
სინგაპურში, როგორც მსოფლიოში არსად, ქალაქის გასამწვანებლად მასშტაბური სამუშაოებია შესრულებული. არქიტექტორებმა ულტრათანამედროვე მაღალი შენობების და უხვი სიმწვანის ეფექტურად კომბინირება შეძლეს. მაგალითად, საოფისე ცენტრი CapitalSpring, რომლის შიგნით აღმოაჩენთ სურნელოვან ბაღებს, ხოლო სახურავზე დაგხვდებათ ობსერვატორია და „ციური“ მეურნეობა, სადაც ყველა მსურველს შეუძლია ნახოს, როგორ იზრდება მათი საყვარელი ბოსტნეული, კენკრა და ხილი.
იტალიური კომპანია Carlo Ratti Associates (CRA) და დანიური სტუდია Bjarke Ingels Group (BIG) სინგაპურში ახლახანს აშენებული ცათამბჯენის დიზაინის შესაქმნელად გაერთიანდნენ. შთამბეჭდავი 280 მეტრიანი ცათამბჯენი, სახელად Capital Spring ქალაქის ჯუნგლებში ნამდვილი ოაზისია.
CapitaLand – სინგაპურის კომპანია, რომელმაც ყველა გაგებით „მწვანე“ ცათამბჯენის მშენებლობა დაიწყო, რომ მოქალაქეებისთვის ეჩუქებინა კიდევ ერთი ღირშესანიშნაობა, რომელიც მიმზიდველია არა მხოლოდ არქიტექტურული ფორმებით და შენობის შიგნით ქალაქის პარკით, არამედ გიგანტურ მეგაპოლისში სასოფლო–სამეურნეო სამუშაოებზე დაკვირვების შესაძლებლობით. 51 სართულიანი შენობის დიდი წილი ოფისებს და საცხოვრებელ რეზიდენციებს უკავია. მის სახურავზე გაშენებულია მთელი 5 „ფერმა“, რომელიც ბაღებისა და კვლებისგან შედგება. სახურავზე მდებარეობს ობსერვატორიაც, ყველაზე მაღალი სადამკვირვებლო მოედანი სინგაპურში, „მწვანე ოაზისი“ დასასვენებლად და სავარჯიშოდ.
ცათამბჯენში მოწყობილია სპირალური „ბოტანიკური სანაპირო“, სადაც ოფისის თანამშრომლებს, ბინების მფლობელებს, ქალაქის მაცხოვრებლებს/სტუმრებს გასეირნება შეუძლიათ. საოცარი სანაპირო, რომელსაც მსოფლიოში თანასწორი ჯერ არ ყავს, 17-დან 20 დონემდე სივრცეს იკავებს, მისი სიგრძე 35 მ–ია, რაც 11 სართულიანი შენობის სიმაღლეს შეესაბამება. „ბოტანიკური სანაპირო“ 38 ათასი მცენარის სახლი გახდა. ნამდვილ ჯუნგლებში მოაწყვეს ამფითეატრი, იოგის სადარბაზო, სავარჯიშო დარბაზები, იდეების „სახელოსნო“, სამუშაო კაფსულები, სასეირნო ბილიკები და კაფეტერია.
Novate–ს ინფორმაციით, მრავალფუნქციურ ცათამბჯენში სულ 130 სახეობის დაახლოებით 80 ათასი ცოცხალი მცენარეა დარგული, რომლებიც ამ კლიმატურ ზონაში და მაღალ დონეზე ცხოვრებისთვის ადაპტირებულია. მცენარეების შერჩევასა და დარგვაში ჩაერთო სპეციალისტების გუნდი, რომელიც ჩინეთში ჰორიზონტალურ ცათამბჯენში „ციური ბაღის“ მოწყობაში მონაწილეობდა.
სხვათა შორის, „ბოტანიკური სანაპირო“ ერთგვარი ბუფერული ზონა გახდა, რომელიც ქვედა სართულებზე მდებარე საცხოვრებელ სივრცეს (299 რეზიდენცია) და შენობის საოფისე ნაწილს ყოფს.
საოფისე სივრცის შიდა განლაგებაზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ შენობაში მდებარე ნებისმიერი კომპანიის ან ორგანიზაციის თანამშრომლებს უნიკალური შესაძლებლობა აქვთ, რომ მუშაობისას სურნელოვანი ბაღით და სინგაპურზე ხედით დატკბნენ. მათთვის გათვალისწინებულია საერთო დასასვენებელი ზონები და კვების პუნქტები, სადაც მოხვედრა ექსკურსიაზე მოსულ ვიზიტორებს არ შეუძლიათ.
პროექტის შემქმნელებმა სასიამოვნო გარემოსა და ბუნებაში მუშაობის შეგრძნების გარდა კომფორტული ტემპერატურის შესანარჩუნებლად მაქსიმალურად ბუნებრივ ვენტილაციაზეც იზრუნეს. ოფისის თანამშრომლები სუფთა ჰაერს შეუზღუდავად მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ შენობაში მოწყობილია კონდიციონერის და ჰაერის აღდგენის სისტემა, ხოლო კონდიციონერის წყალი გროვდება სპეციალურ კონტეინერებში, შემდეგ მცენარეების მოსარწყავად და ტუალეტის ჩასარეცხად გამოიყენება.
ცნობისთვის: ნებისმიერ ოფისში მომუშავე თანამშრომლისთვის ყველაზე სასიამოვნო ისაა, რომ მისთვის შესაფერისი ტემპერატურის რეჟიმი და განათება შეუძლია აირჩიოს. მობილური აპლიკაციით შეგიძლიათ ჰაერის ტემპერატურა და განათება დაარეგულიროთ, რომ სამუშაო სივრცე უფრო კომფორტული გახდეს. „ჭკვიანი“ სისტემა“ მონაცემებს აგზავნის მართვის ცენტრში, სადაც გაანალიზდება და ხალხის მოთხოვნების და მიღებული სანიტარული ნორმების შესაბამისად დამუშავდება. „მომხმარებლების გამოცდილების და სამუშაო დღის განმავლობაში ნებისმიერი სხვა ოპერაციის ოპტიმიზაცია ხელოვნური ინტელექტის (AI) ტექნოლოგიას საშუალებას მისცემს, რომ ყველა სისტემის, მათ შორის უსაფრთხოების სისტემის უფრო გამართული მუშაობა უზრუნველყოს“ – განმარტავენ გადაწყვეტილებას მშენებლობის ორგანიზატორები, რომლებიც არა მხოლოდ სინგაპურში, არამედ მსოფლიოს დიდ მეგაპოლისებში მომავლის ოფისების შექმნას ცდილობენ.
მობილური აპლიკაციით CapitalStar@Work (კომპანიის/ოფისის ყველა თანამშრომელს აქვს) შეგიძლიათ დაარეგულიროთ ჰაერის ტემპერატურა, ასევე დაჯავშნოთ საკონფერენციო დარბაზი და ვიზიტორები წინასწარ დაარეგისტრიროთ. დარეგისტრირებულ სტუმრებს შეუძლიათ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნილი QR კოდის ჩვენებით ოფისში უკონტაქტო წვდომით ისარგებლონ.
დღეისთვის ცათამბჯენის საოფისე ნაწილში დანერგილია შემდეგი ტექნოლოგიები: სახის ამოცნობის სისტემა, 5G მობილური ინტერნეტი, სწრაფი ლიფტები, რომლებიც მოძრაობისას ენერგიას გამოიმუშავებენ, რობოტი დამლაგებლები. ოფისის თანამშრომლებისთვის ხელმისაწვდომია: 4 სადგომი ელექტრომობილებისთვის (2 სადგომს 50 კვტ სწრაფი დამუხტვის მოწყობილობა აქვს) და რამდენიმე სადგომი ველოსიპედებისთვის.