეცხვას და დალაგებას პოზიტიურად შეხედავთ.
1. მშრალი სარეცხი ფხვნილი რეცხვის დელიკატურ რეჟიმზე არ გამოიყენოთ
როგორც წესი, დელიკატური რეცხვა არა მხოლოდ მოკლე ციკლს და ნაკლებ ტრიალზე გაწურვას გულისხმობს, არამედ ტემპერატურაც 30° მაღალი არაა. ასე ქსოვილის ფერი და ტექსტურა არ ზიანდება, თუ ნივთს უბრალოდ განახლება სჭირდება. წყლის დაბალ ტემპერატურაზე სარეცხი ფხვნილი შეიძლება ბოლომდე არ გაიხსნას, რაც აისახება რეცხვის ხარისხსა და გამშრალ ნივთზე თეთრი ზოლების სახით. ცხადია, რომ 30° ტემპერატურაზე რეცხვისას გელი ოპტიმალურია.
მნიშვნელოვანია! თავი აარიდეთ ბალიშებს, რომელშიც გელია. პრაქტიკა აჩვენებს, რომ გარსი ბოლომდე არ იხსნება და მისი ნაწილაკები თეთრეულს ეკვრის. იმდენად საშინელი შესახედია, რომ ერთხელ (ნამდვილი ამბავი) 3 წლის ბავშვმა, რომელიც დედას დოლურიდან გარეცხილი ნივთების გამოღებაში ეხმარებოდა, მხიარულად დაიყვირა: „დედა, წინდები ავადაა! შეხედე, წვინტლები აქვს!“
2. თეთრი და ფერადი ნივთების სარეცხი ფხვნილების განსხვავება არ უგულებელყოთ
„ზოგჯერ რაც მაქვს, იმით ვრეცხავ. ყველაფერი კარგადაა“ – იტყვის დიასახლისების ნაწილი. ნამდვილად, თუ ღია ნივთებს ფერადი ქსოვილის სარეცხი ფხვნილით გარეცხავთ, ტრაგედია არ მოხდება. აი, ფერადი ტანსაცმლის გარეცხვა თეთრი და ღია ქსოვილის სარეცხი ფხვნილით, უკვე თეთრი ზოლების მიღების რისკია. ასეთ სარეცხ საშუალებას აქტიურ მათეთრებელ ნივთიერებას უმატებენ, რომ ქსოვილი რეცხვის შემდეგ არ განაცრისფერდეს. ეს აქტიური ნივთიერება ფერადი ქსოვილისთვის უსაფრთხო არაა. გაჯერებული წითელი, მწვანე, ლურჯი და შავი ფერის ქსოვილთან განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.
3. მინანქრის ზედაპირი აბრაზიული საშუალებით არავითარ შემთხვევაში გაწმინდოთ
ახალი თაობის დიასახლისები ხშირად ჩხუბობენ დედებთან, რომლებიც „პემოლუქსს“ ჯიუტად უპირატესობას ანიჭებენ. დედები ამ საშუალებით აბაზანებს, ნიჟარებს და ქურის პანელს წმენდენ. შედეგი რამდენიმე თვეში თვალსაჩინო ხდება. მაგალითად, ახალი გაზქურის ზედაპირი (კვლავ ნამდვილი ამბავი) ჰოკეის მატჩის შემდეგ სასრიალო მოედანს სწრაფად დაემსგავსა. ჯიუტი დიასახლისების არგუმენტი ასეთია: „აბა, როგორ მოვაშორო მიმწვარი ცხიმი?“ ვპასუხობთ. ნებისმიერი საშუალება, რომელიც ტუტეს ან ლიმონმჟავას შეიცავს, ჭუჭყიან ზედაპირს სპრეი დისპენსერით წაუსვით. რეაქცია რამდენიმე წუთში მოხდება. დაშლილი ცხიმი აუცილებლად რბილი ღრუბლით მოაშორეთ. რჩევა აქტუალურია ნიჟარის, აბაზანის, სანტექნიკის გაწმენდისას. კირის ნადებს ფოსფორის მჟავის შემცველი საშუალება კარგად უმკლავდება. იმედი გვაქვს, რომ ხელთათმანის გაკეთების შესახებ გახსოვთ. მოკლედ, საყოფაცხოვრებო ქიმიაში აქტიური ნივთიერების კონცენტრაცია მაღალი არაა, ასე რომ სასიკვდილოდ სახიფათო არაა, თუ წვეთი ან შხეფი კანზე მოგხვდათ.
4. რაც ნაკლები, მით უკეთესი
თუ სახლის დალაგებისას ბევრ საყოფაცხოვრებო ქიმიას ან მაღალი კონცენტრაციით იყენებთ, შეიძლება საპირისპირო შედეგი მიიღოთ. ნებისმიერი საწმენდი სითხის ნაწილი ზედაპირზე დარჩება და უფრო წებოვანს გახდის. ასე არა მხოლოდ მტვერს და ჭუჭყს მიიზიდავს, არამედ მიკრობების გასამრავლებლად გარემოს შექმნის. წაიკითხეთ, როგორ გირჩევთ მწარმოებელი საშუალების წყალში გაზავებას, შემდეგ ცოტა ნაკლები საშუალებით ხსნარი მოამზადეთ. თვალით უფრო მეტი არასდროს ჩაასხათ, რადგან არასასურველ შედეგს მიიღებთ.
5. ხის მასალა მინის საწმენდი სითხით არ გაწმინდოთ
მინის საწმენდი სითხე ბევრი სხვა ზედაპირის საწმენდად გამოდგება და ამას უკვე მიჩვეული ვართ. მისი გამოყენება ხის ზედაპირზე არ ღირს. მასში შემავალ ნივთიერებას ლაქის და ზედა ფენის დაშლა შეუძლია, ასე საფარს ანადგურებს. ხის საგანს ლაქები რომ მოაშოროთ და ბზინვარება დაუბრუნოთ, თეთრი ძმრის და მცენარეული ზეთის ნარევი მოამზადეთ.
მნიშვნელოვანია! ასეთი საშუალება თითის ცხიმიან ანაბეჭდს კარგად აშორებს, მაგრამ სმარტფონის და პლანშეტის ეკრანის გასაწმენდად არასდროს გამოიყენოთ! ამ ნარევში გამოყენებული აქტიური ქიმიური ნივთიერება მოწყობილობას გამოუსწორებელ ზიანს აყენებს.
6. სარეცხი ფხვნილი ფერმენტებით აბრეშუმის და შალის ტანსაცმლისთვის შეუფერებელია
ფერმენტების შემცველი სარეცხი ფხვნილი დელიკატური ქსოვილის გასარეცხად არ გამოიყენოთ. ამ პროდუქტებში შემავალი ფერმენტები ცილის და ცხიმის ლაქების მოსაშორებლად არის შექმნილი, თუმცა ამ ნივთიერებას არ შეუძლია ჭუჭყიანი ცილის და ქსოვილის ბოჭკოებში შემავალი ცილის გარჩევა. სწორედ ამიტომ, ასეთი ფხვნილი შალის ან აბრეშუმის ტექსტურას აზიანებს.
7. არომატულ საწმენდ საშუალებებზე უარი თქვით
ზოგიერთი საწმენდი საშუალება სხვადასხვა არომატიზატორს შეიცავს. ბევრი ამას უპირატესობას თვლის, რადგან დალაგების შემდეგ სახლი სუფთაა და კარგი სურნელი ასდის. ზოგიერთი მწარმოებელი სასიამოვნო და მდგრადი სუნისთვის ფტალატებს იყენებს. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ამ ქიმიურ ნაერთს ჯანმრთელობისთვის სახიფათო თვისებები აქვს.
8. ხალიჩაზე ლაქის მოშორება ჭურჭლის სარეცხი სითხით არ სცადოთ
ჭურჭლის სარეცხი სითხე ხალიჩას ზოგიერთ ლაქას ნამდვილად აშორებს, მაგრამ უფრო მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე სარგებელს. ბოჭკოები დარჩენილ სითხეს იწოვს და წებოვანი ხდება. ამის შემდეგ გაწმენდილი ადგილი მტვერს და წვრილ ნაგავს იზიდავს და ლაქები მეორდება. ხალიჩის გაწმენდა უფრო ხშირად მოგიწევთ.
ბონუსი ყავის მოყვარულებისთვის! ჭურჭლის სარეცხი სითხე შეუფერებელია სპილენძის ჯეზვეს გასარეცხად, რომელსაც ყავის ასადუღებლად იყენებენ. საპნიანი ხსნარი თხელ ზეთოვან საფარს აშორებს, რომელიც შიგნით წარმოიქმნება. ყავის მოყვარულები თვლიან, რომ სწორედ ის სასმელს დახვეწილ გემოს და არომატს ანიჭებს. მათი თქმით, ასეთი ჭურჭელი მხოლოდ ცხელი წყლით უნდა გაირეცხოს.
9. ანტიბაქტერიულმა სალფეთქმა შეიძლება დააზიანოს რიგი ზედაპირები, განსაკუთრებით ტყავის ავეჯი
ანტიბაქტერიული სალფეთქის გამოყენება ბევრ ზედაპირზე არ შეიძლება. საშუალება, რომელშიც სალფეთქი დასველებულია, ცუდად მოქმედებს, მაგალითად, ხის საგნებზე. ნატურალური მასალა ბზინვარებას კარგავს. სითხე დიდხანს არ შრება, ამიტომ სამუშაო ზედაპირი, ავეჯი და იატაკი შეიძლება დააზიანოს. ასეთი სალფეთქით ტყავის ნაწარმის გაწმენდა კატეგორიულად აკრძალულია: სპირტიანი ხსნარი ტყავიდან ნატურალურ ზეთს გამოდევნის, შედეგად ზედაპირი მშრალი ხდება და იბზარება.
10. ტელევიზორის და მონიტორის ეკრანები ქაღალდის სალფეთქით არ გაწმინდოთ
ქაღალდის ხელსახოცი სამზარეულოში სასარგებლო ნივთია, მაგრამ ყველა ზედაპირის გასაწმენდად არ უნდა გამოიყენოთ. სითხეს ყოველთვის კარგად არ იწოვს, ამიტომ სამუშაო ზედაპირის ან საჭრელი დაფის გასაწმენდად შეიძლება ეფექტური არ იყოს. ქაღალდის ბოჭკოები უფრო უხეშია, ვიდრე მიკროფიბრის. მყიფე ნივთების (მაგალითად, მონიტორის თხევადკრისტალური პანელი და ეკრანი) გაწმენდისას შეიძლება გაკაწროს. ძლიერი დაწოლა დისპლეიში შემავალ კრისტალებს ანადგურებს.
11. ქლორის შემცველი პროდუქტები არ მოიმარაგოთ
ბევრი საყოფაცხოვრებო ქიმია დიდხანს არ ფუჭდება, ამიტომ დიდი რაოდენობით შეგიძლიათ შეინახოთ. ეს მათეთრებელ და ქლორის შემცველ საშუალებებს არ ეხება. გახსნილი ბოთლი მაქსიმუმ 6 თვე შეინახეთ, რადგან დროთა განმავლობაში თავის სადეზინფექციო თვისებებს კარგავს. ნებისმიერი მათეთრებელი ცხელ წყალს არ ემეგობრება. მაღალი ტემპერატურა ქიმიურ ნივთიერებას ანადგურებს და ნაკლებად ეფექტურს ხდის. სწორედ ამიტომ, მათეთრებელს ცივ ან თბილ წყალს უმატებენ.
სუპერ მნიშვნელოვანია! თუ კატა ან ძაღლი გყავთ, ქლორის შემცველ საშუალებაზე საერთოდ უარი თქვით. ცხოველები მოუსვენრები არიან და ყველაფერში ცხვირის ჩაყოფა უყვართ. პესტიციდებით მოწამვლამ შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს.
12. ქლორის შემცველი საშუალება ზოგიერთი ზედაპირის საწმენდად შეუფერებელია
ასეთი საყოფაცხოვრებო ქიმია ყველა ზედაპირის საწმენდად არ გამოგადგებათ. მართალია, რომ კარგი სადეზინფექციო თვისებები აქვს და პათოგენებს კლავს, მაგრამ საკმაოდ აგრესიულია და ზოგიერთი მასალის განადგურება შეუძლია. ქლორით ფილების გაწმენდა არ ღირს, რადგან ეს ზედაპირის გაუფერულებას გამოიწვევს. ქლორი ლითონის დეტალებზეც არასასურველ რეაქციას ახდენს. უჟანგავი ფოლადი და სპილენძი ამ ნივთიერებასთან რეაქციაში შედის და ლაქები და კოროზია ვითარდება. ჟანგის მოშორება მათეთრებლით არ სცადოთ: კვალი მხოლოდ ზედაპირზე დაიფარება.
13. ჭურჭლის სარეცხი სითხე უნდა გააზავოთ
თუ ჭურჭლის გასარეცხად მაღალ კონცენტრირებულ სარეცხ სითხეს იყენებთ, შეიძლება არასასურველი ეფექტი მიიღოთ. სითხის ნაწილი ჭურჭლის ზედაპირზე რჩება, ნივთი ბზინვარებას და მიმზიდველობას კარგავს (პირველ რიგში, გამჭვირვალე ჭიქებს და ფინჯნებს ვგულისხმობთ). ყველაზე უსიამოვნოა: ქიმიკატები შეიძლება საკვებთან ერთად ორგანიზმში მოხვდეს. ჭურჭლის სარეცხი სითხე უშუალოდ დისპენსერში არ გააზავოთ. გირჩევთ, ნიჟარაში წყალი ააგროვოთ და საშუალება პირდაპირ მასში გააზავოთ. საკმარისია, 1 ლ ცხელ წყალს 1 ს/კ გელი დაუმატოთ.